სახლში სამზარეულოს დაგეგმარებისას ყველა დიასახლისს სურს კომფორტული და დახვეწილი ტექნიკისა თუ ავეჯის შერჩევა. ამ დროს დიდი ყურადღება ექცევა არა მხოლოდ ვიზუალურ მხარეს, არამედ მასალასაც, რადგან მისი თვისებები უნდა გულისხმობდეს პრაქტიკულობას, მოხერხებულობას და ხელმისაწვდომ ღირებულებას.
სამზარეულოს ზედაპირი სახლის ამ ნაწილში განსაკუთრებულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მასზე მიმდინარეობს საკვების მომზადებასთან დაკავშირებული სხვადასხვა პროცესები და აუცილებელია, რომ ის იყოს გამძლე და ხარისხიანი.
დღეს სამომხმარებლო ბაზარი გაჯერებულია ადგილობრივი და უცხოური პროდუქციის ფართო ასორტიმენტით, რომელთა შორის არჩევნის გაკეთება საკმაოდ რთულია. დიდი არჩევანი საშუალებას აძლევს მომხმარებელს, რომ აირჩიოს მასზე მორგებული მოდელი, რომელიც აკმაყოფილებს მის საჭიროებებსა და ფინანსურ მოთხოვნილებებს.
როგორია მყიდველის მოთხოვნილებები?
სამზარეულოს ზედაპირი ექვემდებარება მძიმე დატვირთვას, განსაკუთრებით მისი ინტენსიური გამოყენების შემთხვევაში. ზედაპირმა უნდა გაუძლოს წყლის წვეთებს, ცხიმს და სხვადასხვა თერმულ ეფექტებს. ამას გარდა, ხშირად საჭიროა მისი გაწმენდა, ამიტომ მდგრადი უნდა იყოს სხვადასხვა ქიმიური საწმენდი საშუალებების მიმართაც.
გამომდინარე იქიდან, რომ მწარმოებლები სამზარეულოს ზედაპირებს სხვადასხვა ფასის სეგმენტში გვთავაზობენ, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მასალა ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაციით შეიძინონ.
როგორია არჩევანის კრიტერიუმები?
სამზარეულოს ზედაპირი გარეგნულად მიმზიდველი უნდა იყოს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მასალის მახასიათებლები. მძიმე დატვირთვის გათვალისწინებით, მასალას უნდა ჰქონდეს მაღალი გამძლეობა და ხარისხი.
სამზარეულოში ხშირად იზრდება ტენიანობა ორთქლის გამოც, რომელიც თან ახლავს საჭმლის მომზადების პროცესს. მაშინაც კი, თუ თქვენ გამწოვს იყენებთ, სამზარეულოს ზედაპირის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ მასალას არ უნდა ეშინოდეს წყლისა და მაღალი ტემპერატურის.
სივრცე, სადაც საკვები მზადდება, ყოველთვის ივსება ცხიმის ან დამწვარი საკვების სხვადასხვა სასიამოვნო და უსიამოვნო სუნით. ეს ფაქტი ასევე გასათვალისწინებელია სამზარეულოს ზედაპირის მასალის არჩევისას – მან არ უნდა შეისრუტოს ეს სუნი.
სამზარეულოს ზედაპირის ფუნქციური დანიშნულება უკავშირდება ლაქების, ნაკაწრებისა და ჭუჭყის გაჩენასაც, რაც, სამწუხაროდ, გარდაუვალი პროცესია. იმისთვის, რომ ჩვენი სამზარეულოს ზედაპირი სუფთა იყოს, ხშირად ვიყენებთ ქიმიურ საშუალებებსაც, ამიტომ, კარგმა სამზარეულოს ზედაპირმა მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნოს პირვანდელი სახე და თვისებები, არ უნდა შედიოდეს რეაქციაში ქიმიურ საწმენდებთან და არ უნდა იკაწრებოდეს მარტივად.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ტემპერატურის მიმართ მდგრადობაც. ამ თვალსაზრისით, ქვა ყველაზე სასურველი მასალაა სამზარეულოს ზედაპირისთვის.
პროდუქტის არჩევისას იხელმძღვანელეთ თქვენი ინდივიდუალური სურვილებით და გემოვნებით, თუმცა არ გამოგრჩეთ თქვენივე სამზარეულოს ინტერიერის დიზაინიც, რომელსაც ზედაპირი იდეალურად უნდა შეუხამოთ.
რა უნდა გავითვალისწინოთ მასალის შერჩევის პროცესში?
ამ კითხვაზე პასუხის პოვნა საკმაოდ რთულია. თუმცა, პირველ რიგში, თქვენ უნდა შეაფასოთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები. ეს პროცესი უნდა გაიაროთ სამზარეულოს დაკომპლექტებამდე, რათა არ მოხდეს ისე, რომ შეიძინეთ საკმაოდ ძვირადღირებული ტექნიკა და ავეჯი, თუმცა გსურდეთ ბიუჯეტური ზედაპირის შერჩევა.
მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ ძვირადღირებული სამზარეულო კომპლექტი ბიუჯეტურ ზედაპირთან ერთად ქმნის კონტრასტს, რომლის დროსაც ინტერიერის დიზაინი ზარალდება.
მასალის არჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ ოთახის ზომაც. მაგალითად, ბუნებრივი ქვის სამზარეულოს ზედაპირი არ მოუხდება მინიმალისტურ სამზარეულოს, ხოლო მდიდრულ ინტერიერს ვერ შეუხამებთ პლასტმასის მასალისგან დამზადებულ ზედაპირს.
ხელოვნური ქვისგან დამზადებული ზედაპირი შეიძლება ჩაითვალოს უნივერსალურ და ყველა სახის სამზარეულოსთვის შესაფერის დიზაინად, რადგან ის გამოდგება ყველა ზომის სამზარეულოში და გამოიყურება საკმაოდ ლამაზად და ბუნებრივად.
რა სახის მასალები არსებობს და რა მახასიათებლები აქვს თითოეულ მათგანს?
თითოეულ მასალას აქვს თავისი უნიკალური თვისებები, რაც განსაზღვრავს მომხმარებლის საბოლოო არჩევანს.
მარმარილოსა და გრანიტისგან დამზადებული მოდელები მყარად და ეფექტურად გამოიყურება. ქვის ბუნებრივი თვისებები იდეალურად გადადის მზა პროდუქტებზე. ისინი არის მდგრადი წყლისა და მაღალი ტემპერატურის მიმართ.
ბუნებრივი ქვის ზედაპირის მახასიათებლები მოიცავს ფოროვან სტრუქტურას, რის გამოც მასზე დაღვრილი სითხე სწრაფად შეიწოვება და აუცილებელია, რომ ის მალევე გაწმინდოთ და გაასუფთავოთ.
კვარცის ზედაპირი მზადდება სხვადასხვა ეპოქსიდური ზეთისგან და მას ბუნებრივი მარმარილოსგან განსხვავებული, შედარებით ბიუჯეტური ღირებულება აქვს. კვარცის ზედაპირს გააჩნია ლამაზი გარეგნობა, არის პრაქტიკული და გამძლე, უძლებს საღებავისა და სხვადასხვა ქიმიური მწმენდავების ზემოქმედებას.
აკრილის მასალა შესაძლებლობას იძლევა, რომ სამზარეულოს ზედაპირი იყოს სხვადასხვა ფერისა და ზომის. ასეთი პროდუქტების განსაკუთრებული თვისებაა მათი უჩვეულო გეომეტრიული ფორმები, რომლებიც ჰარმონიულად ჯდება ინტერიერის თითქმის ყველა სტილში. გარდა ამისა, აკრილის ფურცლისგან დამზადებულ ზედაპირს აქვს მრავალი სხვა უპირატესობაც, რომელთა შორისაა ფერების დიდი არჩევანი, გამძლეობა და პრაქტიკულობა, რაც გამოიხატება იმაში, რომ აკრილის მოვლა შედარებით მარტივია. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ცხელი ტაფები, ქვაბები და ჭურჭელი არ შეიძლება განთავსდეს აკრილის ზედაპირზე, რადგან იწვევს მათ დაზიანებას და ნაკაწრებს.
ხის ზედაპირებს შეუძლიათ დაამშვენონ ნებისმიერი ინტერიერი, შეავსონ ის ბუნებრივი სითბოთი და კომფორტით. მის დასამზადებლად ხშირად მუხის ხე გამოიყენება, რომელიც ქმნის ბარიერს და ხელს უშლის მასალაში ტენიანობის შეღწევას.
კერამიკული ზედაპირი ვიზუალურად მიმზიდველი და ჰიგიენურია. ისინი ადვილად იწმინდება უხეში ქიმიური ნაერთების გამოყენების შემთხვევაშიც. მასალის სიმტკიცე, რომელიც უზრუნველყოფილია წარმოების ტექნოლოგიით, პრაქტიკულად გამორიცხავს ბზარებისა და ლაქების გაჩენას ინტენსიური გამოყენების დროსაც კი.
როგორია სამზარეულოს ზედაპირის ზომები?
ეს პარამეტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მასალის შერჩევისას. ჩვეულებრივ, ზედაპირის სიგანე 60სმ-ს არ აღემატება, მაგრამ არსებობს არასტანდარტული მოდელებიც. პატარა სამზარეულოში იყენებენ 45-50სმ სიგანის მქონე ზედაპირებსაც.
ზედაპირის სიგრძე შეიძლება განსხვავდებოდეს კომპლექტის ზომისა და ოთახის დიზაინის სტილის მიხედვით. მაგალითად, ზოგიერთ სამზარეულოში ზედაპირი ფანჯარას უერთდება ან ბარის ზედაპირზე გადადის, ამიტომ სიგრძის არჩევისას რაიმე კონკრეტული სტანდარტი არ არსებობს. სტანდარტულ ზომებშიც კი, სიგრძის მაჩვენებელი შეიძლება განსხვავდებოდეს.
როგორია სამზარეულოს ზედაპირის ღირებულება?
ზედაპირისთვის მასალის ღირებულება უამრავი ფაქტორის მიხედვით განსხვავდება და დგინდება მასალის ზომის, ფერის, ხარისხის და სხვა პარამეტრების მიხედვით.
ბუნებრივი მარმარილო, გრანიტთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მასალაა, რომლის ფასიც საქართველოში, 1კვადრატული მეტრის გათვალისწინებით, დაახლოებით 400 ლარიდან იწყება. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, გრანიტის ზედაპირი დაახლოებით 150 ლარით უფრო ძვირია, ვიდრე მარმარილო.
ხის ზედაპირის ღირებულება შედარებით ნაკლებია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის ხის სახეობაზეა დამოკიდებული. ფიჭვის ხე უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე ნაძვის და სტანდარტული ზომის ზედაპირის ფასები დაახლოებით 200 ლარიდან იწყება.
შედარებით ბიუჯეტური და იაფი კერამიკული ზედაპირია, რომლის ფასებიც დაახლოებით 50-100 ლარიდან იწყება.
რომ შევაჯამოთ, სამზარეულოს ზედაპირის არჩევისას აუცილებელია როგორც პირადი სურვილების, ასევე თქვენი ინტერიერის დიზაინის გათვალისწინებაც. ქვის ზედაპირი ჰარმონიულად გამოიყურება მხოლოდ ფართო ოთახებში, მაგრამ ხის მოდელების გამოყენება შესაძლებელია მცირე ფართობის სამზარეულოშიც. ამას გარდა, მქრქალი ზედაპირი უფრო პრაქტიკულია, ვიდრე პრიალა მოდელები. თუ არჩევანის გაკეთება გიჭირთ, დახმარებისთვის მიმართეთ ექსპერტებს, რომლებიც ზედაპირს თქვენი სამზარეულოს ინდივიდუალური მახასიათებლების მიხედვით შერჩევაში დაგეხმარებიან.