in

ნეოკლასიკური ინტერიერი ფალიაშვილის ქუჩაზე — ლალი შაშიაშვილის ნამუშევარი

პროექტი, რომელსაც დღეს გაგაცნობთ, ლალი შაშიაშვილის ნამუშევარია. ობიექტი ახალგაზრდა წყვილის საცხოვრებელი სახლია და თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, მისი საერთო ფართობი კი 180 მ2-ია.

ლალი შაშიაშვილი

ბინა თავდაპირველად მწვანე კარკასის მდგომარეობაში იყო და სამ საძინებელს, სამ სველ წერტილსა და ერთ მთლიან მისაღებ ოთახს მოიცავდა. საპროექტო დავალება სამზარეულოს იზოლირებას, მცირე ზომის კაბინეტის გამოყოფას, დამატებითი საგარდერობო სივრცის შექმნასა და საძინებელი ოთახებისთვის პრივატული სველ წერტილების მოწყობას ისახავდა მიზნად.

პროექტის ავტორის მთავარი სურვილი კედლების მინიმალური ნგრევა, გათბობის წერტილების თანაბარი გადანაწილება და პრაქტიკული, ფუნქციური და მყუდრო საცხოვრებელი სივრცის შექმნა იყო, რაც წარმატებით განხორციელდა.

ინტერიერის კონცეფციის შემუშავებისას დიდი როლი მწვანე, ხაკისფერმა ტონალობამ და ნეოკლასიკურმა ელემენტებმა ითამაშა, რაც დამკვეთის მთავარი მოთხოვნა იყო. საგულისხმოა ისიც, რომ დიზაინერისთვის შთაგონების წყარო მეპატრონის მწვანე თვალის ფერი იქცა, რამაც საბოლოო ჯამში, სახლის ხასიათი და სტილისტიკა განსაზღვრა.

გაერთიანებულ მისაღებსა და სასადილო ოთახში დახვეწილი, ელეგანტური შტრიხები ჰარმონიულად ეხამება ერთმანეთს. ძირითად ტონალობად ღია ფერთა პალიტრაა შერჩეული, აქცენტის სახით კი მწვანე ფერია შემოტანილი. ნეოკლასიკური და თანამედროვე ელემენტების ორგანულად შერწყმის შედეგად კი მდიდრული ატმოსფერო იქმნება, რომელშიც სისადავე და სიმსუბუქე იგრძნობა.

მოსასვენებელ კუთხეში მოზრდილი თეთრი ტახტი და მწვანე ორიგინალური ფორმის სავარძლები გვხვდება, რომელსაც მწვანე დეკორატიული ბალიშები და ღია ხაკისფერი ფარდა ეხამება. კედლები მოლდინგებითაა გაფორმებული, იატაკი კი ბეტონითაა მოპირკეთებული, რაც სივრცეს თანამედროვე იერსახეს სძენს. ხალიჩას, ელექტრო ბუხარსა და მიმზიდველი დიზაინის პატარა ოქროსფერ მაგიდას ინტერიერში სითბო და სიმყუდროვე შემოაქვს.

სასადილო ზონაში მოზრდილი ყავისფერი ხის მაგიდა და მომხიბვლელი დიზაინის სკამებია განთავსებული. ოთახი აქსესუარებითა და დიზაინობიექტებით არ არის გადატვირთული, ამიტომ მთავარი აქცენტი სახასიათო სტილის სანათებზე კეთდება, რომლებიც სივრცეს უფრო მრავალფეროვანსა და მდიდრულს ხდის.

განათება გამორჩეულ ადგილს იკავებს ბინაში და ყველა ზონას განსაკუთრებულ ეფექტს სძენს. მათ შორის აღსანიშნავია დერეფანში, კედლებსა და ჭერზე დამონტაჟებული დეკორატიული სანათები.

სამზარეულო საერთო სივრცისგან მინის ტიხრითაა გამოყოფილი. მწვანე ტონალობა აქაც დომინანტურ როლს თამაშობს. კედლები და სამზარეულოს ავეჯი ღია მწვანე ფერშია გადაწყვეტილი, რაც ნაზ, მშვიდ ატმოსფეროს ქმნის. ბეტონის იატაკს კი მკაცრი შტრიხები შეაქვს სივრცეში. აქვეა მოწყობილი პატარა სასადილო კუთხეც, რომელშიც ნეოკლასიკური სტილი იგრძნობა. სივრცის გასამდიდრებლად კი მომხიბვლელი დიზაინის სანათებია გამოყენებული.

მთავარ საძინებელშიც სივრცის ელეგანტურობა და მშვიდი, სასიამოვნო განწყობა მეორდება, რაც მუქი ფერების საინტერესო სინთეზით მიიღწევა. ლურჯი ტონალობა იდეალურად ერწყმის შავსა და ნაცრისფერ აქცენტებს და მიმზიდველ ინტერიერს ქმნის.

სააბაზანო ოთახები სიმყუდროვითა და სიმსუბუქით ხასიათდება. მთავარი საძინებლის სველ წერტილში აბაზანაა განთავსებული, რაც მაცხოვრებლებს კომფორტულ გარემო-პირობებს სთავაზობს. მეორე სააბაზანო ზონაში კი საშხაპეა მოწყობილი. პროექტის ავტორმა ოთახებში სადა, ნეიტრალურ ფერები შეარჩია, რათა მაქსიმალურად დახვეწილი და ელეგანტური სივრცეები მოეწყო.

ლალი შაშიაშვილის ნამუშევარი სადა და ამავე დროს მდიდრული სტილით გამოირჩევა. მთავარი ყურადღება მწვანე ტონებზე, ნეოკლასიკურ ელემენტებსა და სანათებზეა გამახვილებული. ფერების საინტერესო სინთეზით, ელეგანტური დიზაინის ავეჯითა და ზომიერების დაცვით სივრცეს დახვეწილი სახე ეძლევა, რაც მის მობინადრეებს მყუდრო და სასიამოვნო საცხოვრებელ გარემოს უქმნის.

პროექტის ავტორი: ლალი შაშიაშვილი

3D ვიზუალი: ლიკუნა ამაშუკელი

სარემონტო სამუშაოები: გოჩა ღაღანიძე

სამზარეულოს ავეჯი:  „M FACTORY“

სამზარეულოს ფილები:ვენეტო დიზაინი“

აბაზანის ფილები: „გალერეა დემასი“, „Basa Ceramica“

შემრევები: „გალერეა დემასი“, „Hansgrohe

საღებავი: „გრაფენსტოუნი“

მოლდინგები: „სტუდიო კასა“

განათება: „TR Gallery“, „ახალი ნათება“

ავეჯი: „TR gallery“, „FORUM By New Light“

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

განმეორებითობა და რიტმულობა არქიტექტურასა და დიზაინში — ინტერვიუ „SHRE Studio“-ს დამფუძნებლებთან

შეიძლება თუ არა მარილმჟავას საწმენდ საშუალებად გამოყენება?