„Forarchitects.ge“ არქიტექტორთა პროფესიული საქმიანობის საანგარიშო პლატფორმაა, რომელიც არქიტექტორებსა და პოტენციურ დამკვეთებს არქიტექტურული მომსახურების ღირებულების დადგენაში ეხმარება. პროექტის მიზანია, დაიცვას როგორც პროფესიული საზოგადოების წარმომადგენლები, ისე დამკვეთების ინტერესები და არქიტექტურული პროექტის ხარჯების შესაბამისი დიაპაზონი განსაზღვროს, რომელიც ყველა კომპონენტის გათვალისწინებით – ობიექტის ფუნქციის, პროექტის სირთულის, ფართობისა და სხვადასხვა მონაცემის მიხედვით დგინდება. „Forarchitects.ge“-ის შემქმნელების აზრით, სერვისი ქვეყანაში არქიტექტურული საქმიანობის განვითარებასა და პროფესიული მომსახურების ხარისხის ზრდას შეუწყობს ხელს.
საანგარიშო პლატფორმაზე მოცემული ფასები პროექტირების ღირებულების სარეკომენდაციო მინიმუმს ასახავს და მომხმარებელს დამატებით ინფორმაციას აწვდის იმ ფაქტორებზე, რომლებიც პროექტის ხარჯებზე ახდენს გავლენას.
საანგარიშოს შექმნის ინიციატორები საქართველოში მოქმედი პროფესიონალი არქიტექტორები არიან. პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ღირებულების გამჭვირვალობა ხელს შეუწყოს ხარისხის გაუმჯობესებას, სფეროში ჯანსაღი, კონკურენტული პროფესიული გარემოს ჩამოყალიბებასა და დამკვეთს დაუგეგმავი ხარჯებისგან დაიცავს.
პროექტის ერთ-ერთი ავტორი, ანა ბიბილაშვილი „Forarchitects.ge“-ის შექმნის პროცესსა და პროექტის მნიშვნელობაზე გვესაუბრება და აღნიშნავს, რომ თანამედროვე სამყაროში არქიტექტორის როლი და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა დღითიდღე იზრდება, შესაბამისად, აუცილებელია ბაზრის რეგულირება და მომსახურების გამჭვირვალობა, რათა ხარისხზე ორიენტირებული შედეგი მივიღოთ.
„არქიტექტორს ძალიან დიდი როლი და მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენ ადამიანის სიცოცხლეზე ვაგებთ პასუხს. თანამედროვე სამყაროში არსებული კლიმატის ცვლილებებისა და სხვადასხვა პრობლემის მატებასთან ერთად, არქიტექტორის პასუხისმგებლობაც იზრდება. შესაბამისად, აუცილებელია სწორად დაგეგმარებული, ხარისხიანი, ფუნქციური პროექტის შექმნა. ამ პროცესში არქიტექტურული ფასებისა და საქმიანობის რეგულირება, ვფიქრობთ, შედარებით მარტივი გადასაჭრელი პრობლემაა. ამიტომ, დაახლოებით ათამდე, საქართველოში მოღვაწე, გამოცდილი, პროფესიონალი არქიტექტორი ყოველკვირეულად ვიკრიბებოდით და ამ საკითხებზე ვმსჯელობდით. ამავდროულად, ასამდე არქიტექტორთან გვქონდა მუდმივი კომუნიკაცია. საბოლოოდ, საერთო დაკვირვებების შედეგად, წამყვანი ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობითა და რაც მთავარია, ქართული კონტექსტის, ჩვენი ქვეყნის რეალობის გათვალისწინებით, შევადგინეთ კომპლექსური ფორმულა, რომელიც დამკვეთებს და არქიტექტორებს სრულიად გამჭვირვალე, ხელმისაწვდომ მომსახურებას სთავაზობს და ბაზრის განვითარებას, ხარისხის ზრდასა და მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად“.
როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ვებ-გვერდი საკმაოდ მარტივი გამოსაყენებელია და მისი სარგებლობა ნებისმიერ ადამიანს, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლია. საანგარიშო ფორმულაში გამოკვეთილია ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც არქიტექტურული პროექტის სირთულესა და მომსახურების ღირებულებას განსაზღვრავს. მათ შორის, გათვალისწინებულია შენობის სირთულე (კატეგორიების მიხედვით); მომსახურების ტიპი (ახალი, რეკონსტრუქცია, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი); საპროექტო არეალი (რეგულირების ზომები). თითოეულ კომპონენტს ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი აქვს მინიჭებული, ამ ფაქტორების მიხედვით კი კომპლექსური ფორმულა დაახლოებით, სარეკომენდაციო ღირებულებას სთავაზობს მომხმარებელს.
გარდა ამისა, არსებობს ფასის განმსაზღვრელი ფაქტორი, რომელიც ინდივიდუალურად ანგარიშდება და არქიტექტორსა და პროექტზეა დამოკიდებული. აღნიშნული ფაქტორი საანგარიშო პლატფორმაზე პირობით კოეფიციენტადაა მოაზრებული, რომელსაც არქიტექტორი საკუთარი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად ადგენს.
„ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ეს საიტი ხელმისაწვდომი და ადვილი გამოსაყენებელია. იმის გამო, რომ პროექტის სირთულეზე არაერთი ფაქტორი ახდენს გავლენას, მომხმარებელი ავსებს სპეციალურ ფორმას და შენობის ყველა მონაცემს უთითებს — ფართობს, მდებარეობას, ფუნქციას, სტატუსს. რაც გარკვეულწილად, ცნობიერების ამაღლებასაც ემსახურება, რადგან საზოგადოებას არქიტექტურული მომსახურებისა და ფუნქციების შესახებ სწორი წარმოდგენა ექმნება. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, კომპლექსური ფორმულა ავტომატურად დაიანგარიშებს არქიტექტურული პროექტის მომსახურების ღირებულებას. საანგარიშო პლატფორმაზე პროცენტებადაა წარმოდგენილი საპროექტო მომსახურების ოთხი განსხვავებული სტადია, რაც უფრო გამჭვირვალეს ხდის პროცესს. სერვისი კი ორივე მხარისთვის — დამკვეთებისა და არქიტექტორთათვის ძალიან მოსახერხებელია, რადგან მათ სწრაფად და მარტივად შეუძლიათ არქიტექტურული მომსახურების დაახლოებითი ფასის დადგენა“, — ამბობს ჩვენთან საუბრისას ანა ბიბილაშვილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ საანგარიშო პლატფორმაზე სათანადო მონაცემების შეყვანის შემდეგ, შესაძლებელია კომერციული წინადადების ავტომატური გენერირება (ჩამოტვირთვა pdf ფორმატში) და ოფიციალური დოკუმენტის შესაბამისი პირისთვის გაგზავნა, რაც მომსახურებას უფრო კომფორტულს ხდის.
პროექტის ავტორები ვებ-გვერდის განვითარებას, დახვეწასა და მომსახურების გაფართოებას გეგმავენ და ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობენ.
„მომავალში, ვფიქრობთ, უფრო კომპლექსური გავხადოთ სერვისი და მომიჯნავე სფეროები, მათ შორის ლანდშაფტის დიზაინიც მოვიცვათ. ამჟამად, ქალაქგეგმარებთ ნაწილზე ვმუშაობთ და მალე ეს მიმართულებაც ხელმისაწვდომი გახდება. ვცდილობთ, მაქსიმალურად გამჭვირვალე და კომფორტული იყოს პლატფორმა, რათა ჯანსაღი და ხარისხიანი ბაზრის განვითარებას შევუწყოთ ხელი“, — ანა ბიბილაშვილი.