in

სივრცეში გაცოცხლებული ისტორია — ინტერვიუ „Material Editors“-ის დამფუძნებლებთან

ისტორიის, ტრადიციის, გარემოსა და კონტექსტის გათვალისწინება, თითოეულ ნამუშევარში კი მასალის, ფერისა და ემოციის ჰარმონიული სინთეზი — ეს ის მთავარი ელემენტებია, რომლებითაც არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტუდია „Material Editors“-ი ხასიათდება. „Material Editors“-სი საკუთარი შემოქმედებით არქიტექტურისა და დიზაინის გამოხატვას ორიგინალური ხერხით ცდილობს და ყოველი პროექტით გარკვეულ ამბავს მოგვითხრობს. დღევანდელ სტატიაში სტუდიის დამფუძნებლები ­— მარიამ გვაზავა და ანა გრიგოლია საკუთარ ხედვაზე, მიდგომებსა და მუშაობის ფილოსოფიაზე მსჯელობენ და საინტერესო თავგადასავალს გულწრფელად  გვიზიარებენ.

გვიამბეთ თქვენი ბავშვობის შესახებ, იქონია თუ არა გავლენა თქვენს პროფესიაზე გარემომ, რომელშიც იზრდებოდით?

ანა გრიგოლია  — შეიძლება ითქვას, რომ კონტრასტული ინტერესების მქონე გარემოში ვიზრდებოდი. ჩემი პროგრამისტი მშობლების სამყარო მათემატიკის და ლოგიკის ირგვლივ ტრიალებდა. თითოეული ყოფითი გადაწყვეტილება ანალიტიკურად, გაანგარიშებით და სისტემურად წყდებოდა. მეორე მხრივ, ჩემზე დიდ გავლენას ახდენდა მოქანდაკე ბიძა, რომელსაც საათობით ვაკვირდებოდი, თუ როგორ აკეთებდა ესკიზებს თავის შავ ბლოკნოტში. სწორედ მან ჩამინერგა თავდაჯერებულობა იმისა, რომ განსაკუთრებული ხედვა მქონდა. მისი ხელსაწყოების, ფარგლების, სახაზავების და აკვარელების თვალიერება ჩემთვის ზღაპრული სამყარო იყო. ღრმა 90-იანებში, ახალ გამოსულ “ფოტოშოპში” ილუსტრაციებს აწყობდა, ობიექტებს ჭრიდა, აქრობდა, აკერებდა… გაოგნებული ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ეს თამაში მეც მინდოდა! მგონია გამიმართლა, რომ დღემდე მომყვება ეს ბავშვური ენთუზიაზმი, რომლის დახმარებითაც ჩემს საქმეს ხშირად თამაშად აღვიქვამ.

მარიამ გვაზავა  — ჩემ შემთხვევაში პროფესიის შერჩევისას ყველაზე დიდი როლი ალბათ ოჯახმა ითამაშა. ბაბუა და დედა არქიტექტორები არიან. ხუთი შვილიშვილიდან, როგორც ყველაზე უმცროსი და “ბოლო იმედი”, ბაბუა ბავშვობიდანვე ცდილობდა ამ სფეროსადმი ინტერესი გამჩენოდა. მიყვებოდა საკუთარი პროექტების შესახებ, მატარებდა თეატრში, გამოფენებზე, მის ხელოვან მეგობრებთან სტუმრად. მახსოვს მისი სახელოსნოს ისტორიები, არქიტექტურული და სახელოვნებო სფეროს საზოგადოების შეკრებები. ძალიან მიყვარდა მისი მოგზაურობების ისტორიების მოსმენა ამერიკის, იაპონიისა და ინდოეთის შესახებ, სადაც არაერთ უნივერსიტეტში ასწავლიდა და მათ გამოცდილებას მიზიარებდა. დედაც არქიტექტურათმცოდნეა, ისიც ცდილობდა, არქიტექტურისა და ხელოვნების მიმართულებით განსაკუთრებული განათლება მიმეღო. ვფიქრობ, ამ სამყაროში გაზრდა  იდენტობისა და მსოფლმხედველობის განუყოფელი ნაწილია, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ჩემს პიროვნებაზე.

House in Agaraki

როგორ შეარჩიეთ პროფესია და სად მიიღეთ განათლება? 

მარიამ გვაზავა  — პროფესიის არჩევაზე ფიქრი სკოლის დამთავრებისას დავიწყე. ყოველთვის ბევრი ინტერესი მქონდა და გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა, მუდმივად ძიების პროცესში ვიყავი. საბოლოოდ მივხვდი, რომ არქიტექტურა მხოლოდ შენობის დაპროექტება არ იყო. ის იმდენად მრავალფეროვანი სფეროა, რომ მხოლოდ ერთ, კონკრეტულ მიმართულებას არ მოიცავს და საჭირო ტექნიკური განათლებით თავისუფლადაა შესაძლებელი ხელოვნების ნებისმიერ დარგში საქმიანობა. ამიტომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, შემდეგ კი მადრიდის ტექნიკურ უნივერსიტეტში გავაგრძელე სწავლა. ამჟამად მაგისტრის ხარისხს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიცავ.

ანა გრიგოლია — ხშირად ამბობენ, რომ 18 წლის ასაკში პროფესიის არჩევა ნაადრევია, მაგრამ ვფიქრობ, იღბლიანი ვარ, რადგან 12-13 წლისამ თითქოს ძალიან ბუნებრივი გადაწყვეტილება მივიღე და  ჩემი ტექნიკური და შემოქმედებითი ინტერესების საუკეთესო გაერთიანება არქიტექტურაში ვიპოვე. მარიამისგან განსხვავებით, არქიტექტურაზე საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა და ეს არჩევანიც უფრო ინტუიციური იყო. საბაკალავრო საფეხურზე სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარე და  მალევე დავრწმუნდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. არქიტექტურა მრავალმხრივი პროფესიაა, სადაც არქიტექტორის როლი სხვადასხვა დისციპლინების დაკავშირება და გაერთიანებაა. შემდეგ, მაგისტრატურაზე ლანდშაფტის არქიტექტურა ვისწავლე, რადგან მინდოდა ჩემი პროფესია უფრო მრავალფეროვანი გამეხადა.

House in Dighomi

გვიამბეთ როგორ განვითარდა თქვენი კარიერული გზა?

მარიამ გვაზავა  — პრაქტიკული გამოცდილების მიღება უნივერსიტეტში ჩაბარებიდან მალევე დავიწყე. პირველ კურსზე ფლორენციაში, ერთ-ერთ ვორქშოპზე გავიცანი გიორგი მაისურაძე. მასთან, ელენე მაჩაიძესა და ანა გულისაშვილთან ერთად დავაარსეთ  „არქიტექტურული ფორუმი“, რომლის მიზანი ჩვენს სფეროში ახალგაზრდების გაერთიანება და მათი ცნობიერების ამაღლება იყო. 2014 წელს საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობდა ადგილობრივი კონკურსები თუ სივრცე, სადაც არქიტექტურაზე ვისაუბრებდით, გავუზიარებდით ერთმანეთს გამოცდილებას და უბრალოდ ერთმანეთს გავიცნობდით. ფორუმის პირველ ღონისძიებაზე ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, ჩატარდა ქართველი და უცხოელი არქიტექტორების ლექციები, განათების ინსტალაციის თემის ფარგლებში კი 20-მდე ნამუშევარი გამოვლინდა. გამომსვლელებიდან ერთ-ერთი დიმიტრი (დუკა) შაფაქიძე და ირაკლი აბაშიძე იყვნენ, ყოველთვის მომწონდა მათი სტუდია, ამიტომ გადავწყვიტე პირდაპირ მივსულიყავი და სტაჟირება მათთან გამევლო. შემდეგ სცენის დიზაინერ იკა ავალიანთან ვიმუშავე კარმენის ოპერის დიზაინზე, რაც ძალიან საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა. საკუთარი ინტერესები ძიების პროცესში, ინტერიერის და პროდუქტის დიზაინის განხრით, „Rooms Studio”-ში გავაგრძელე საქმიანობა, სადაც  ინტერიერის დიზაინის სფეროს პირველად გავეცანი. მადრიდში სწავლის გაგრძელებამდე კი „MUA”-ს გუნდს შევუერთდი, სადაც, ალბათ, ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი გამოცდილება და ცოდნა დავაგროვე. მადრიდიდან დაბრუნების შემდეგ უკვე ზუსტად ვიცოდი რა მინდოდა და 2019 წელს, ანასთან ერთად სტუდიის დაარსება გადავწყვიტე.

ანა გრიგოლია — ჩემი კარიერა 2011 წელს „ქალაქ პროექტში“ სტაჟირებით დაიწყო, რომელსაც მანუჩარ მახათაზე ხელმძღვანელობდა. მაშინ სასტუმრო ამბასადორის პროექტზე მუშაობდნენ, სადაც ჩემი პირველი დავალება  — ორნამენტული მოაჯირის დახაზვა იყო. სწორედ ამ პატარა დავალებით ვიგრძენი ის საოცარი ენერგია („დრაივი“), რომელსაც შენ მიერ შექმნილი გაცოცხლებული ნახაზი განიჭებს. შემდეგ არქიტექტურულ და ლანდშაფტის პროექტების კერძო დაკვეთებზე ვმუშაობდი. ჩემს კარიერაში გარდამტეხი მომენტი „MUA“-ს უკავშირდება, სადაც უდიდესი გამოცდილება და ცოდნა მივიღე. რაც მთავარია, მათ  თავდაჯერებულობა და მოტივაცია მომცეს. სწორედ აქ გავიცანი მარიამიც და მას შემდეგ ჩვენი პროფესიული გზა განუყრელად გრძელდება.

Volvo

საიდან და როდის გაჩნდა „Material Editors“ის შექმნის იდეა? 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთმანეთი „MUA“-ში ყოფნისას გავიცანით. რამდენიმე პროექტზე ვიმუშავეთ ერთად, ჩვენი ხედვა, გემოვნება, იდეები იმდენად ემთხვეოდა, კონცეფციაზე საუბრისას ერთმანეთის წინადადებებს ვამთავრებდით. ეს უწყვეტი სინერგია ძალიან შესამჩნევი იყო და ვხვდებოდით, რომ ჩვენი იდეები არამარტო ემთხვეოდა, არამედ ავსებდა კიდეც ერთმანეთს, რაც მუშაობას ძალიან სასიამოვნოს, საინტერესოსა და პროდუქტიულს ხდიდა. მარიამის მადრიდიდან დაბრუნების შემდეგ მივხვდით, რომ ორივეს საერთო მიზნები და მისწრაფებები გვქონდა. ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვერისკა და სტუდია დაგვეარსებინა, რომლის კონცეფციასა და მიზნებზე საუბრისას მალევე მოვიფიქრეთ სახელიც. რა არის ჩვენთვის დიზაინი და არქიტექტურა? რა ინსტრუმენტებით შეიძლება პროგრესული მიდგომების მიღწევა? ისტორია, ტრადიცია, კონტექსტი, მდგრადობა, მასალა, ფერი და ემოცია  — ეს ის ფუნდამენტური ელემენტებია, რომლებსაც ყველა პროექტში ვიყენებთ. სწორედ ამ პრინციპებისადმი ერთგულებამ შთაგვაგონა სახელი “Material Editors”-იც.

Redbull
Cushman&Wakefield Office Lobby

როგორი იყო „Material Editors“-ის პირველი ნაბიჯები და რა სირთულეები შეგხვდათ ამ პროცესში?

სიმართლე გითხრათ, დასაწყისში პროექტების ძიება სირთულეს არ წარმოადგენდა. პირველი პროექტი სარეკლამო კომპანია „Betterfly  DDB”-ს ოფისი იყო, შემდეგ პატარა სასტუმრო გავაკეთეთ ძველ თბილისში… ყველაზე დიდი გამოწვევა ერევანში ოფისის ინტერიერის დიზაინზე მუშაობა აღმოჩნდა, რომელიც პანდემიის გამო დისტანციურად უნდა გაგვეკეთებინა. სტუდიის დაარსებიდან 3 თვეში პანდემია დაიწყო და განცალკევებულად, სახლებიდან გვიწევდა საკმაოდ მასშტაბური საერთაშორისო პროექტის შესრულება. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო გლობალურ კრიზისს ებრძოდა და ფაქტობრივად ყველაფერი გაჩერებული იყო, ჩვენ თავდაუზოგავად ვშრომობდით და სტუდიის პორტფოლიოს გაზრდას ვცდილობდით. ერთი წლის შემდეგ პირველი არქიტექტურული ობიექტი ავიღეთ და ამის შემდეგ შეუჩერებლად ვმუშაობთ როგორც არქიტექტურულ, ისე ინტერიერის დიზაინის პროექტებზე.

Betterfly  DDB

როგორია Material Editorsის მუშაობის ფილოსოფია, რა არის მთავარი ამ პროცესში და რისგან იღებთ შთაგონებას?

ჩვენთვის “Material Editors”-ი ერთგვარი “თავშესაფარია”, სადაც დამკვეთსა და გუნდს შორის ჰარმონია უმნიშვნელოვანესია. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს. ოფისში გუნდურად ვმუშაობთ და თითოეული წევრის მოსაზრებას ვაფასებთ. მთავარ აქცენტს ყოველთვის საფუძვლიან წინასაპროექტო კვლევაზე ვაკეთებთ. ვეცნობით კლიენტის მოთხოვნებს, გამოვყოფთ დამახასიათებელ და მთავარ ელემენტებს, განვსაზღვრავთ, რისი თქმა გვსურს თითოეული ელემენტით და რატომ. კონკრეტულად რთულია დავასახელოთ თუ რისგან ვიღებთ შთაგონებას, რადგან ის მრავალი წყაროდან და გამოცდილებიდან მოდის. ინსპირაცია სხვადასხვა ფაქტორების კომპლექსური ურთიერთქმედების შედეგია. ეს ფაქტორები კი არქიტექტურის მიმართ გატაცებას, გუნდურ გამოცდილებაზე დაყრდნობას და შემოქმედებითი საზღვრების გადალახვას მოიცავს. პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაც ხშირად გამხდარა შთაგონების წყარო, რაც ინოვაციური გადაწყვეტილებებისკენ გვიბიძგებს.

OSF Office Yerevan

როგორ დაახასიათებდით  „Material Editors“ის ნამუშევრებს?

„Material Editors“-ის  იდეოლოგია მარტივია – ნებისმიერ პროექტს ისე ვუდგებით, როგორც სივრცეში უკვე არსებულ რეალურ ისტორიას. სხვადასხვა არქიტექტურული ელემენტის საშუალებით კი ამ ამბის ამოცნობას, მოყოლას და მისთვის ხორცის შესხმას ვცდილობთ. ძალიან გვიყვარს ძველ ობიექტებზე მუშაობა, მათთვის ახალი დანიშნულებისა და სიცოცხლის მინიჭება ისე, რომ მათი წინა ცხოვრებაც არ დაიკარგოს. ვცდილობთ, ერთი კონკრეტული სტილის ქვეშ არ მოვექცეთ. ყველა პროექტს ინდივიდუალურად ვუდგებით და ამ დროს პრიორიტეტი ობიექტი და მისი საჭიროებები ხდება.

რომელ პროექტებს გამოარჩევდით?

რთულია ერთი კონკრეტული ობიექტის გამორჩევა, ყველა თავისებურად უნიკალური და ჩვენთვის საინტერესო სამუშაო იყო. თუმცა, ალბათ, მაინც  საზოგადოებრივ და კომერციული დანიშნულების პროექტებს გამოვარჩევდით —  „კერამიკული კომბინატის ქარხნის“ რეკონსტრუქციას, „ფერაძის ღვინის ქარხანას“, „ქორდ ბრანჩ&ბარს“. ასევე, სხვადასხვა საინტერესო კომპანიის ოფისებს. ეს ის ობიექტებია, სადაც  მეტად გვქონდა საშუალება, მაქსიმალურად გამოგვეხატა ჩვენი ხედვა და ინდივიდუალიზმი შეგვეტანა თითოეულ მათგანში.

Ceramic Factory Combinat

რას იტყოდით ქართულ არქიტექტურულ და დიზაინ სივრცეზე, რა გამოწვევების წინაშე დგას და განვითარების რა ეტაპზეა ის დღეს?

დღეს ქართული არქიტექტურა ჯერ კიდევ თვითდამკვიდრების ეტაპზეა. რა თქმა უნდა, წინა ათწლეულებთან შედარებით, პროგრესი იგრძნობა, მაგრამ ის ნელი და ქაოსურია. რეალობა თითქოს ორ სრულიად განსხვავებულ ნაწილად იყოფა – დეველოპერების მიერ დაპყრობილი ქალაქები, რომელთა მიზანიც შუშის მონსტრების შემოსევა და ქვეყნის „გათანამედროვებაა“ „უცხოელი“ არქიტექტორების საშუალებით. მეორე მხარეს კი ქართული არქიტექტურის პარადიგმის შემუშავება და ქართველი არქიტექტორების მიერ მისი დამკვიდრება დგას.

რა არის ქართული არქიტექტურა? ვფიქრობთ, რომ ეს კითხვა ჯერჯერობით ნაადრევია და ახლა ამ პასუხის ძიებაში ვართ. საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპია ქვეყნისთვის და ყველა იმ მოქმედი არქიტექტორისთვის, რომლებიც მის განსაზღვრაში იღებენ მონაწილეობას.

ქართული არქიტექტურის და დიზაინის უკეთ დასახასიათებლად რამდენიმე მიმდინარე პროცესზე გავამახვილებდით ყურადღებას — ძველი ქართული ტრადიციული არქიტექტურის გააზრებით, კვლევების ჩატარებით და მისი სიღრმისეული შესწავლით, შესაძლებელია თანამედროვე ქართული არქიტექტურის ნათელი სტილისტიკის და მახასიათებლების ჩამოყალიბება. შემდეგ კი მდგრადი და ახლებური მიდგომებით, მისი თანამედროვე სივრცეში ინტეგრაცია. ვფიქრობთ, აუცილებელია საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა უსახური მიტოვებული შენობების “გაღვიძება”, მათთვის ახალი დანიშნულების მინიჭება და ინოვაციური ტრანსფორმაცია.

ბოლოს კი,  ყველაზე ფაქიზი და საპასუხისმგებლო საკითხი, მსოფლიო არქიტექტურულ პლატფორმაზე გაჭრასა და ქართულ რეალობას შორის ბალანსის დაცვა გვგონია.

Winery in Armazi

როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიცვალა ინტერიერის დიზაინის მიმართ დამოკიდებულება?

ინტერიერის დიზაინზე მოთხოვნა ძალიან დიდია და ის ყოველწლიურად  იზრდება. კონკურენციამაც იმატა და ბაზარზე ბევრი კარგი, ახალი ინტერიერის დიზაინის სტუდიაა გამოჩენილი. შესაბამისად, ინდუსტრიის ხარისხიც უმჯობესდება. მეტი ინოვაცია და ორიგინალურობა არის საჭირო იმისათვის, რომ განსხვავებული და ახალი პროექტი შექმნა. საზოგადოებაშიც ამაღლებულია ცნობიერება. მომხმარებელი იაზრებს, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარემო და დიზაინი ჩვენს ცხოვრებასა თუ ბიზნესში

თქვენი აზრით, რა მიზანს ემსახურება არქიტექტურისა და დიზაინის სფერო თანამედროვე სამყაროში?

თანამედროვე სამყაროში დიზაინის როლი ესთეტიკასა და ფუნქციურობას სცდება. მისი მთავარი მიზანია, უპასუხოს კითხვას — „რატომ?“  ჩვენ არ ვქმნით მხოლოდ სტრუქტურას, ჩვენ ვქმნით ადამიანების გამოცდილებას და ამ გამოცდილების გამდიდრებას ვემსახურებით.  არქიტექტორმა ყოველ ნაბიჯზე უნდა დასვას კითხვა, რატომ აკეთებს ამას და უნდა დარწმუნდეს, რომ თითოეული ელემენტი თუ გადაწყვეტილება მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება. დიზაინის ფუნქციაა, ხელი შეუწყოს ადამიანის ბუნებრივ გარემოსთან, კულტურასთან, ისტორიასთან და საკუთარ ემოციებთან კავშირს.  არქიტექტურა კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისეთი საკითხების მოგვარებაში, როგორიცაა ენერგოეფექტურობა, ნარჩენების შემცირება და რესურსების კონსერვაცია. ჩვენი პასუხისმგებლობაა, მინიმუმამდე დავიყვანოთ გარემოზე ზემოქმედება და სწრაფად ცვალებად სამყაროში მუდმივად ადაპტირებადი პირობები შევქმნათ.

Cord Brunch&Bar

დაბოლოს, გვიამბეთ მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე

მიმდინარე საკმაოდ ბევრი განსხვავებული პროექტი გვაქვს. „Material Editors”-ის მიზანია, უფრო მეტ არქიტექტურულ ობიექტზე ვიმუშაოთ და მულტიდისციპლინარულ სტუდიად დავიმკვიდროთ სახელი. გამოვყოფდით რამდენიმე საინტერესო მასშტაბურ პროექტსაც — მცირე დასახლებას ზურგოვანში, კერძო საცხოვრებელ სახლებს საგურამოში, ასევე, კომერციული ინტერიერის დიზაინის პროექტებს. პარალელურად, ოფისში ვმუშაობთ გადამუშავებული მასალის შექმნაზე, რომელსაც ამ ეტაპზე ჩვენვე ვამზადებთ და მალე გავაცნობთ საზოგადოებას. ვფიქრობთ, ამით მცირე წვლილს შევიტანთ პლასტმასის დაბინძურების პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში და გლობალური საკითხის გადაწყვეტაში მივიღებთ მონაწილეობას.

ავტორი: მეკო მეტრეველი

იაპონური არქიტექტურის 10 პრინციპი ანუ როგორ იქმნება სახლები, რომლებიც ცუნამისაც კი უძლებენ

კოტეჯი ჩეხეთში  – Mjölk architekti-ის პროექტი