in

როგორ შევარჩიოთ ავეჯი და დეკორი მცირე ზომის საცხოვრებელი სივრცისთვის – ანი ჩიღიტაშვილი X VELI.store

პატარა ფართების დაპროექტება და მათი ინტერიერის მოწყობა ცნობილი დიზაინერებისა და არქიტექტორების მეშვეობით უფრო და უფრო საინტერესო გამოწვევა ხდება. ხშირად ვხვდებით საინტერესო გადაწყვეტებს, როგორ შევქმნათ ილუზია, რომ საცხოვრებელი ფართი უფრო დიდი და საინტერესო გამოჩნდეს, ვიდრე ის რეალურად არის. ასევე ძალიან აქტიური ხდება პატარა სივრცეებში მულტიფუნქციური ნივთების განთავსების ტენდენციაც, რაც ადამიანებს საშუალებას აძლევს, თავიანთი მცირე ზომის სახლი მაქსიმალურად კომფორტულად გამოიყენონ.

სიმარტივე და მულტიფუნქციური ნივთები

პატარა საცხოვრებელი ფართების დაგეგმარებისას ცნობილ ფრაზას – “ნაკლები მეტია” დიდი წონა აქვს. როდესაც პატარა სივრცე გვაქვს, სასურველია ის მთლიანად დაცლილი იყოს ზედმეტი დეკორისგან და გადაჭარბებული რაოდენობის ნივთებისგან.

ყველაზე ხშირად, პატარა სივრცის მოთხოვნებს ეხმიანება დიზაინის ისეთი მიმდინარეობები, როგორიც, მაგალითად, არის იაპონური Zen (Japanese Zen) მედიტერანიული მოდერნი, სკანდინავიური და მინიმალისტური სტილი. ეს დიზაინის სტილები მხარს უჭერენ სიმარტივეს და ფუნქციონირებას, ღია ფერების გამოყენებას, სიმშვიდეს და წესრიგს.

ავეჯი სუფთა ხაზებით და შეზღუდული ფერების პალიტრით არა მხოლოდ დაზოგავს ადგილს, ასევე შექმნის ილუზიას, რომ სივრცე იმაზე დიდია, ვიდრე რეალურად. ასეთმა ავეჯმა შესაძლებელია შეასრულოს დამატებით სათავსოს ფუნქციაც, რაც სახლში ნივთების დამალვაში დაგვეხმარება. მცირე სივრცეებში დეკორიც სასურველია არ იყოს დიდი ზომის და და მასაც ჰქონდეს დამატებითი ფუნქცია, მაგალითად ქანდაკება, რომელიც თან ყვავილის ქოთანია

ღია ფერის კედლები

ცნობილმა ინტერიერის დიზაინერმა ელსი დე ვულფმა თქვა: “მე მჯერა ბევრი ოპტიმიზმისა და თეთრი საღებავის”. პატარა საცხოვრებელ სახლებში, კედლის ფერის არჩევამ შეიძლება მკვეთრად იმოქმედოს სივრცის აღქმაზე. მსუბუქი, ნეიტრალური ტონები, როგორიცაა მკვეთრი თეთრი ან რბილი პასტელი, ასახავს ბუნებრივ შუქს და ქმნის დიდი სივრცის ილუზიას.

სასურველია, მცირე სივრცეებში არ იყოს გადაჭარბებული ფერები და კედლები შეიღებოს ღია ტონებით, რათა ოთახები უფრო დიდი, ნათელი და მიმზიდველი გამოჩნდეს.

სარკეები მცირე სივრცეში

პატარა სივრცის ინტერიერის მოწყობისას ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სარკეების სწორად გამოყენება. ამრეკლი ელემენტები ჭკვიანური გზაა საცხოვრებელი ფართის ვიზუალურად გაფართოებისთვის სივრცის დაკარგვის გარეშე. ისინი ირეკლავენ სინათლეს და ქმნიან სიღრმის ილუზიას, რაც პატარა ოთახებს უფრო დიდს მოგვაჩვენებს. ამრეკლი ავეჯი ან სტრატეგიულად განლაგებული სარკეები აძლიერებენ სივრცის მაქსიმალიზაციას.

მულტიფუნქციური ავეჯი

სასურველია, ავეჯი ერთზე მეტ მიზანს ემსახურებოდეს. ასეთი ავეჯია ტრანსფორმირებადი საწოლები, მაგიდები სათავსოებით, კარადები, რომლებიც შეიძლება საწერ მაგიდას აერთიანებდეს. ამ ყველაფრის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ავეჯი მოერგოს მაცხოვრებლის ყველა საჭიროებას შეზღუდული სივრცის გადატვირთვის გარეშე.

ვერტიკალური სივრცის ათვისება

ასევე ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ვერტიკალური სივრცის გამოყენებას. როდესაც საქმე პატარა სივრცეს ეხება, კედელზე დაკიდებული გრძელი თაროები, გრძელი ჩამოკიდებული ორგანიზატორები იატაკიდან სათავსოებს მოგვაშორებს და შესაბამისად, სივრცის იატაკი არ დაიტვირთება. მსგავსი ეფექტის მისაღებად ასევე კარგი ხერხია ავეჯს ოდნავ მაღალი ფეხები ჰქონდეს, რომელიც იატაკს არ დაფარავს და სივრცე უფრო დიდი გამოჩნდება.

მნიშვნელოვანია პატარა სახლში არ იყოს ბევრი ტიხარი და სივრცე რაც შეიძლება ღია შევინარჩუნოთ, ასე ოთახები უფრო ნათელი გამოჩნდება, ხოლო ტიხრების იმიტაციისთვის შეგვიძლია დასაკეცი ოთახის გამყოფების გამოყენება.

რეგულარულად დაალაგეთ პატარა სივრცეები, გადააწყეთ და შეინახეთ მხოლოდ ის ნივთები, რომლებიც აუცილებლად გჭირდებათ ან სიხარულს განიჭებთ. მინიმალისტური გარემოს შენარჩუნება არა მხოლოდ სივრცეს ზრდის, არამედ ხელს უწყობს სუფთა და მშვიდი გარემოს შექმნას.

აღმოაჩინე ავეჯი და დეკორაციები სახლიდან გაუსვლელად VELI.store-ზე და მიიღე შეკვეთა იმავე დღეს, უფასო მიწოდებით.

ავტორი: ანა ჩიღიტაშვილი

„სახლი ოაზისით“ — დიზაინერ სოფო პაქსაშვილის ნამუშევარი

როგორ მოვიშოროთ ჭიანჭველები სახლიდან?