in

როგორ შევარჩიოთ საღებავის ტიპები სახლის კონკრეტული ზონებისთვის? — ზაზა და ზურაბ ხალაძეების რჩევები

განსხვავებული ფუნქციის მქონე ოთახებისთვის საღებავის სწორად შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი თემაა. საღებავი დიდ გავლენას ახდენს სივრცის იერსახეზე და მის ეფექტურ გამოყენებაზე. ამიტომ, რემონტის დროს ამ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ და პროფესიონალთა რჩევა გავითვალისწინოთ. დღევანდელ სტატიაში პროფესიონალი მღებავები, ძმები ზაზა და ზურაბ ხალაძეები საღებავის შერჩევის სპეციფიკაზე გვესაუბრებიან და ამ საკითხთან დაკავშირებით პრაქტიკულ რჩევებს გვიზიარებენ.

 

კომპანია „ღებვის ხელოვნების“ დამფუძნებლები გვიხსნიან, რომ თავდაპირველად აუცილებელია ზედაპირის განსაზღვრა და მის მიხედვით სასურველი მასალის შერჩევა. უმთავრესია ვიცოდეთ, რას ვღებავთ — შპალერს, მინაბოჭკოვან ზედაპირს თუ ფითხის კედელს. აქედან გამომდინარე დგინდება საღებავის ტიპი — წმენდადი, არაწმენდადი, პრიალა თუ მქრქალი.

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ისეთ ადგილებში, სადაც ზედაპირებზე დიდი დატვირთვა მოდის, დისპერსიული და ლატექსური საღებავი გამოვიყენოთ, რადგან ისინი გაცილებით გამძლე და მტკიცეა.

„ისეთ სივრცეებში, რომლებიც მაღალ დატვირთვას ექვემდებარება, უმჯობესია, დისპერსიული და ლატექსური საღებავების გამოყენება, რადგან ისინი კარგად უძლებს მექანიკურ დატვირთვას და ხშირ შემთხვევაში წყალგაუმტარია. მაგალითად, სააბაზანოსა და სველ წერტილებში სასურველია ჰიგიენური კუთხეებისთვის განკუთვნილი საღებავი ვიხმაროთ, რომელიც ორთქლის მიმართ მედეგია და ტენს არ ატარებს. შესაბამისად, მის ქვეშ არსებულ ფითხსა და თაბაშირმუყაოსაც არ აზიანებს და კარგად ინახავს სტრუქტურას“, — აღნიშნავენ ზაზა და ზურაბ ხალაძეები.

ჩვენი რესპონდენტები საღებავის წინა ფენის მნიშვნელობაზეც ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ საღებავის შერჩევისას აუცილებელია ღებვამდე შესრულებული სამუშაოს ხარისხის განსაზღვრა, რადგან ეს საღებავის სიცოცხლისუნარიანობაზე ახდენს გავლენას.

„მაგალითად, თუ  საღებავი მისი თვისებებიდან გამომდინარე, ორთქლს არ ატარებს და მას აბაზანაში გამოვიყენებთ, სადაც ზედაპირს სინესტის კვალი აქვს, საღებავი ჰაერს არ გაატარებს და გარკვეული ადგილები ამოიბურცება, რაც კედელს არასასურველ იერს მისცემს. ამიტომ პროდუქტის არჩევამდე მნიშვნელოვანია, კარგად გამოიკვლიოთ ზედაპირის მდგომარეობა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება“. 

დარგის ექსპერტები სახლის სხვა ზონებშიც (სამზარეულო, მისაღები და საძინებელი) მაღალი მედეგობის საღებავის გამოყენებას გვირჩევენ, რადგან ამ ოთახების ზედაპირები საკმაოდ დატვირთულია და აუცილებელია ხარისხიანი, მყარი მასალის შერჩევა.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ევროპული სტილით შთაგონებული სახლი კალიფორნიაში

კოქტეილის ბარი პეტრიაშვილის ქუჩაზე — ნინი ჯღამაძის ნამუშევარი