in

განათების როლი ინტერიერის დიზაინში — ლალი შაშიაშვილის გზამკვლევი

განათება ინტერიერში დიდ როლს ასრულებს, მისი დახმარებით სივრცეს განსხვავებული, მდიდრული იერი ეძლევა და მიმზიდველობა ემატება. განათება უმნიშვნელოვანესი ელემენტია პრაქტიკული, ფუნქციური საცხოვრებლის შესაქმნელად, საინტერესოდ დაგეგმარებული სანათები კი დიდ  ადგილს იკავებს დეკორაციაში და ოთახს ესთეტიკურად აფორმებს. დღევანდელ სტატიაში ინტერიერის დიზაინერი ლალი შაშიაშვილი განათების მნიშვნელობასა და მის მრავალფუნქციურობაზე გვესაუბრება.

„ინტერიერის დიზაინის სამყაროში, სადაც ფერები, ტექსტურები და ავეჯი შეუფერხებლად ერწყმის ერთმანეთს და ესთეტიკურად სასიამოვნო სივრცეებს ქმნის, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს განათება იკავებს“, — ამბობს ლალი შაშიაშვილი.

ესთეტიკური მიმზიდველობა

ჩვენი რესპონდენტი საუბრობს დიზაინში განათების როლზე და მის დეკორატიულ დანიშნულებაზე მსჯელობს, რომელსაც ნებისმიერი სივრცის უფრო მომხიბვლელად წარმოჩენა და მისი უნიკალურობის ხაზგასმა შეუძლია.

„ადამიანის თვალი პირველად ფერს ხედავს, შემდეგ კი ფორმას. ფერის სწორად დანახვასა და აღქმაში სწორი განათება გვეხმარება. ინტერიერის დიზაინში განათების მნიშვნელობა გადაჭარბებული სულაც არაა, რადგან ის გადამწყვეტ როლს ასრულებს სივრცის ატმოსფეროს, ფუნქციონალურობისა და საერთო მიმზიდველობის ჩამოყალიბებაში. უბრალო ფუნქციონალურობის მიღმა, განათებას აქვს ძალა, ჩვეულებრივი ოთახები არაჩვეულებრივ გარემოდ გარდაქმნას და გააუმჯობესოს მისი განწყობა“, — აღნიშნავს დიზაინერი.

განათების ტიპი

განათების ტიპი დიდ გავლენას ახდეს ოთახის ატმოსფეროსა და ხასიათზე. განათების მეშვეობით შესაძლებელია სასურველი განწყობის შექმნა და სივრცისთვის კონკრეტული ფუნქციის მინიჭება.

„რბილ, თბილ განათებას შეუძლია შექმნას მყუდრო, ინტიმური ატმოსფერო, რაც იდეალურია საძინებლებისა და მისაღები ოთახისთვის. მეორე მხრივ, ნათელი და ცივი განათება უმჯობესია იმ სივრცეებისთვის, სადაც  ფოკუსირება და სიფხიზლეა საჭირო, როგორიცაა ოფისები თუ საზოგადოებრივი დაწესებულებები. სხვადასხვა განათების მოწყობილობის სტრატეგიული არჩევით და მათი ინტენსივობის რეგულირებით, ინტერიერის დიზაინერებს შეუძლიათ შექმნან ატმოსფერო, რომელიც ზუსტად მიესადაგება ოთახის დანიშნულებას“.

ინტერიერის ცალკეული ნაწილების გამოკვეთა

განათებას ხშირად მიმართავენ კონკრეტული ზონის აქცენტირებისთვის და გარკვეული დეტალების ხაზგასასმელად. მსგავსი მიდგომით სივრცე უფრო საინტერესო, მიმზიდველი და ორიგინალური ხდება, ამავდროულად კი გარკვეულ ადგილებზე განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება.

„სათანადო განათებას აქვს უნარი თქვენ მიერ საგულდაგულოდ შერჩეული დიზაინის ელემენტები უფრო საინტერესოდ გამოაჩინოს. იქნება ეს ავეჯი, არქიტექტურული მახასიათებელი თუ დიზაინ ნამუშევარი. სწორ განათებას შეუძლია ფოკუსი ერთი წერტილისკენ მიმართოს. ხაზოვანი განათება, ჩაღრმავებული განათება და  სტრატეგიულად განთავსებული პროჟექტორები შესანიშნავი ინსტრუმენტებია თქვენი ინტერიერის სილამაზის ხაზგასასმელად“, — ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

განათების დაგეგმვა

დიზაინერი გვირჩევს, რომ რემონტის დაწყებისთანავე ვიზრუნოთ განათებაზე, საწყის ეტაპზევე დავგეგმოთ ის, რათა შემდგომში გარკვეულ გართულებებს არ წავაწყდეთ. მაგალითად, სამუშაო განათება, როგორიცაა მაგიდის ნათურები, კაბინეტის განათება, ასევე, სამზარეულოსა და სველი წერტილების სანათები უზრუნველყოფს იმას, რომ სივრცე არა მარტო ლამაზი, არამედ მოსახერხებელიც იყოს. განათების დამონტაჟება თავისუფლადაა შესაძლებელი როგორც ჭერში, ისე კედელზე, რაც მეტ მრავალფეროვნებას მატებს სივრცეს, ორიგინალური და საინტერესო ფორმის სანათები კი ოთახს ამდიდრებს.

„ინტერიერის დიზაინში განათება გადამწყვეტ როლს ასრულებს, რომელიც ფუნქციურობასა და ესთეტიკას აერთიანებს. განათების გააზრებულ შერჩევასა და მონტაჟს შეუძლია ოთახი საინტერესო და მიმზიდველ სივრცედ გარდაქმნას. განათების მნიშვნელობა ინტერიერის დიზაინში არ არის მხოლოდ სიკაშკაშე – ეს არის სივრცეების გამოძერწვა, ატმოსფეროს შექმნა და ჩვენი კავშირის გაძლიერება იმ გარემოსთან, სადაც ვცხოვრობთ“, — ლალი შაშიაშვილი.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფერადი ქსოვილებითა და ანტიკვარული ნივთებით შექმნილი მყუდრო ინტერიერი ამერიკაში

როგორ შევმინო აივანი? — მონტაჟის სპეციფიკა და ღირებულება ქართულ ბაზარზე