შედარებით მცირე ზომისთვის ინტერიერის დიზაინის შერჩევა, ერთი შეხედვით, რთული გამოწვევაა, თუმცა სწორი სტრატეგიისა და ფუნქციური ავეჯისა თუ ტექნიკის შერჩევის შემთხვევაში, შეძლებთ ისეთი პატარა და მყუდრო ბინის მოწყობას, რომელიც ერთდროულად როგორც კომფორტული, ასევე დახვეწილი და ელეგანტურიც იქნება.
მცირე ზომის სახლის მოწყობისას მთავარი პრინციპია ის, რომ ბინა არ გადაიტვირთოს ზედმეტი და არასაჭირო ნივთებით და აქცენტები მხოლოდ ისეთ პროდუქციაზე გაკეთდეს, რომლებსაც ფუნქციურია და ამავდროულად კარგი გარეგნული თვისებებიც გააჩნიათ.
დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე რჩეულ პროექტს საქართველოდან, სადაც პროექტის ავტორებმა შეძლეს ესთეტიკური და ფუნქციური მხარეების დაბალანსება.
სახლი პლეხანოვზე
ამ ბინის საერთო ფართობი 60 მ2-ია. მისმა მეპატრონემ ინტერიერის დიზაინისთვის მინიმალისტური სტილი შეარჩია, რომელსაც არქაული სტილის დეკორაციები, ავეჯი და ტექნიკა შეუხამა. დახვეწილი სტილი სახლს საშუალებას აძლევს, ერთდროულად მყუდრო და ელეგანტური იყოს. სივრცის მაქსიმალურად ასათვისებლად სახლში მისაღებისა და სამზარეულოს ნაწილები გაერთიანებულია.
ბინა ჭავჭავაძეზე
თინათინ ძირკვაძის პროექტი ჭავჭავაძის გამზირზე, მაღალსართულიან კორპუსში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 72 მ2-ია. ნამუშევარი საინტერესო დიზაინით გამოირჩევა და ის მყუდრო საცხოვრებელ ადგილს ქმნის. ავეჯი და ტექნიკა ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს არის განლაგებული, თუმცა სადა ფერების დახმარებით, სახლში სივრცისა და სიმყუდროვის ეფექტი იქმნება.
ბინა ბაგებში
ბაგებში მდებარე 75 მ2 ფართობის მქონე სადა და დახვეწილი ბინის დიზაინი ანუკა თავართქილაძეს ეკუთვნის. სივრცე მოიცავს დიდ საერთო ოთახს, სამზარეულოს, ორ საძინებელს, მცირე საგარდერობო ზონას და ორ სველ წერტილს. მინიმალიზმი ბინის საერთო ფართობს უფრო დიდს აჩენს. იგივე ფუნქციას ასრულებს სადა და ნათელი ფერებიც და გაერთიანებული სივრცეები, რომლებიც ერთმანეთისგან კედლებით არ გამოიყოფა.
მიკრო ბინა მარჯანიშვილის მოედანზე
პროექტზე დიზაინერმა სალომე მეტრეველმა იმუშავა. ბინის საერთო ფართობი სულ რაღაც 15 მ2-ია. მაღალი ჭერის წყალობით, სივრცეს მეორე სართული დაემატა და საცხოვრებლად აუცილებელი ნაწილები, მათ შორის სამზარეულო და სველი წერტილები, სწორედ მეორე სართულის ხარჯზე მოეწყო.
ბინა ქეთევან დედოფლის ქუჩაზე
ავლაბარში, ქეთევან დედოფლის გამზირზე მდებარე პროექტი სტუდია “M2S“-მა შეასრულა დიზაინერ გიორგი ზაკაშვილის ხელმძღვანელობით. ბინის საერთო ფართობი 30 მ2-ია და ის ახალაშენებულ მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსში მდებარეობს. სახლში სივრცის ათვისება სადა და ღია დიზაინის გამოყენებით მოხერხდა, რომელიც ხის ავეჯს შეეხამა. სამზარეულოსა და საძინებელის ნაწილები ერთ სივრცეშია მოთავსებული და აქვეა პატარა მისაღები ოთახიც. საბოლოო ჯამში, სივრცეები ისეა ათვისებული, რომ ბინაში საცხოვრებლად საჭირო ყველა პირობაა შექმნილი.
ბინა უზნაძის ქუჩაზე
ამ მაღალჭერიანი, მყუდრო ბინის საერთო ფართობი 53 მ2-ია. მიუხედავად იმისა, რომ ბინაში ავეჯისა და დეკორაციების მრავალრიცხოვნობაა, ფერთა ბალანსით ჰარმონიული ინტერიერის დიზაინია შექმნილი, რომელიც სივრცისა და სიმყუდროვის ეფექტს ქმნის. სამზარეულოს და მისაღების ნაწილი ამ პროექტშიც გაერთიანებულია და ბინის ფუნქციურ მრავალფეროვნებას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
ბინა ჭავჭავაძის გამზირზე
ბინა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. ეს არის 60 კვადრატული მეტრის მქონე საცხოვრებელი სივრცე, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცის მარტივი და მინიმალისტური ცხოვრებისთვის შეიქმნა. პროექტზე სტუდია “იდააფ არქიტექტორებმა” იმუშავა. სახლში სივრცე ნაცრისფერი ტონების გამოყენებითაა შექმნილი, რომელიც ყვითელ და ლურჯ ფერებს იდეალურად ეხამება. საბოლოო ჯამში, მიღებულია მინიმალისტური დიზაინი, რომელიც ყველა ფუნქციურ და საყოფაცხოვრებო დეტალს იტევს, თუმცა ამავდროულად, არ ქმნის ქაოსური და გადატვირთული საცხოვრებელის შთაბეჭდილებებს.
ბინა საბურთალოზე
ეს ბინა საბურთალოზე, 1950-60-იან წლებში აშენებულ ხუთ სართულიან კორპუსში მდებარეობს და მისი რენოვაციის პროექტი არქიტექტურისა და ინტერიერის სტუდია Function-ს ეკუთვნის. სივრცე 115 კვადრატულ მეტრს მოიცავს და მასში გვხვდება ორი საძინებელი, მისაღები ოთახი, სამზარეულო და სველი წერტილი. პროექტში ნაცრისფერი და მწვანე აქცენტებია გამოყენებული, რომლებიც წითელ დეტალებს ეხამება. სივრცეები ისეა ათვისებული, რომ თითოეულ ნივთს თავისი ფუნქციური დანიშნულება აქვს, თუმცა მინიმალურ ადგილს იკავებს, რის ხარჯზეც ბინის საერთო ფართობი არ იტვირთება.
ბინა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე
ეს მყუდრო და ნათელი ბინა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარეობს. პროექტზე კომპანია Studio Comfort-მა იმუშავა. ბინა არის საკმაოდ ნათელი და ის 3 ადამიანზეა გათვლილი. მიუხედავად იმისა, რომ საერთო ფართობი შედარებით მცირეა, ნათელი ფერები და გაერთიანებული ოთახები ამის შესაძლებლობას მაქსიმალურად იძლევა.
ბინა ჯიქიაზე
ბინა, რომელიც ჯიქიას ქუჩაზე მდებარეობს, ახალგაზრდა წყვილს ეკუთვნის და მისი საერთო ფართობი 60 კვადრატულ მეტრს შეადგენს. სივრცის ინტერიერზე დიზაინერმა თამარა წითლიძემ იმუშავა. სახლის მთლიანი ფართობი სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი და სამზარეულო, საძინებელი და ერთი სველი წერტილია, რომლებიც, ნაცრისფერ და თეთრ ფერებშია შეხამებული. მრავალფუნქციური და ტევადი ავეჯის გამოყენებით, თამარამ სადა და ჰარმონიული ინტერიერი შექმნა, რომელსაც სივრცეები მაქსიმალურად აქვს ათვისებული.