შესამჩნევი ლაქები ჭურჭელზე, უსიამოვნო სურნელი ან ტექსტურა მიუთითებს იმაზე, რომ დროა ჭურჭლის სარეცხი მანქანის გაწმენდაზე ვიფიქროთ. ჭურჭლის სარეცხის მანქანა საკმაოდ კომფორტული ნივთია, თუმცა თუ მას სათანადოდ არ მოვუვლით, დაზიანებისა და გაფუჭების რისკებს საგრძნობლად გავზრდით.
რამდენად ხშირად უნდა გავწმინდოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა?
მანქანის გაწმენდა დაუყოვნებლივ არის საჭირო თუ თქვენ რაიმე სახის უსიამოვნო სურნელს იგრძნობთ ან მიხვდებით, რომ ჭურჭლიდან ცხიმის მოშორება ვერ მოახერხა. მსგავსი პრობლემები ტექნიკის კედლების დაბინძურებაზე ან ფილტრის ჩაკეტვაზე მიუთითებს.
თუმცა, იმის ნაცვლად, რომ პირველ სიმპტომებს დაელოდოთ, გირჩევთ მანქანა კვირაში ერთხელ მაინც გაწმინდოთ. ამ გზით თქვენ მოახერხებთ კედლებისა და ფილტრის იდეალურად დასუფთავებას და თავიდან აირიდებთ რიგ პრობლემებს.
როგორ უნდა გავწმინდოთ ჭურჭლის სარეცხის მანქანა?
ტექნიკის გასაწმენდად რამდენიმე მეთოდი არსებობს.
ჭურჭლის სარეცხი მანქანის გაწმენდა ძმრით
ქიმიური საწმენდი საშუალებების ნაცვლად, უმჯობესია, გამოიყენოთ ძმარი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სარეცხი საშუალება, რომელიც საკმაოდ ხელმისაწვდომი და ბიუჯეტურია. ის ასევე კარგად უმკლავდება ცხიმიან კედლებსა და ნალექის წარმოქმნას. გარდა ამისა, ჭურჭლის სარეცხი მანქანის ძმრით გაწმენდა უჟანგავი ფოლადის კედლებს ანეიტრალებს უსიამოვნო სუნისგან.
როგორ გავწმინდოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა ძმრით?
ეს შეიძლება გაკეთდეს ორი გზით.
შეგიძლიათ ძმარი პირდაპირ მანქანის კედლებზე შეასხუროთ, თუმცა ასევე შეგიძლიათ ძმარი სარეცხი საშუალებებისთვის განკუთვნილ ნაწილში ჩაასხათ და მანქანა თვითწმენდის რეჟიმზე ჩართოთ.
პირველი მეთოდის არჩევისას წინასწარ უნდა მოამზადოთ 5:1 ძმრის წყალხსნარი (500 მლ წყალი 100 მლ ძმარი). სითხეში შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი ძმრის სუნის გასანეიტრალებლად.
ჭურჭლის სარეცხი მანქანის გაწმენდა სოდით
ჭურჭლის სარეცხი მანქანის სახლში გაწმენდის კიდევ ერთი ძალიან გავრცელებული მეთოდია საკვები სოდა.
მანქანის გაწმენდის მეთოდი ამ შემთხვევაშიც მსგავსია, თუმცა შეგიძლიათ სოდა დაყაროთ საწმენდ ღრუბელზე და ხელთათმანების გამოყენებით გაწმინდოთ ტექნიკის თითოეული ნაწილი, შემდეგ კი თვითწმენდის რეჟიმზე დატოვოთ, რათა სოდა კარგად მოშორდეს კედლებსა და ფილტრს.
მეორე მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, გირჩევთ, რომ ჭურჭლის სარეცხის მანქანა ჩართოთ 70 ან 90 გრადუს ტემპერატურაზე, რადგან ცხელი წყალი უკეთ მოაშორებს ნებისმიერი სახის ლაქებსა და ცხიმს.
ჭურჭლის სარეცხი მანქანის გაწმენდა ლიმონმჟავით
ისევე როგორც ძმარი, ლიმონი და ლიმონმჟავაც კარგი გამწმენდი საშუალებაა, რადგან ისინი კარგად უმკლავდებიან ცხიმის ნაწილაკებს და აქვთ ანტიკოროზიული თვისებები, რაც ლითონსა და ფოლადს დამატებით ბზინვარებას ანიჭებს.
როგორ გავწმინდოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა ლიმონმჟავით?
სარეცხი საშუალებებისთვის განკუთვნილ განყოფილებაში მოათავსეთ 5-6 ჩაის კოვზი ლიმონმჟავა და ჩართეთ მანქანა ამ შემთხვევაშიც 70-დან 90 გრადუს ტემპერატურამდე.
აგრეთვე შეგიძლიათ, რომ ლიმონმჟავა გახსნათ მცირე რაოდენობის წყალში, მიიღოთ ხსნარი და მიღებული ხსნარი წაუსვათ ღრუბელს ან სხვა რბილ ქსოვილს, რომლითაც მანქანის კედლებს გაწმენდთ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ძმართან და სოდასთან შედარებით, ლიმონმჟავა უფრო ძლიერი გამწმენდია, ამიტომ რეკომენდებული არ არის მისი ხელთათმანების გარეშე გამოყენება.
თუ ლიმონმჟავას გამოყენება არ გსურთ, შეგიძლიათ ლიმონი რამდენიმე სქელ ნაჭრად გაჭრათ და ტექნიკა ამ გზით გაწმინდოთ, ლიმონი ფოლადს არ დააზიანებს.
ეს მარტივი მეთოდები დაგეხმარებათ რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანა ყოველთვის საუკეთესო მდგომარეობაში შეინარჩუნოთ.