in

რა უნდა გავითვალისწინოთ დაბალჭერიანი სივრცის მოწყობისას — ანა ჯიქიას რჩევები

დაბალჭერიან სახლში ინტერიერის მოწყობა სპეციფიკურ მიდგომას საჭიროებს. ამ დეტალის გათვალისწინება აუცილებლად დაგეხმარებათ ეფექტური და მიმზიდველი იერსახის შექმნაში. დღევანდელ სტატიაში სტუდია „Andesign Studio“-ს დამფუძნებელი, ანა ჯიქია დაბალჭერიანი ბინის დიზაინთან დაკავშირებით საინტერესო რჩევებს გვიზიარებს და პრაქტიკულ ინფორმაციას გვაწვდის.

ფერების სწორი შერჩევა

ჩვენი რესპონდენტი თვლის, რომ დაბალი ჭერის მქონე სახლში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფერებს, რომლებიც ოთახის იერსახეს განსაზღვრავს. ამიტომ, უმჯობესია, არჩევანი ღია ტონებზე შევარჩიოთ და ამ გზით შევეცადოთ სივრცეში მოცულობის გაზრდას.

„იმისათვის, რომ დაბალ ჭერს გარკვეული სიმაღლე მივცეთ, გირჩევთ, ის ღია ფერებში შეღებოთ, რადგან ღია ტონები ოთახს აფართოებს და სინათლეს უკეთ ირეკლავს, რაც გვეხმარება, ბინა ბევრად უფრო ნათელი და დიდი გამოჩნდეს. ზოგადად, უმჯობესია, ჭერი ყოველთვის უფრო ნათელი იყოს ვიდრე კედლები, ხოლო იატაკი შესაძლებელია მუქი ფერის შევარჩიოთ, რაც ჭერსა და კედლებს მსუბუქსა და ნათელს გახდის“.

ჭერის ზედაპირის გათვალისწინება

ანა საუბრობს ჭერის ტიპებზეც და პრიალა ზედაპირს ანიჭებს უპირატესობას, რომელიც სივრცეს უფრო მოცულობით იერს სძენს — „მოერიდეთ მრავალდონიანი ჭერის გამოყენებას, უპირატესობა მიანიჭეთ პრიალა ზედაპირებს და არა მქრქალს, რადგან იატაკის, ჭერის ან ავეჯის ზედაპირებიდან არეკლილი სინათლე დამატებითი სივრცის ილუზიას ქმნის. გაითვალისწინეთ, რომ სინათლე ჩვენი მნიშვნელოვანი თანაშემწეა სივრცის და მოცულობის გასაზრდელად მცირე ფართობის მქონე ოთახში. ამიტომ პრიალა ზედაპირები მხოლოდ ესთეტიკური ღირებულებისთვის არ გამოიყენება, ისინი ხელს უწყობს შუქის შემობრუნებას და ოთახს უფრო ნათელსა და დიდს აჩენს“.

გრძელ ჭაღებსა და დიდი ზომის სანათებზე უარის თქმა

ანა გვირჩევს, დაბალჭერიან ბინაში გრძელი ჭაღები და დიდი ზომის სანათები არ გამოვიყენოთ, რადგან ჭაღი, რომელიც ჭერზე იქნება მიბჯენილი, მაინც დაადაბლებს სივრცეს. პროფესიონალის აზრით, ამ დროს უკეთესია წერტილოვანი განათების დამონტაჟება.

„დაბალჭერიან სივრცეში გამოსავალი შეიძლება  ჩაშენებული ტექნიკური განათება იყოს, რომლებიც პირდაპირ ჭერზეა მიმაგრებული და მასთან შერწყმულია. ან კარგი იქნება, თუ ოთახის პერიმეტრზე LED განათებებს დავამონტაჟებთ, ვინაიდან ისინი პირდაპირ ჭერზეა მოთავსებული, ზედმეტ ადგილს არ იკავებს და ეფექტურად ანათებს ბინას. გარდა ამისა, დახვეწილი იატაკის განათება ჭერიდან იატაკზე გაამახვილებს ყურადღებას და ინტერიერში განსაკუთრებულ აქცენტებს შექმნის. მარტივი ხაზების მეშვეობით, მათ მრავალფეროვნება შემოაქვს ოთახში და დიდ ადგილსაც არ იკავებს. ამიტომ სახლის გასანათებლად ერთ-ერთი ეფექტური და ხელსაყრელი გზა იატაკის განათებაა“, — აღნიშნავს დიზაინერი.

ავეჯის შერჩევა

ანა დაბალჭერიანი ბინის მოწყობისას დიდი მოცულობის კარადებისა და ავეჯისგან თავის შეკავებას გვირჩევს, უპირატესობას კი დაბალ, ჰორიზონტალური ფორმის საგნებს ანიჭებს, რათა რაც შეიძლება მეტი სივრცე მივიღოთ ავეჯსა და ჭერს შორის.

„რაც უფრო მაღალია ავეჯი ბინაში, მით მეტ ადგილს იკავებს ის. ამიტომ თუ თქვენს ბინას დაბალი ჭერი აქვს, ეცადეთ, ავეჯი რაც შეიძლება დაბალი იყოს, რათა მის ფონზე კედლები უფრო მაღალი გამოჩნდეს. მაგალითად, სავარძლებს სასურველია დაბალი ზურგი ჰქონდეს. მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაღალი, მაგრამ ვიწრო ავეჯი სივრცეს მეტ მოცულობასა და ფართობს მიანიჭებს“.

ვერტიკალური კედლის დეტალების გამოყენება 

ჩვენი რესპონდენტი კიდევ ერთ საინტერესო რჩევას გვიზიარებს კედლის მოპირკეთებასთან, აქსესუარებთან და დეკორთან დაკავშირებით: „მცირეგაბარიტიანი ოთახის მოწყობისას ჰორიზონტალური ხაზების გამოყენება ოთახის ვიზუალის ზრდას უწყობს ხელს, თუმცა ეს მიდგომა არაეფექტურია დაბალჭერიანი სივრცის შემთხვევაში. ასეთ დროს უმჯობესია, აქცენტი ვერტიკალურ ხაზებზე გავაკეთოთ, რომლებიც გარეგნულად აგრძელებს, ავიწროებს კედლებს და ოთახში სიმაღლის ილუზიას ქმნის. ასევე, სასურველია ვერტიკალურად ორიენტირებული საგნების გამოყენებაც, როგორიცაა ვიწრო ნახატები, მაღალი, თხელი ფიგურები, კედლებზე ხის ვერტიკალური პანელები. ეს ყველაფერი მყისიერად შეგიქმნით სიმაღლის ილუზიას, რომელიც რეალურად არ არსებობს“.

ფარდების შერჩევა

როგორც დიზაინერი ამბობს, დიდი ფანჯრები  და სინათლე უმნიშვნელოვანესია სივრცისა და მოცულობის ილუზიის შესაქმნელად, რათა ვიწრო და დაბალი ოთახიც კი გარეგნულად უფრო ფართო და ნათელი გამოჩნდეს. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ დიდი ფანჯრები არ გვაქვს, მაშინ აუცილებელია სწორი ფარდების შერჩევა.

„უპირატესობა მიანიჭეთ ჭერიდან დაშვებულ გრძელ ფარდებს, რათა ჭერი უფრო მაღალი გამოჩნდეს. ფარდის შერჩევისას ყურადღება გაამახვილეთ მის ფაქტურაზეც. მბზინავი და გამჭვირვალე ფარდები საშუალებას იძლევა, ოთახი უფრო ჰაეროვანი და მსუბუქი გახდეს, მოკლე ფარდები და ჟალუზები კი შეგიძლიათ სამზარეულოში გამოიყენოთ“.   

ავტორი: მეკო მეტრეველი

კლასიკური და თანამედროვე ელემენტებით შექმნილი ბინა ქავთარაძის ქუჩაზე — პაპუნა საბაშვილის ნამუშევარი

გაზქურა თუ ელექტროქურა – რის მიხედვით უნდა გავაკეთოთ არჩევანი?