ერთმანეთისგან განარჩევენ კედლის მოხატვის ტრადიციულ მეთოდსა და თანამედროვე საშუალებას, რომლებიც გარკვეული უპირატესობებითა დაა ნაკლოვანებებით ხასიათდება. დღევანდელ სტატიაში პროფესიონალი მღებავები, ძმები ზაზა და ზურაბ ხალაძეები ლილვაკითა და უჰაერო გამფრქვევით შეღებვის სპეციფიკაზე გვესაუბრებიან და ამ ორი ხელსაწყოს დადებით და უარყოფით მხარეებს განიხილავენ.
როგორც ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, პროფესიონალური შედეგის მიღება ორივე დანადგარითაა შესაძლებელი, თუმცა თითოეულ მათგანს — ტრადიციულ ლილვაკსა და ახალი სკოლის წარმომადგენელ უჰაერო გამფრქვევს გარკვეული მახასიათებლები გააჩნია, რომლებიც სხვადასხვა სიტუაციაში გარკვეულ უპირატესობას იძლევა.
მაგალითად, თუკი საღებავი ლატექსურია, წელვადი საღებავითა და ლილვაკით შედარებით დიდი ფართობის შეღებვაა შესაძლებელი, ამიტომ ამ შემთხვევაში ლილვაკით ღებვა ბევრად ეკონომიურია, რადგან ნაკლები საღებავი გამოიყენება, ვიდრე გამფრქვევის დროს.
„გასათვალისწინებელია, რომ გამფრქვევს აქვს თავისი დანახარჯი ბუღის სახით, რომელიც გაფრქვეული საღებავის 15%-ს წარმოადგენს, ამიტომ ლილვაკთან შედარებით, მეტ საღებავს მოიხმარს“, — აღნიშნავენ პროფესიონალი მღებავები.
დარგის ექსპერტების თქმით, ლილვაკის ნაკლოვანება ისაა, რომ ხშირ შემთხვევაში, ზედაპირი არაერთგვაროვანი გამოდის, რადგან დიდი ალბათობაა იმისა, რომ კედელს ლილვაკის ზოლები დაეტყოს და აჭრელდეს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საღებავი მაღალი ხარისხის არაა. ამ დროს უპირატესობა უჰაერო გამფრქვევს ენიჭება, რადგან დაბალი ხარისხის საღებავითაც კი ამ დანადგარის მეშვეობით შესაძლებელია ერთგვაროვანი, ესთეტიკურად ლამაზი კედლის მიღება.
ზაზა და ზურაბ ხალაძეები მოსამზადებელ პროცესზეც ამახვილებენ ყურადღებას და განმარტავენ, რომ ტრადიციული მეთოდით სამღებრო სამუშაოები უფრო ჩქარი ტემპით მიმდინარეობს, რადგან ლილვაკის გამოყენებისას საჭირო არაა ზედაპირების შეფუთვა და ქაღალდის წებოვანი ლენტების ხმარება.
„გამფრქვევის დროს წარმოიქმნება ერთგვარი ღრუბელი და საღებავი მტვრის სახით ეფინება ზედაპირს. შესაბამისად, ის ნაწილები, რომლებიც არ იღებება, სპეციალური სტატიკური ცელოფნით იფუთება, რათა საღებავის ნაწილაკების სხვადასხვა ზედაპირზე მოხვედრა თავიდან ავიცილოთ“.
უშუალოდ ღებვისას დიდი უპირატესობა აქვს უჰაერო გამფრქვევს, რადგან მისი მეშვეობით ერთ დღეში შესაძლებელია 2000 მ2-ის ფართობის შეღებვაც. ლილვაკით მუშაობა კი უფრო შრომატევადი პროცესია, რადგან რამდენიმე ზომის ლილვაკისა და ფუნჯის გამოყენებას საჭიროებს.
მოლდინგებისა და პლინტუსების შესაღებად პროფესიონალები უჰაერო გამფრქვევის გამოყენებას გვირჩევენ, რათა ზედაპირი იდეალურად შეიღებოს და საღებავის მასა მოლდინგების ფორმას კარგად მოერგოს.
„თუ კედელს ლილვაკით შეღებავთ, მოლდინგებს კი ფუნჯებით, შესაძლოა მოლდინგზე ფუნჯის ზოლები გამოიკვეთოს, კედლისა და მოლდინგის ზედაპირები კი იერსახით განსხვავებული იქნება და არაერთგვაროვან ვიზუალს მიიღებთ.”