ჩვენი ინტერვიუს მთავარი გმირები — თიკა სართანია და ელენე რატიშვილი, ინტერიერის დიზაინის სტუდია „Hiro Interiors“-ის დამფუძნებლები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ და წლებია მეგობრობენ, ერთობლივად მუშაობა შვიდი წლის წინ გადაწყვიტეს. სამუშაო პროცესში კი ერთმანეთს საოცრად შეეწყვნენ და წარმატებული შედეგიც მიიღეს. მათ ნამუშევრებში ფერთა მრავალფეროვნება, სიმსუბუქე, ჰაეროვნება და დახვეწილობა იგრძნობა, თითოეული პროექტი კი ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. დღევანდელ სტატიაში თიკა და ელენე საკუთარ განვლილ გზას იხსენებენ და შემოქმედებით ხედვას გვიზიარებენ.
გვიამბეთ თქვენ შესახებ, რამ იქონია გავლენა პროფესიულ არჩევანზე?
თიკა სართანია — ოჯახის წევრებს არქიტექტურასთან პროფესიული შეხება არ ჰქონიათ, ამიტომ ჩემს არჩევანზე გარემოს არ უმოქმედია. ბავშვობიდან ვხატავდი, დავდიოდი ხატვის გაკვეთილებზეც, რაც ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო. სულ მინდოდა ამ მიმართულებას გავყოლოდი. ჩაბარებამდე რამდენიმე წლით ადრე პროფესიაზე ფიქრი დავიწყე, მინდოდა ისეთი საქმე შემერჩია, რაც მოთხოვნადობასთან ერთად, სასიამოვნო და საინტერესო იქნებოდა, ამიტომ არჩევანი, საბოლოოდ, არქიტექტურაზე შევაჩერე და სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე.
ელენე რატიშვილი — ჩემ შემთხვევაში პროფესიის არჩევაზე დიდ წილად იმან იქონია გავლენა, რომ ბავშვობიდან ბაბუაჩემის ხელით შესრულებულ პროექტებს ვათვალიერებდი, ყოველთვის მომწონდა და მიზიდავდა ხელით დახაზული გეგმების, ფასადებისა და ჭრილების გეომეტრია, ესთეტიკა, ერთმანეთთან კავშირი. როგორ ქმნიდა სხვადასხვა ფურცელზე შესრულებული ნახაზები ერთ მთლიანობას, როგორ გარდაიქმნებოდა სიბრტყეზე მოყვანილი ფორმები მოცულობით ნახატებად. ეს ყველაფერი ჩემთვის ერთგვარ გამოცანად და ფაზლად აღიქმებოდა, რომელთა ამოხსნასაც ბავშვობაში ვცდილობდი. დედაც პროფესიით არქიტექტორია და როდესაც სხვადასხვა დეტალი მაინტერესებდა, ყოველთვის მიხსნიდა, პროექტში მაჩვენებდა რა, როგორ, რატომ იყო ამგვარად. ამას გარდა, სახლში არქიტექტურაზე დიდი ლიტერატურა გვქონდა, ასე, რომ პროფესიის არჩევისას ბევრი არ მიფიქრია, ზუსტად ვიცოდი რაც მინდოდა.
მოგვიყევით როგორ წარიმართა თქვენი საგანმანათლებლო პროცესი
თიკა სართანია – განათლება სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის მიმართულებით მივიღე, შემდგომ კი მაგისტრატურა ლანდშაფტური არქიტექტურის განხრით დავასრულე. პროფესიული განათლება, ცხადია, ძალიან დამეხმარა დღევანდელ საქმიანობაში, რადგან ინტერიერის დიზაინი არ არის მხოლოდ ვიზუალური მხარე, ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის გამართული ტექნიკური ნაწილიც. ამას გარდა, არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი და ლანდშაფტური არქიტექტურა საკმაოდ კარგი კომბინაციაა სრულყოფილი პროექტის შესაქმნელად. სწავლის პარალელურად, სამუშაო პროგრამების უკეთ შესასწავლად სხვადასხვა კურსიც გავიარე, რაც ძალიან დამეხმარა გამართული პორტფოლიოს შექმნაში. სწორედ ამის გამო, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პირველი სამუშაო გამოცდილებაც მალევე მივიღე.
ელენე რატიშვილი — განათლება თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მივიღე, არქიტექტურის მიმართულებით. სწავლის ბოლო წელს მივხვდი, რომ ინტერიერის დიზაინი უფრო მაინტერესებდა და მიზიდავდა, ამიტომ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გადავწყვიტე, ამ მიმართულებით გამეგრძელებინა მუშაობა და მეტი ცოდნა, გამოცდილება დამეგროვებინა. არქიტექტურულმა განათლებამ კი მყარი საფუძველი მომცა სწორი და სწრაფი პროფესიული ზრდისთვის.
გვიამბეთ თქვენი კარიერული გზის შესახებ.
თიკა სართანია — სწავლის დაწყებისთანავე საკმაოდ დიდი ინტერესი მქონდა პროფესიისადმი, სერიოზულად ვუდგებოდი ყველა ნაბიჯს, ვცდილობდი რაც შეიძლება მეტი ცოდნა დამეგროვებინა და საკუთარი პროფესიით მემუშავა. საბედნიეროდ, ასეც მოხდა. სწავლის დასრულებისას უკვე მქონდა გამართული პორტფოლიო, მალევე ავიღე რამდენიმე შეკვეთაც, რამაც პირველი პრაქტიკული გამოცდილება შემძინა, ამან კი სულ სხვა კუთხით დამანახა სამუშაო პროცესი. მოთხოვნა საკმაოდ დიდი იყო, საქმის მიმდინარეობისას კიდევ უფრო კარგად გავიაზრე სამუშაოს არსი და მეტად დავრწმუნდი პროფესიის არჩევის სისწორეში. რა თქმა უნდა, ამას გარკვეული სირთულეებიც ახლდა თან – გასათვალისწინებელი იყო დამკვეთების მოთხოვნები, პროექტის ტექნიკურად გამართვა და მისი დიზაინთან თანხვედრა, თუმცა ამ ყველაფერმა გამოცდილება შემმატა და შემდეგ უფრო გამიმარტივდა სამუშაო პროცესი.
ელენე რატიშვილი — სწავლის დასრულების შემდეგ სხვადასხვა კომპანიაში, განსხვავებულ პოზიციაზე მცირე ხნით ვიმუშავე და მალევე, ჩემი პირველი ინდივიდუალური ინტერიერის პროექტის შემოთავაზება მივიღე. იმის გამო, რომ აქამდე მსგავსი გამოცდილება არ მქონია, საქმეს ცოტა შიშით მივუდექი, თუმცა ძალიან ყურადღებით და პასუხისმგებლობის გრძნობით დავიწყე მუშაობა. მაშინ ბევრი რამის დაზუსტება და გარკვევა დამჭირდა, გამოცდილ დიზაინერებთანაც კი გავიარე კონსულტაცია, რათა პროექტი უშეცდომოდ და ტექნიკურად გამართულად შემესრულებინა. ობიექტი წარმატებით დავასრულე და მივხვდი, რომ ეს იყოს ის საქმე, რისი კეთებაც მინდოდა და მსიამოვნებდა. ამიტომ გადავწყვიტე ინდივიდუალურ პროექტებზე მემუშავა, პროფესიული ცოდნა განმევითარებინა, საკუთარი სტილი და ხელწერა შემემუშავებინა და სამუშაო პროცესისგან მიღებული შედეგისგან მეც და დამკვეთსაც სიამოვნება მოგვეღო.
როგორ და რატომ გაჩნდა „Hiro Interiors“ სტუდიის შექმნის იდეა?
ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობდით, ჩვენი მშობლები მეგობრები არიან და შესაბამისად, ჩვენც დავმეგობრდით. ინტერესებიც საერთო გვქონდა, ხატვაზეც ერთად დავდიოდით და უნივერსიტეტშიც ერთ კურსზე აღმოვჩნდით. სწავლის დასრულების შემდეგ გარკვეული პერიოდი ორივე ინდივიდუალურად ვმუშაობდით და გამოცდილებასა თუ ინფორმაციას ერთმანეთსაც ვუზიარებდით. ერთობლივი საქმიანობის იდეა პირველად მაშინ გაჩნდა, როდესაც საკონკურსო პროექტზე მუშაობის შემოთავაზება მივიღეთ. გადავწყვიტეთ, პირველად სწორედ მაშინ გვეცადა ერთად მუშაობა, გვენახა როგორ გამოგვივიდოდა შეთანხმებულად მოქმედება, იდეების გაზიარება და საერთო გადაწყვეტილებებამდე მისვლა. გვაინტერესებდა როგორ შევეწყობოდით ერთმანეთს სამუშაო პროცესში, რამდენად დაემთხვეოდა ჩვენი მოსაზრებები, შევძლებდით თუ არა სამუშაო პროცესის სწორად გადანაწილებასა და მართვას. როდესაც პროექტი დავასრულეთ, მივხვდით, რომ ერთმანეთის კარგად გვესმოდა და მშვენივრად ვეწყობოდით. ხშირად, როდესაც იდეებზე დამოუკიდებლად ვმუშაობდით აღმოვაჩენდით, რომ მსგავსი მოსაზრებები გვქონდა, განსხვავებული პოზიციისას კი საუკეთესო გადაწყვეტილებას ვირჩევდით, რაც, საბოლოოდ, ერთმანეთის გაზრდასა და განვითარებაში გვეხმარებოდა. სწორედ ამ დროს გადავწყვიტეთ, ერთობლივი საქმიანობა გაგვეგრძელებინა და მას შემდეგ ეს სინერგია არ დარღვეულა. აქედან გაჩნდა სტუდიის —„Hiro Interiors“ შექმნის იდეაც.
როგორი იყო თქვენი კომპანიის პირველი ნაბიჯები, რა სირთულეები შეგხვდათ ამ პროცესში?
იქიდან გამომდინარე, რომ პრაქტიკული გამოცდილება ორივეს გვქონდა, სტუდიის ჩამოყალიბების პროცესში ბევრი სირთულე არ შეგვხვედრია, კარგად ვიცნობდით ერთმანეთს, ორივეს ხედვა ერთმანეთს ემთხვეოდა, რამაც საკმაოდ გაამარტივა სამუშაო პროცესიც. დროთა განმავლობაში უკეთ ვისწავლეთ საქმის სწორად გადანაწილება და მუშაობის სტილიც გავაუმჯობესეთ. შედარებით რთული, ალბათ, ბაზარზე თავის დამკვიდრება იყო, რასაც, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება. თუმცა შვიდწლიანი არსებობის შედეგად, ჩვენს სტუდიას საკმაოდ ვრცელი პორტფოლიო და სამუშაო გამოცდილება აქვს დაგროვილი.
რისი გამოხატვა გსურთ ნამუშევრებით? როგორია „Hiro Interiors“-ის დამახასიათებელი ხელწერა?
ჩვენი პროექტები ალბათ სიმსუბუქით და ძალდაუტანებლობით, ფერების სითამამითა და ესთეტიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ყველა ნამუშევრით ვცდილობთ ჰაეროვანი, ნათელი სივრცეები შევქმნათ, სადაც მოძრაობა უწყვეტი და თავისუფალია, არ არის ვიზუალურად დატვირთული, დანაწევრებული და დამძიმებული, ყველაფერს აქვს ფუნქცია და მიზანი. გვინდა თითოეული პროექტი ერთდროულად იყოს თამამიც და მსუბუქიც, ფუნქციურიც და მარტივიც, ფერადიც და სადაც. მაგრამ ამავდროულად, სწორად დაგეგმილი, მაქსიმალურად კომფორტული და ტექნიკურად გამართული.
გვესაუბრეთ მუშაობის პროცესსა და შთაგონებაზე
შთაგონების მიღება უამრავი სხვადასხვა რამისგან შეიძლება – ერთი ფრაზიდან, ფერიდან, სკეტჩიდან… ინსპირაცია საპროექტო სივრცის რაიმე დეტალიდან ან კუთხიდანაც მიგვიღია. ყოველთვის ერთ ხერხს არ მივმართავთ, როგორც წესი, ეს უფრო სპონტანური, დაუგეგმავი და მოძრავი პროცესია, თუმცა, საბოლოოდ, მაინც გამოცდილება გვეხმარება შთაგონების რეალურ სივრცედ, ტექნიკურად გამართულ პროექტად ქცევაში. საბოლოო ჯამში, მუშაობის პროცესში მთავარი, ალბათ, ამ ორის სწორი ბალანსის დაცვაა. ამიტომ, ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი, გამართული პროექტის მომზადება. ვცდილობთ, ყველა დამკვეთს ინდივიდუალურად მივუდგეთ, გავითვალისწინოთ მათი მოთხოვნები და შევქმნათ კომფორტული, სწორად დაგეგმილი და გამართული სივრცე, რომელიც დამკვეთის სურვილებთან თანხვედრაში იქნება. ხშირად ინტერიერის დიზაინი აღიქმება დეკორირებად, რაც არ არის სწორი. ინტერიერის დიზაინის პროექტში, გარდა ესთეტიკური და ვიზუალური მხარისა, ძალიან ბევრი ტექნიკური დეტალია გასათვალისწინებელი, რომლებიც დიდ გავლენას ახდენს საბოლოო შედეგზე. ყველა ტიპის სივრცეს თავისი სტანდარტი აქვს, რისი გათვალისწინებაც პროექტზე მუშაობისას აუცილებელია, რათა ობიექტი გამართულად ფუნქციონირებდეს, განსაკუთრებით კი კომერციული სივრცეების შემთხვევაში, რომლებიც ამ ეტაპზე ჩვენი ძირითადი ინტერესია.
რომელ ნამუშევრებს გამოარჩევდით?
ჩვენთვის ყველა პროექტი თავისებურად მნიშვნელოვანია, თითოეულ მათგანში ვცდილობთ, ჩვენი გამოცდილება, ცოდნა, ენერგია, ხედვა და პიროვნება გამოვხატოთ. ყველა ნამუშევარს აქვს რაღაც დეტალი, რაც ჩვენთვის გამორჩეულია. ყველაზე სასიამოვნო, ალბათ, ისეთ პროექტებზე მუშაობაა, სადაც დამკვეთი ბოლომდე გვენდობა და სივრცის შექმნისას მეტ თავისუფლებას გვაძლევს, მიღებული შედეგით კი ორივე მხარე კმაყოფილი რჩება. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია ერთ-ერთი რესტორნის პროექტი ბაქოში, რომელიც წელს დასრულდა. დამკვეთს ზოგადი კონცეფცია ჰქონდა, სხვა მხრივ კი მაქსიმალური თავისუფლება გვქონდა, რის გამოც საკმაოდ კომფორტული იყო სამუშაო პროცესი.
ასევე, გამოვყოფდით კაფე „სოლი“-ს პროექტს, რომელიც ჩვენთვის გამორჩეულია, მასზე მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო. „სოლი“ ჩვენი მეგობრების პირველი წამოწყებაა, მუშაობის პროცესში იმდენად გულანთებულები და მონდომებულები იყვნენ, მათი განწყობა ჩვენც გადმოგვედო, თან განსაკუთრებით ვგულშემატკივრობდით ამ საქმეში. მათი ბრენდი და ზოგადი კონცეფციაც ჩვენს გულთან და გემოვნებასთან ძალიან ახლოსაა, ამიტომ პროექტზე დიდი სიამოვნებით ვიმუშავეთ და ის დღემდე ჩვენს ერთ-ერთ საყვარელ ნამუშევრად რჩება.
როგორ შეაფასებთ ქართულ არქიტექტურულ და დიზაინ სივრცეს?
ვფიქრობთ, ქართული არქიტექტურა და დიზაინი დღესდღეობით კვლავ განვითარების ეტაპზეა. ბოლო პერიოდში ბევრი კარგი დიზაინის და არქიტექტურის სტუდია შეიქმნა, რაც ძალიან დაეხმარება ამ სფეროს წინსვლაში, თუმცა დეველოპერების მიერ მასიურად დაწყებული მშენებლობების ფონზე, ცალკეული ღირებული არქიტექტურული პროექტები, ალბათ, ჯერჯერობით, ზღვაში წვეთია. შენობების უმეტესობა კომერციული მიზნით შენდება, მათ ვიზუალურ და ტექნიკურ მხარეს კი ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება. ამის შედეგად ვიღებთ ბევრ ერთნაირ, მოსაწყენ შენობას მსგავსი ბინების გეგმარებით, რომლებიც არ არის გათვლილი სივრცის კომფორტულობაზე, მისაწვდომობაზე, ადამიანის პოზიტიურ გამოცდილებაზე, სივრცესთან ინტერაქციაზე ან ცხოვრების ხარისხზე. ყურადღება არ მახვილდება იმაზე თუ როგორ გამოიყენებს ადამიანი მათ მიერ შექმნილ შენობებსა და სივრცეებს, რაც სამწუხაროა.
ინტერიერის დიზაინის მოთხოვნა ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა, როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ეს?
ინტერიერის დიზაინის მომსახურება ბოლო წლებში ბევრად უფრო მოთხოვნადია, საზოგადოებისთვისაც უკეთ გასაგები გახდა ინტერიერის დიზაინერის როლი და ის ფაქტი, რომ სწორად დაპროექტებული, მიმზიდველი ვიზუალის გარდა, პროფესიონალური მომსახურებით შესაძლებელია სამუშაო პროცესის გამარტივება და დროისა და ბიუჯეტის უკეთ დაგეგმვა. ამას გარდა, საკმაოდ დიდი კომფორტია საბოლოო შედეგის წინასწარ ცოდნაც. ასევე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია პროექტის ტექნიკური მხარე, რისი გამართულობაც პირდაპირ უკავშირდება კომფორტს. არსებობს ბევრი ისეთი ტექნიკური გადაწყვეტა და მასალები, რომელთა შესახებ ინფორმაცია პროფესიული ცოდნის გარეშე ვერ გექნება. ინტერიერის დიზაინერი კი დამკვეთს სწორედ ასეთ საკითხებში ეხმარება.
თქვენი აზრით, თანამედროვე სამყაროში რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს არქიტექტურა და დიზაინი?
ცხოვრება დღეს უფრო დინამიკური და ჩქარია. ადამიანი სწრაფად გადაადგილდება ერთი ადგილიდან მეორეში, სივრცეების მოხმარებაც სწრაფი და ერგონომიულობაზე ორიენტირებული გახდა. არქიტექტურაში და შესაბამისად ინტერიერის დიზაინშიც მნიშვნელოვანი აღარ არის მხოლოდ ესთეტიკური მხარე. ვფიქრობთ, დღეს უპირატესია პასუხი გვქონდეს კითხვაზე — “როგორ?” როგორ იცხოვრებს ადამიანი ამ სივრცეში, როგორ გამოიყენებს ის მას, როგორ მოერგება ის გარემოს და შექმნის ახალს, როგორ გამოიყენებს რესურსებს, როგორ შექმნის პოზიტიურ გამოცდილებას, როგორ გაამარტივებს სივრცე ყოველდღიურობას, როგორ დაძლევს ქაოსს, როგორ ადაპტირდება დროსთან და როგორ ეხმიანება გარემოს პრობლემებს…