დღევანდელ სტატიაში ირმა გოგიაშვილის კიდევ ერთ, ახალდასრულებულ პროექტს გაგაცნობთ, რომელიც ვერაზე, შანიძის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 72 მ2-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ირმას დიზაინის მიმართულებით პროფესიული განათლება არ მიუღია, აღნიშნული ბინა მის მიერ შესრულებული რიგით მეხუთე პროექტია. ჩვენს რესპონდენტს გამორჩეულად უყვარს თბილისის ძველი უბნები და არქიტექტურა, ამიტომ თითოეულ ნამუშევარში შენობის უნიკალურობის ხაზგასმას, მისი ისტორიის, სილამაზისა და განსაკუთრებულობის წარმოჩენას ცდილობს. ამასთანავე, ირმას პროექტებში კარგად ჩანს სხვადასხვა კულტურის სინთეზი და სტილთა მრავალფეროვნება, იგრძნობა ძველი თბილისური ატმოსფერო და სამხრეთ აღმოსავლური ესთეტიკა, რაც დიზაინს უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის.
მეპატრონემ ბინა ზაფხულში შეიძინა, განსაკუთრებით კი მისი ადგილმდებარეობითა და შენობის სიძველით მოიხიბლა. ასევე, დიდი როლი ითამაშა შუშაბანდის ნაწილმაც, რომელიც საცხოვრებელს საოცარ მომხიბვლელობას სძენს.
მსგავსად სხვა პროექტებისა, აღნიშნული სახლიც შეძენისას საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იყო. ინტერიერს სრულად გადაკეთება, ხის კიბესა და იატაკს კი განახლება სჭირდებოდა. ამიტომ რემონტის პროცესი საკმაოდ შრომატევადი და სირთულეებით აღსავსე აღმოჩნდა. საჭირო გახდა გაყვანილობის გაკეთება, შუშაბანდის რესტავრაცია, აბაზანის თავდაპირველი მდებარეობის შეცვლა.
გეგმარებითი გადაწყვეტილების შედეგად, საცხოვრებელში — შუშაბანდი, მისაღები, საძინებელი, პატარა სათავსო/სამუშაო ოთახი და სამზარეულო მოეწყო, აღსანიშნავია ისიც, რომ ბინას ძალიან წყნარი ეზოც აქვს, რაც დამატებით კომფორტს ქმნის და დასვენების შესაძლებლობას იძლევა.
პროექტის ავტორს რემონტის დაწყებისთანავე შერჩეული ჰქონდა შუშაბანდისა და კედლების ფერი, რომელთა უმეტესობა პირვანდელი სახით შენარჩუნდა. ინტერიერის დანარჩენი კონცეფცია კი მუშაობის პროცესში შემუშავდა და სასურველი სახე ეტაპობრივად მიიღო.
„ინტერიერის შექმნის პროცესი ჩემთვის ძალიან მოძრავია. თავიდან ვხედავ დაახლოებით სურათს, თუმცა შემდეგ მიმდინარეობისას ბევრი რამ იცვლება. წინასწარ ვიცოდი რის საშუალებას მომცემდა ეს სახლი — ძველი ბინაა, ამასთანავე, შეზღუდული ბიუჯეტი მქონდა, რაც უფრო ართულებდა საქმეს. მაგრამ, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მეტად საინტერესოა, მუდმივად რაღაცის გამოგონება, პრობლემის გადაჭრა გიწევს და ბევრს სწავლობ. პირველივე დღიდან ვიცოდი, როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო შუშაბანდისა და კედლების ფერი, მინდოდა ძველი კედლების დატოვებაც. დანარჩენი იდეები რემონტისას გამიჩნდა. მაგალითად, სამზარეულოსა და მისაღების ნაწილობრივ გაერთიანება. ზოგადად, მივყვები პროცესს და ვცდილობ, ჩემი იდეები სივრცეს მოვარგო“, — აღნიშნავს ირმა გოგიაშვილი.
მისაღები ოთახი ნათელი და თბილია, ეკლექტური დეტალები კი მრავალფეროვან და საინტერესო დიზაინს განაპირობებს. ღია ფერის კედლებს ხის იატაკი განსაკუთრებულ მყუდროებას სძენს, ძველებური ფანჯრები და კარები კი სიძველის ეფექტს ქმნის. მოსასვენებელ კუთხეში განთავსებულ მიმზიდველ ტახტსა და სავარძლებს, პატარა მაგიდასთან და ორიგინალურ ნახატთან ერთად, აღმოსავლური ესთეტიკა შემოაქვს სივრცეში, რომელსაც ბუნებრივი გამწვანება აცოცხლებს და ახალისებს.
სამზარეულოში მწვანე და ცისფერი ელემენტები იდეალურად ერწყმის პირვანდელი სახით შენარჩუნებულ კედლებს, რომლებიც სახლს ავთენტურ იერს სძენს. მწვანე ფერის სამზარეულოს ავეჯი ამავე ტონალობის სათავსოს ესადაგება და ოთახის მთლიანობას უსვამს ხაზს.
საცხოვრებლის გამორჩეული ადგილი შუშაბანდია, რომელშიც ცისფერი ტონი დომინირებს. ძველი კედლის პირვანდელი ტონები კარ-ფანჯრების ზედაპირზეც მეორდება და ერთიანი, საუცხოო სურათი იქმნება. სივრცეში პატარა სამუშაო კუთხეა მოწყობილი და განათებით, ავეჯითა და აქსესუარებითაა გაფორმებული. ამ ზონაში თბილისური ატმოსფერო და სასიამოვნო განწყობა განსაკუთრებით იგრძნობა, რაც მნახველს აღაფრთოვანებს.
საძინებელი სადა და დახვეწილია. აქაც ბუნებრივი მასალები სჭარბობს, ინტერიერის მთავარ ხასიათს კი ხის ელემენტები და კედლის პირვანდელი მდგომარეობა განსაზღვრავს. მიმზიდველი ხის ავეჯი, განათება და დიზაინობიექტები არქაული და თანამედროვე სტილის საინტერესო სინთეზს ქმნის.
ირმა გოგიაშვილის ნამუშევარი ელეგანტური დიზაინით ხასიათდება, რომელშიც ძველი და თანამედროვე სტილთა ნაზავი იკვეთება. შუშაბანდი ძველ თბილისურ ატმოსფეროს ინარჩუნებს, ავეჯი, ნახატები და დეკორატიული ელემენტები კი აღმოსავლურ ესთეტიკას ქმნის. ბინა საკმაოდ ნათელია, მასში ბუნებრივი მასალების სიჭარბე იგრძნობა, რაც ჯანსაღ და სასიამოვნო გარემოს აყალიბებს.
„ყოველთვის ვცდილობ, სივრცე გავაცოცხლო, საკუთარი სიცოცხლე ჩავბერო. ნახატებით, სკულპტურებით, მოგზაურობიდან ჩამოტანილი შთაბეჭდილებებითა თუ ნივთებით შევაზავო საცხოვრებელი გარემო. ძალიან მიყვარს ლელა ჯაჯანიძისა და მერაბ გუგუნაშვილის შემოქმედება. მგონია, რომ ჩემი სივრცეები აღმოსავლური და დასავლური კულტურებისა და გავლენების ნაზავია. მსოფლიოს ყველა კულტურა და ტრადიცია მაინტერესებს, ამიტომ ვცდილობ, ბევრი ვიმოგზაურო. ხელოვნების ნიმუშები კი ჩემთვის ჰაერივით აუცილებელია. ძალიან მინიმალისტური ინტერიერიც რომ გავაკეთო, ნახატებისა და საინტერესო ნივთების გარეშე სივრცე ვერ წარმომიდგენია“, — ირმა გოგიაშვილი.