ფრანგი დიზაინერის, ფილიპ სტარკის ნამუშევრები ყველაზე მეტად იმით არის პოპულარული, რომ ისინი ყოველთვის განსხვავებული და ორიგინალური თვისებებით გამოირჩევიან. Louis Ghost-ის სახელით ცნობილი სკამის დიზაინი ფილიპმა 2004 წელს შექმნა და XXI საუკუნის შედევრად აქცია.
სკამზე მუშაობა სტარკმა ჯერ კიდევ 80-იან წლებში დაიწყო, როდესაც გამჭვირვალე პლასტმასის მასალისგან რაიმე ღირებულის შექმნას ცდილობდა. Kartell-თან თანამშრომლობით ფილიპმა წარადგინა La Marie-ს სკამი, რომელმაც მაშინვე მიიპყრო ავეჯის სახლების ყურადღება.
შედეგით კმაყოფილმა სტარკმა გადაწყვიტა, დიზაინი კიდევ უფრო დაეხვეწა და მომხმარებლებს ლუი XVI-ს საყვარელი სკამით შთაგონებული ავეჯი გაუზიარა, რომელიც 2000 წელს მილანის ავეჯის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინა.
სკამი არის ელეგანტური, ჰაეროვანი და აერთიანებს როგორც საფრანგეთის უძველეს ისტორიას, ასევე თანამედროვე ტენდენციებსაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელი პლასტმასის მასალისგან მზადდება, იგი იდეალურად ჯდება ნებისმიერი სახის ინტერიერში. აღსანიშნავია, რომ Luois Ghost Chair მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სკამია.
თუ მისი წარმოების ტექნოლოგიას დავაკვირდებით, ერთი შეხედვით, საკმაოდ მარტივი მოგვეჩვენება, რადგან პლასტმასი ჩამოსხმულია და დამატებითი ნაწილები ან რაიმე სახის განსაკუთრებული აქცენტები არ აქვს. მეორე მხრივ, მოდელს აქვს საკმაოდ რთული ფორმა, რომელიც ხანგრძლივ ტექნოლოგიურ პროცესებს უკავშირდება.
კომფორტული დიზაინის გარდა, Louis Ghost Chair-ს ახასიათებს მსუბუქი წონა, მოვლის სიმარტივე და ნალექისადმი მდგრადობა, რაც საშუალებას იძლევა, რომ ის ბაღში ან ტერასაზეც იყოს განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, ფილიპს მხოლოდ გამჭვირვალე დიზაინი ჰქონდა ჩაფიქრებული, თუმცა მოგვიანებით მას ფერებიც შეემატა და დღეს რამდენიმე ფერშია ხელმისაწვდომი. პირვანდელ ვერსიას კვლავ Kartell აწარმოებს და მისი ფასი დაახლოებით 370$-დან იწყება.