in

დეკორატიული განათებითა და კლასიკური ელემენტებით შექმნილი ინტერიერი ვაკეში — მარიამ ძამაშვილის ნამუშევარი

დიზაინერ მარიამ ძამაშვილის ახალი პროექტი ვაკეში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 232 მ2-ია, სადაც საცხოვრებელ ფართს 190 მ2 უჭირავს.

დამკვეთის მთავარი მოთხოვნა სადა საცხოვრებელი სივრცის შექმნა იყო, რომელიც კლასიკური ელემენტებით იქნებოდა გაფორმებული. სასურველი იყო მოდერნისტული და კლასიკური სტილების ეკლექტური შერწყმა და გაშლილი სივრცის შენარჩუნება, ყოველგვარი ტიხრებისა და დანაწევრების გარეშე. თბილი ატმოსფეროს მისაღებად კი ბევრი თბილი განათების, ბუნებრივი მასალისა და ღია ფერების გამოყენება გახდა საჭირო.

მუშაობის პროცესში ბინა ცალკეულ ნაწილებად დაიყო და სივრცე კლასიკური და თანამედროვე ელემენტების მიხედვით გადანაწილდა და საერთო ჯამში, ერთი მთლიანობა შეიქმნა. დიზაინერული გადაწყვეტილების შედეგად, იატაკზე კლასიკური, ინგლისური წყობის პარკეტი დამონტაჟდა, კლასიკური ესთეტიკის გამოსაკვეთად მოლდინგები განთავსდა, ხოლო განათება, ავეჯი და სხვა დეკორატიული ელემენტები თანამედროვე სტილში მოეწყო.

გეგმარებითი ცვლილების შედეგად, საერთო სივრცე ერთ მთლიან ოთახად იქცა, რომელშიც მხოლოდ დეკორატიული ტიხარი განთავსდა, რამაც ტელევიზორის კუთხე და სასადილო სივრცე ერთმანეთისგან გამიჯნა. ამავე ტიხარზე მოეწყო ტელევიზორიც, ოთახში კი მთლიანობა შენარჩუნდა. ამასთანავე, სახლში 3 საძინებელი, 3 აბაზანა, გარდერობი, ტექნიკური ოთახები და ტერასა მოეწყო.

ობიექტზე მუშაობის მთავარი გამოწვევა ცვალებადი გარემოს შექმნა აღმოჩნდა. ბინა ერთდროულად მყუდრო, ნათელი და ეფექტური უნდა ყოფილიყო. ამის მისაღწევად კი სხვადასხვა განათების შემოტანა გახდა საჭირო, რომელმაც  ნათელი, წარმოსადეგი, ამასთანავე, ინტიმური და მყუდრო ატმოსფერო უზრუნველყო.

ინტერიერში, უმეტესად, თეთრი და ოქროსფერი ტონალობა ფიგურირებს, რაც სივრცეს მდიდრულ იერსახეს ანიჭებს. განათება კი სახლს უფრო შთამბეჭდავსა და ელეგანტურს ხდის,  კონკრეტულ ადგილებს გამოკვეთს და საცხოვრებელს თანამედროვე ელფერს სძენს.

გარდა განათებისა, სიხალისე და სასიამოვნო განწყობა შემოაქვს ფერად ავეჯსაც, რომელთა უმეტესობა ადგილობრივადაა დამზადებული. მისაღებ სივრცეში განთავსებული დიდი და კომფორტული ლურჯი ტახტი და პუფი კონტრასტულ აქცენტებს ქმნის და იდეალურად ეხამება ბინის ინტერიერს.

სამზარეულო თბილი, ღია ფერთა პალიტრით ხასიათდება, რომელსაც დეკორატიული განათება განსაკუთრებით ამშვენებს და ალამაზებს. ფერადი სკამები, ოქროსფერი ელემენტები კი სივრცეს თანამედროვესა და მდიდრულს ხდის.  ბინაში უხვად გვხვდება ბუნებრივი გამწვანებაც, რაც ესთეტკურობასთან ერთად, ცოცხალ გარემოსაც უზრუნველყოფს.

მთავარ საძინებელში ერთმანეთს ორგანულად ერწყმის კლასიკური და თანამედროვე შტრიხები. მოლდინგებით, ოქროსფერი დეტალებით, ღია ფერებით, მრავალფეროვანი დეკორატიული სანათებითა და ფერადი ავეჯით იქმნება ეკლექტური, მყუდრო გარემო, რომელიც საკმაოდ მოსახერხებელი და ფუნქციურია.

ბავშვის ოთახს გამორჩეული ყურადღება ეთმობა, რადგან მასში კარგადაა გამოხატული მაცხოვრებლის ინტერესები და ცხოვრების სტილი. ოთახის დიზაინში ფეხბურთის ელემენტები პრინტისა და ხელნაკეთი ბადის დეკორის სახით არის შემოტანილი, რაც სივრცეს განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებს.

სააბაზანო ოთახები დომინანტური თეთრი ფერითა და აქცენტრებული კედლებით ხასიათდება.  ელეგანტური და ჰარმონიული იერსახე ამ ზონებშიც შენარჩუნებულია და საკმაოდ დახვეწილ, საინტერესო ესთეტიკას განაპირობებს.

მარიამ ძამაშვილის ნამუშევარი დეტალებისგან შექმნილი ლამაზი და კომფორტული საცხოვრებელი გარემოა, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე დიზაინის ტენდენციებს და დამკვეთის სურვილებსა და გემოვნებას აკმაყოფილებს.

პროექტის ავტორი: მარიამ ძამაშვილი

ინტერიერის დიზაინის სტუდია: TeamFour Design

სარემონტო კომპანია: Five Points Construction 

გამოყენებული მასალები:

ავეჯი: „ლაზიერი“; „მოდერნო“

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ბილი ბილიხოძე

მცურავი სახლი ეკვადორში – Natura Futura Arquitectura-ს პროექტი

ახალი წელი სახლში – “ბლოქსი” ოჯახურ გარემოში გატარებული დღეების მნიშვნელობას გვახსენებს