მეფე ედუარდის პერიოდის პირქუში არქიტექტურული სტილის მქონე სახლის გარდაქმნა ფერად და ხალისიან შენობად პროექტის შემქმნელებისთვის საკმაოდ რთული ამოცანა აღმოჩნდა. სახლის მასალა, ფორმები და ფერები ისეა ერთმანეთზე გადაჯაჭვული და იდეურად დაკავშირებული, რომ მტკიცე სტრუქტურასა და ცოცხალ სივრცეს ქმნის. სახლის ინტერიერის დიზაინი მრავალი პოპ კულტურის ელემენტებითაა გაჯერებული და შთაგონებული, მათ შორის, “დისნეილენდის” ატრაქციონებით, სხვადასხვა ცნობილი კომპანიის ესთეტიკითა და ფილმ „ჩხერკეთელაობით“ (“Trainspotting”). სახლის სართულებს შორის გადაადგილებისას ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ატმოსფეროებში ვხვდებით – მისი ინტერიერი ზოგგან მუქი და მონოქრომულია, ზოგგან კი ძალიან ნათელი და შუქით სავსე.
სახლის სახურავი უკანა, ბაღის მხარეს ერთი მეტრითაა დახრილი, ამ ადგილას სასადილო ოთახი და სამზარეულო ბაღს უერთდება. პირველი სართულის გეგმაში შეტანილი მცირე ცვლილებებით არქიტექტორებმა დამატებითი საძინებლისთვისაც გამონახეს ფართი. ამ ორმა მნიშვნელოვანმა დეტალმა სახლის სივრცე შედარებით გაადიდა და მისი პოტენციალი სრულად გამოავლინა.
სახლში აქა-იქ ჩაშენებულია ავეჯიც, რომელიც მას სამომავლოდ ძალიან მრავალფუნქციურსა და ცვლილებების მიმართ დამყოლს ხდის. სამზარეულოს ავეჯი და კარ-ფანჯარა გადამუშავებული საჭრელი დაფებისა და რძის ბოთლის თავსახურებითაა დამზადებული.
ლაზერით გადაჭრილი მეტალის ბოძები, სვეტები, ფილები და განზრახ „განადგურებული“ აგურის კედელი სახლს სურეალისტურ ელფერს აძლევს. არქიტექტორებმა ზედა სართულის ძველი სახურავი მოხსნეს და ის ახალი, მინის სახურავით ჩაანაცვლეს, ისე, რომ შეინარჩუნეს ძველი კონსტრუქციის მთავარი ელემენტები. სააბაზანოში არსებული ჭადრაკის დაფის ვიზუალის ფილები ისეთივეა, როგორიც თავდაპირველ სახლში. საერთო ჯამში, სახლი სრულად ეხმიანება მისი მფლობელების ცხოვრების სტილსა და გემოვნებას, რაც ყველა არქიტექტურული კომპანიის მთავარი მიზანია.
არქიტექტურული კომპანია: CAN
ფოტოგრაფი: Jim Stephenson