in

Iittala – ფინური ბრენდი სკანდინავიური ესთეტიკით

Iittala ფინური ბრენდია, რომელიც სპეციალიზირებულია ძვირადღირებული ინტერიერის ელემენტების, სამზარეულოს, სასადილო და დეკორატიული ჭურჭლის დიზაინსა და წარმოებაში. მასალად, როგორც წესი, მინას იყენებს და ფინეთში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, რომელიც ფართოდ არის ცნობილი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც.

Iittala-ს მინის წარმოების დიდი ტრადიცია აქვს. მინის პირველი ქარხანა 1881 წელს დაარსდა ამავე სახელწოდების მქონე ქალაქში და 1917 წლიდან 1950 წლამდე ცნობილი იყო როგორც კარჰულა-იტალას ქარხანა. ქარხნის იდეა პიტერ მაგნუს აბრაამსონს ეკუთვნის. 1930-იანი წლების პირველ ნახევარში აქ უკვე თანამედროვე სტილის ნამუშევრების შექმნა დაიწყო, რომლებიც სკანდინავიური სტილის კლასიკად იქცა. მათ შორის იყო პირველი შუშის ჩიტები და ჭურჭლის Ultima Thule სერია.

ბრენდის მთავარი იდეა არის ჰარმონია და ისტორიული სტილი, თუმცა მათ კოლექციებში განსხვავებული დიზაინის ნივთებს ვხვდებით. მაგალითად, ჭურჭლის კოლექცია “Teema”, რომელიც დიზაინერმა კაი ფრანკმა 1952 წელს შექმნა, 2001 წელს შექმნილი ღვინის ჭიქები, ქვის სასანთლეები და ასე შემდეგ. 2012 წელს მათ გამოუშვეს ჭურჭლისა და სამზარეულოს აქსესუარების კოლექცია, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა მასალის – კერამიკის, მინის, ხის და ტექსტილის ოსტატურ კომბინაციას.

დღეს Iittala არის საერთაშორისო კომპანიის, Fiskars-ის ნაწილი. პროდუქციის უმეტესი ნაწილი იწარმოება მის ქარხნებში, ფინეთის ტერიტორიაზე. ზოგიერთი პროდუქტი ხელით მზადდება, მაგალითად, აინო აალტოს ლარნაკი და ოივა ტოიკკას ჩიტები. ჰელსნიკში მდებარეობს კერამიკული ქარხანა, რომელიც თეფშებს და სხვა სახის ჭურჭელს აწარმოებს, ხოლო ფოლადის ნივთები სორსაკოსკის ქარხანაში მზადდება.

Iittala-სთან თანამშრომლობდნენ ისეთი ცნობილი დიზაინერები, როგორებიც არიან აინო აალტო, ალვარ აალტო, გორან ჰონგელი, ტაპიო ვირკკალა, კაი ფრანკი და სხვები.

როგორ მოვაშოროთ ცხიმის ლაქები ღუმელს? – 3 მარტივი მეთოდი

მცურავი სახლი ეკვადორში – Natura Futura Arquitectura-ს პროექტი