კაქტუსი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეგზოტიკური მცენარეა. მისი მოვლა საკმაოდ მარტივია, აქვს მცირე ზომები და იდეალურად ერგება ოთახის ინტერიერს. თუმცა, თუ გსურთ, რომ მცენარე აყვავდეს და დიდხანს იცოცხლოს, უნდა დაიცვათ გარკვეული წესები და რეკომენდაციები, რომლებსაც ლანდშაფტის დიზაინერები გვიზიარებენ.
როგორ შევარჩიოთ კაქტუსი?
სახლისთვის ყველაზე შესაფერისი არჩევანი ე.წ ჯუჯა კაქტუსებია, რომელთა შორისაც რამდენიმე ჯიში ყველაზე პოპულარულია. ჯუჯა კაქტუსის შერჩევის დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ისინი სხვადასხვა ტემპერატურაზე ხარობენ, ამიტომ წინასწარ უნდა განსაზღვროთ, როგორია ტემპერატურა სახლის იმ ნაწილში, სადაც კაქტუსის გახარებას აპირებთ.
ზამთარში ეგზოტიკური მცენარეების უმეტესობა მიძინებულ პერიოდში შედის. ამ დროს უმჯობესია ტემპერატურა +10 გრადუსამდე შეამციროთ. გამოზამთრების კიდევ ერთი პირობაა მორწყვის მაქსიმალური შემცირება, რათა მცენარის ფესვები არ დააზიანოთ.
სად უნდა განვათავსოთ კაქტუსი?
კაქტუსისთვის საუკეთესო ადგილია ფანჯრის რაფა ან მაგიდა, რომელიც მდებარეობს ფანჯარასთან რაც შეიძლება ახლოს. სინათლის ნაკლებობა იწვევს კაქტუსის დეფორმაციას: ის იკუმშება, იცვლის ფორმას და ხდება ნაკლებად მიმზიდველი. ამ მცენარეს ძირითადად სამხრეთ ან აღმოსავლეთ ნაწილში ათავსებენ, მას განსაკუთრებით არ მოსწონს ჩრდილოეთი მხარე.
თბილ სეზონზე კაქტუსის დატოვება აივანზეც კი შეგიძლიათ, თუმცა მთავარი პირობაა, რომ ღამითაც კი ტემპერატურა 16 გრადუსზე დაბლა არ დაეცეს. ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მზის სხივებმა შეიძლება კაქტუსი დაწვას, ამიტომ ის აუცილებლად ჩრდილში უნდა მოათავსოთ. მზის დამწვრობა ღია ყავისფერ ლაქებად რჩება, რომელთა მოშორებაც შეუძლებელია.
მოარიდეთ რადიატორებსა და ისეთ მოწყობილობებს, რომლებიც სითბოს გამოჰყოფენ, რადგან მათ სიახლოვეს ეგზოტიკური მცენარეები მარტივად კვდებიან.
როგორ უნდა მოვრწყათ კაქტუსი?
არსებობს ყველაზე მარტივი და გავრცელებული მორწყვის მეთოდი, რომლის დროსაც წყალი ზემოდან იღვრება და მცენარის ღეროს გავლით ხვდება ქოთანში, საიდანაც ტენი ფესვებს მიეწოდება, თუმცა ამ შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა გააკონტროლოთ წყლის რაოდენობა, რადგან არაზუსტმა მორწყვამ შეიძლება მცენარე დაალპოს.
მეორე და შედარებით უფრო მარტივი გზა მცენარის „ქვედა მორწყვის“ სახელითაა ცნობილი. ამ დროს წყალს პირდაპირ ქოთანში ასხამენ, რომელსაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს პატარა ნახვრეტი ზედაპირზე, საიდანაც წყლის ზედმეტი რაოდენობა გაიწოვება.
იმისთვის, რომ კაქტუსი არ დალპეს, ის აუცილებლად სუფთა “დამდგარი” წყლით უნდა მორწყათ. ონკანის წყალი შეიცავს მარილებს, რომლებიც დროთა განმავლობაში მცენარეს სიკვდილამდე მიიყვანს. კაქტუსების მოსარწყავად შეგიძლიათ გამოიყენოთ ადუღებული წყალი, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა გააჩეროთ.
რა სიხშირით უნდა მოვრწყათ მცენარე?
ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ კაქტუსის მორწყვა საჭირო საერთოდ არ არის და მას თვეების განმავლობაში შეუძლია ტენის გარეშე ცხოვრება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. კაქტუსი უნდა მოირწყას ყოველ მეორე დღეს იმ შემთხვევაში თუ გარეთ ცხელა.
ზამთარში, ნოემბრიდან მარტამდე, კაქტუსი გადადის მიძინებულ პერიოდში. თუ ქოთანს გრილ ადგილას გადაიტანთ, მორწყვის სიხშირე მაქსიმალურად უნდა შეამციროთ, თუმცა თუ იმავე ადგილას ტოვებთ, მაშინ ორ-სამ კვირაში ერთხელ მიწა ოდნავ დაასველეთ.
მარტი-აპრილის პერიოდში კაქტუსი გამწვანებას იწყებს. ამ პერიოდში სითხის მიცემა მცირე რაოდენობით იწყება და შემდგომ იზრდება. მორწყვებს შორის ინტერვალი 10-15 დღე უნდა იყოს.
ზაფხულში კაქტუსის მორწყვა შეგიძლიათ კვირაში ერთხელ, სასურველია საღამოობით. უკიდურეს სიცხეში მორწყვებს შორის ინტერვალი მცირდება.
რამდენ ხანს ცოცხლობენ კაქტუსები?
კაქტუსი მრავალწლიანი მცენარეა, რომელიც ბუნებაში 100 წლამდე ცოცხლობს, თუმცა ბინაში მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 50 წლამდე მცირდება. თუ მცენარე ავად არის, მისი მომავალი ბედი დამოკიდებულია თქვენი მოქმედებების სისწრაფეზე.
თუ მცენარე ფერმკრთალდება, იხვევა ან იკუმშება, ქოთანი უფრო ნათელ ადგილას გადაიტანეთ, ხოლო თუ მას ყავისფერი ლაქები და ობი უჩნდება, ეს ობობის ტკიპის ნიშანია და აუცილებელია მცენარის შესაბამისი წამლებით დამუშავება.
ლპობა ერთ-ერთი ყველაზე მზაკვრული და რთულად სამკურნალო დაავადება. მთავარი სიმპტომია კაქტუსზე სხვადასხვა ზომის ლაქების გამოჩენა. ამ შემთხვევაში საჭიროა დაზიანებული უბნების ამოჭრა და ამ ადგილების წამლებით დამუშავება.