თბური ტუმბო სამაცივრო ციკლით მომუშავე მოწყობილობაა, რომელიც გარემოში (მიწაში, ჰაერში, წყალსატევებში და ა.შ.) არსებულ დაბალი პოტენციალის სითბურ ენერგიას მაღალი პოტენციალის სითბოდ გარდაქმნის. ამ უკანასკნელის შენობაში გადატუმბვის შემდეგ შესაძლებელია ჰაერის ან წყლის სასურველ ტემპერატურამდე გათბობა. ასევე მოწყობილობა შენობაში არსებულ ჭარბ სითბოს გარემოში გადატუმბვას და ჰაერის გაგრილებას ახდენს. ამრიგად, თბური ტუმბო რევერსიული მანქანაა, რომელსაც როგორც გათბობის, ასევე, გაგრილების რეჟიმში შეუძლია მუშაობა.
თბური ტუმბო გარკვეული რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს, იყენებს გარემოში დაგროვებულ მზის ენერგიას და მაღალი ტემპერატურის ენერგიად ტრანსფორმაციის შემდეგ, შენობას ათბობს/აგრილებს ან წყალს აცხელებს. სტანდარტული გაზის გამაცხელებელი ქვაბისგან განსხვავებით, 100%-ით ეკომეგობრულია, საერთოდ არ აყენებს ზიანს გარემოს, რადგან მავნე გამონაბოლქვი არ აქვს და დაბალი მოხმარების ენერგიის წყალობით, ეკონომიურია.
რა განსხვავებაა თბურ ტუმბოსა და სტანდარტულ ქვაბს შორის?
კომპანია „კლიმაკომფორტი“, რომელიც ქართულ ბაზარზე თანამედროვე თბური ტუმბოს იმპორტს ახორციელებს, მოწყობილობის მუშაობის პრინციპსა და მის უპირატესობებზე გვესაუბრება.
„თბური ტუმბო არის მოწყობილობა, რომელიც ეფექტურად ატარებს სითბოს ერთი ადგილიდან მეორეზე. უფრო კონკრეტულად, სისტემა დაბალი ტემპერატურის სითბოს იღებს გარე სივრციდან (მიწიდან, ჰაერიდან), გარდაქმნის მას და მაღალი ტემპერატურის ნაკადებს შენობას აწვდის. შედეგად, თბური ტუმბო უფრო ეკოლოგიური, ხარჯთეფექტური და ენერგოდამზოგავი მოწყობილობაა სხვა გამაცხელებელ დანადგარებთან შედარებით. მისი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ შეუძლია შენობა ერთდროულად მოამარაგოს როგორც თბილი, ისე გრილი ჰაერით“, — აღნიშნავენ კომპანიაში.
რაც შეეხება გათბობის ქვაბს, ჩვენი რესპონდენტი გვიხსნის, რომ გათბობის ქვაბი წყლის გასათბობად დახურულ სისტემას იყენებს, რომელიც რადიატორებს ან სხვა გამათბობელ დანადგარებს მიეწოდება. დღეისათვის ბაზარზე ხელმისაწვდომია როგორ ელექტრო, ისე გაზზე მომუშავე ქვაბები.
გათბობის ქვაბის უარყოფითი მხარეები იმაში მდგომარეობს, რომ ორივე ტიპის ხელსაწყო დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს გამოყოფს, რაც მავნებელია გარემოსთვის, განსაკუთრებით სახიფათო კი მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსებშია. ასევე, გაზზე მომუშავე ქვაბის არასწორად და ხარვეზით დამონტაჟების შემთხვევაში, მაღალია ინტოქსიკაციის რისკი. ამასთანავე, ქვაბი პერიოდულ მონიტორინგს საჭიროებს. უსაფრთხოებისთვის რეკომენდებულია, რომ წელიწადში ერთხელ ჩაუტარდეს ტექნიკური შემოწმება, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.
რაც შეეხება თბურ ტუმბოს, ის რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობით ხასიათდება:
ენერგოეფექტურობა და ეკონომიურობა — თბური ტუმბო გაცილებით ენერგოეფექტურია, რადგან ის ენერგიის წყაროს გარემოდან იღებს, შემდეგ მას გარდაქმნის და შენობას გადასცემს, ამიტომ ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და კომუნალურ ხარჯებს ამცირებს. სპეციალისტის თქმით, გათბობის სისტემაში 1 კვტ.სთ. თბური ენერგიის მისაწოდებლად, დანადგარი სულ რაღაც 0,2-0,35 კვტ.სთ. ელექტროენერგიას ხარჯავს, რაც საგრძნობლად ზოგავს კომუნალურ გადასახადებს.
ეკოლოგიურობა და უსაფრთხოება — თბური ტუმბოს მიერ გამოყოფილი სითბური აირები, ქვაბისგან განსხვავებით, ფაქტობრივად, ნულამდეა დაყვანილი. შესაბამისად, გაცილებით უფრო ეკოლოგიურია და უსაფრთხოა გარემოსთვის.
კომფორტული მოხმარება და გამოყენების სიმარტივე — თბურ ტუმბოს შეუძლია, შენობას გადასცეს როგორც თბილი, ასევე, ცივი ჰაერის ნაკადები, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონის შესაბამისად, სახლის ერთდროულად გათბობა და გაგრილებაა შესაძლებელი. ამასთანავე, ტუმბოს ავტომატური მართვა დანადგარის კომფორტულ და საიმედო მუშაობას უზრუნველყოფს. ექსპლუატაციის პროცესში სისტემა არ საჭიროებს სპეციალურ მომსახურებას, მარტივად ხდება გათბობის რეჟიმის ზაფხულის კონდიცირების რეჟიმზე გადართვა. ასევე, უნდა ითქვას ისიც, რომ ტუმბო კომპაქტურია და მინიმალური ხმაურით მუშაობს.
ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადა — კომპანიის წარმომადგენელი ხაზს უსვამს იმასაც, რომ თუ გათბობის ქვაბის საექსპლუატაციო ვადა 10 — 15 წელია, თბური ტუმბო 20 — 24 წლის განმავლობაში შეუფერხებლად მუშაობს მკაცრ კლიმატურ პირობებშიც კი. ასევე, ქვაბისგან განსხვავებით, არ საჭიროებს გეგმურ ტექნიკურ მონიტორინგს.
აუცილებელია იმის ხაზგასმაც, რომ გათბობის ქვაბთან შედარებით, თბური ტუმბოს ღირებულება გაცილებით მაღალია. დარგის ექსპერტი გვიხსნის, რომ საშუალოდ, 30% — 40%-იანი სხვაობაა მათ ღირებულებებს შორის. ტუმბოს ფასი, ქართულ ბაზარზე, 4000 დოლარიდან იწყება.
„თუ გავითვალისწინებთ თბური ტუმბოს ხარჯთეფექტურობას, მოსალოდნელია, რომ ფასთა სხვაობა 2 წელიწადში დაბალანსდეს. ჩვენი ოფიციალური პარტნიორია „Panasonic“-ი, ამიტომ საქართველოში მისი უახლესი თაობის ჭკვიანი თბური ტუმბოები — „Panasonic Aquarea“ შემოგვაქვს. დანადგარის ღირებულება 4000 დოლარიდან იწყება. ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფართობის გათბობა-გაგრილება გვჭირდება. „Aquarea“, სახლის მაღალი თბოიზოლაციის პირობებში, თვეში 30%-მდე შეამცირებს ელექტროენერგიის ხარჯს. მაგ. თუ სტანდარტული ცენტრალური გათბობის ქვაბით კომუნალური გადასახადი თვეში 400 ლარია, „Aquarea“-ს თბური ტუმბოს შემთხვევაში, საშუალოდ, ხარჯი 100-120 ლარით მცირდება“.
თუ თბური ტუმბოს გამოყენებას გადაწყვეტთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა გაითვალისწინოთ, რომელთაც „კლიმაკომფორტის“ წარმომადგენელი გვიზიარებს:
- ქვაბისგან განსხვავებით, რომელიც მაღალი ტემპერატურის სისტემაა, თბური ტუმბო დაბალი ნაკადის ტემპერატურაზე მუშაობს, რისთვისაც შეიძლება სტანდარტული გათბობის რადიატორები საკმარისი არ აღმოჩნდეს. თბურ ტუმბოსთან უფრო ეფექტურია იატაკის, კედლის ან ჭერის გათბობის სისტემები, ან უფრო დიდი ზომის რადიატორები და ფანკოილები.
- თბური ტუმბო არ მუშაობს გაზზე, მისი ენერგიის წყარო მხოლოდ ელექტრო და ატმოსფერული ენერგიაა. მაღალმთიან რეგიონებში, მაგალითად, სვანეთში, სადაც ძირითადად ელექტროენერგია მოიხმარება, თბური ტუმბო გათბობის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
- თბურ ტუმბოს ისევე, როგორც გათბობის ქვაბს, სჭირდება სივრცე აივანზე ან ეზოში. თუმცა ქვაბისგან განსხვავებით, არ საჭიროებს შეფუთვას ან სპეციალური სათავსოს მოწყობას, რადგან თბური ტუმბო 25 გრადუს ყინვაშიც კი ეფექტურად მუშაობს.