in

„HEY“-ს კონცეპტუალური მაღაზიის დიზაინი კავსაძის ქუჩაზე — Studio2AM-ის ნამუშევარი

დღევანდელ სტატიაში ინტერიერის დიზაინის სტუდია „Studio2AM“-ის ახალ ნამუშევარს გაგაცნობთ, რომელიც კონცეპტუალური მაღაზია „HEY“-ის დიზაინს გულისხმობს და საინტერესო, მინიმალისტური ინტერიერით ხასიათდება. ობიექტი თბილისში, კავსაძის ქუჩაზე მდებარეობს.

შოურუმზე მუშაობისას, პროექტის ავტორებს სურდათ გამორჩეული ატმოსფეროს შექმნა, რომელიც უფრო თვალშისაცემს გახდიდა სკამებსა და თაროებზე განთავსებულ სხვადასხვა ტანსაცმელსა თუ აქსესუარს. ამავე დროს, მომხმარებელში დადებით ემოციებს გამოიწვევდა და მათ მყუდრო, კომფორტულ გარემოში მოქმედების საშუალებას მისცემდა.

ინტერიერში კედლები და ჭერი ბეტონის ტექსტურას იმეორებს და ინდუსტრიულ ესთეტიკას ქმნის. ეპოქსიდური იატაკი კი უწყვეტ ვიზუალურ კავშირს ამყარებს და ადგილს ერთიანსა და მინიმალისტურს ხდის. ტანსაცმლის ალუმინის საკიდები, ჭერიდან დელიკატურად ჩამოკიდებული წვრილი სიმებით, უწონობის ილუზიას განსაზღვრავს, რაც სივრცეში ცურვის განცდას იწვევს.

გრძელი ალუმინის განათება კი, რომელიც მთელს ტერიტორიაზეა განთავსებული, ინტერიერს იდეალურად ერწყმის და მას განსაკუთრებულ შტრიხებს სძენს.

შოურუმი გაფორმებულია „Studio2AM“-ის მიერ დამზადებული ფოლგის სკამითა და მაგიდით, რომელიც 2022 წელს სპეციალურად თბილისის არქიტექტურის ბიენალესთვის შეიქმნა.  ეს დეტალი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ნივთების ხელახალი გამოყენების მნიშვნელობას. ამავე თემის ერთგვარი გაგრძელებაა ყვავილების ინსტალაცია, რომელიც დაშა სიდოროვასთან თანამშრომლობით მომზადდა და სამგორის მიმდებარე მინდვრებიდან შეგროვებული მცენარეებით შეიქმნა.

ბუნებრივი ელემენტების გამოყენება, ხელოვნური, კომერციულად შეძენილი პროდუქტების ნაცვლად, პროექტის ავტორების მიზანმიმართული გადაწყვეტილება იყო, რათა სივრცისთვის ავთენტური, ინდივიდუალური სახე მიენიჭებინათ და მომხმარებლებისთვის ერთგვარი აღმოჩენებისა და სასიამოვნო შთაბეჭდილებების გამოცდილება შეექმნათ.

პროექტში სხვადასხვა მხატვრული ელემენტი ჰარმონიულადაა გამოყენებული. დიდი ყურადღება მიექცა გრაფიკული დიზაინის ასპექტების დამუშავებასაც, რათა არ მომხდარიყო სივრცითი დიზაინის იდეასთან ცდომილება. ამგვარმა მიდგომამ კი პროექტი მხატვრული ნარატივის კომპონენტად აქცია და სივრცეს ორიგინალური, განსხვავებული და არასტანდარტული სახე შესძინა.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: Grigory Sokolinsky

1182 წელს აშენებული ვინტაჟური ვილა იტალიაში

თბური ტუმბო — როგორია მისი მუშაობის პრინციპი და ღირებულება ქართულ ბაზარზე