in

რა უნდა ვიცოდეთ ჩასაშენებელი ქურის დამონტაჟებამდე?

ჩაშენებული ქურები უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რადგან ისინი იდეალურად ერგებიან ნებისმიერი სტილის სამზარეულოს ინტერიერს, იკავებენ ნაკლებ ადგილს და აქვთ რამდენიმე უპირატესობა, რომელიც სტანდარტული ქურებისაგან საკმაოდ გამოარჩევს.

დღევანდელ სტატიაში გიამბობთ ყველა იმ მახასიათებლის შესახებ, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ მანამ, სანამ სამზარეულოსთვის ჩასაშენებელი ქურის შეძენას გადაწყვეტთ.

ზომა

ჩასაშენებელი ქურის მთავარ უპირატესობად მომხმარებლები სწორედ ამ ფაქტორს მიიჩნევენ, რადგან ამ შემთხვევაში ქურის სიმაღლე დამოკიდებულია მის დიზაინზე და არის ბევრად უფრო მცირე, ვიდრე სტანდარტული მოდელის. ჩასაშენებელ ქურას არ აქვს კავშირი ღუმელთან, იგი იყენებს დამოუკიდებელ დენის ან გაზის წყაროს. მაგრამ თანამედროვე ბაზარზე უკვე ვხვდებით ისეთ ქურებსაც, რომლებიც მუშაობენ როგორც ელექტრო ენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის მოხმარებითაც, ასე რომ ეს ფაქტორი ძირითადად მომხმარებლის ინდივიდუალურ სურვილებს ეყრდნობა.

მონტაჟის სპეციფიკა

ჩასაშენებელი ქურის დასამონტაჟებლად დაგჭირდებათ სამზარეულოს ზედაპირის (ან იმ ტექნიკის, რომლის ზედაპირზეც ქურის დამონტაჟება გსურთ) წინასწარ მომზადება. ამისთვის საჭიროა გაზის ან დენის წყაროს შექმნა და სპეციალური ნაწილების დახმარებით ქურის მათთან მიერთება.

მონტაჟი ჩასაშენებელი ქურის ერთ-ერთ უარყოფით მხარედაც ითვლება, რადგან თუ სტანდარტული ქურის შემთხვევაში, მისთვის ადგილის შეცვლა საკმაოდ მარტივია, ჩასაშენებლის შემთხვევაში – ეს ასე არ არის, ამიტომ აუცილებელია, რომ ადგილი წინასწარ შეარჩიოთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგიწევთ ქურის დემონტაჟი, დარჩენილი ცარიელი სივრცის შევსება და დასამონტაჟებლად საჭირო პროცესების თავიდან გავლა, რაც საკმაოდ ხანგრძლივი და უსიამოვნო პროცესია.

გაითვალისწინეთ, რომ უკვე ჩაშენებული ქურისთვის ადგილის შეცვლა მისი დემონტაჟის გარეშე შეუძლებელია.

შესაძლებლობები

როდესაც ჩასაშენებელ ქურას შეიძენთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ დაგჭირდებათ ცალკე მდგომი ღუმელიც, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩასაშენებელ მოდელს ღუმელთან კავშირი არ აქვს და ის დამოუკიდებელი ტექნიკაა.

სხვა მხრივ ჩასაშენებელი ქურის შესაძლებლობები საკმაოდ ჰგავს სტანდარტულს. აქვს 2-4 სითბოს კერა, რომელთა რაოდენობაც თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებსაა მორგებული და აღჭურვილია სხვა დამატებითი პარამეტრებით, მაგალითად, შეიძლება ჰქონდეს ტაიმერი, სენსორული მართვის პანელი და სხვა.

უსაფრთხოება

როგორც ვიცით, სტანდარტული ქურის შემთხვევაში, საჭიროა მხოლოდ ერთი გაზის ან დენის წყაროს არსებობა, რომელსაც ღუმელი და საჭიროების მიხედვით, კიდევ რაიმე სხვა ნაწილი უერთდება, ხოლო ჩასაშენებელი ქურის გამოყენების დროს დენის/გაზის წყაროების რაოდენობა იზრდება და შესაბამისად იზრდება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებიც.

იმისთვის, რომ თქვენმა ქურამ გამართულად და უსაფრთხოდ იმუშავოს, აუცილებელია, მისი დამონტაჟების პროცესში დაიხმაროთ პროფესიონალები.

ღირებულება

ღირებულება უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, ფასები განსხვავდება დიზაინის, ფუნქციების, ზომების და სხვა პარამეტრების მიხედვით, რის გამოც ფასების საშუალო დიაპაზონის დადგენა რთულია.

ჩასაშენებელი ქურის შეძენას დაახლოებით 300 ლარის ფარგლებშიც შეძლებთ, თუმცა არსებობს ისეთი მოდელები, რომელთა ფასიც ათასობით ლარს აღემატება.

ასე რომ, ჩასაშენებელი ქურის თვისებების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ მას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეებიც, თუმცა თუ თქვენთვის პრიორიტეტული ტექნიკის გარეგნული მახასიათებლებია, ინტერიერის დიზაინერები აუცილებლად ქურის ამ მოდელის შეძენას გირჩევენ.

საფასადო ბლოკი — გამოყენების სფეციფიკა და ღირებულება ქართულ ბაზარზე

ბორცვზე მდებარე სახლი პორტუგალიაში – SIA arquitectura-ს პროექტი