in

როგორ მოვუაროთ ბუნებრივ ნაძვის ხეს სახლის პირობებში?

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად საახალწლო სამზადისიც დაიწყო. დღესდღეობით თანდათან უფრო პოპულარული ხდება ბუნებრივი ნაძვის ხის მორთვის ტენდენცია, რომელსაც დეკორატიულ ხისგან განსხვავებით, ბუნებრივი გარეგნობა, სასიამოვნო სურნელი და თვისებები გააჩნია. თუმცა, ბუნებრივი ნაძვის მოვლა სახლის პირობებში საკმაოდ რთულია და იმისთვის, რომ ხე არ გახმეს, რამდენიმე რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოთ.

პირველ რიგში, მანამ სანამ უშუალოდ ნაძვის ხის აწყობას გადაწყვეტთ, სჯობს, რომ ის სახლის გარეთ, გრილ ადგილას შეინახოთ, რათა ტემპერატურის ცვლილებებმა მისი გახმობა არ გამოიწვიოს. ამას გარდა, როდესაც ბუნებრივ ნაძვს შეიძენთ, შეგიძლიათ ის მსუბუქად რამდენჯერმე დაფერთხოთ, რათა გამხმარი წიწვები კარგად მოშორდეს.

ნაძვის ხის აწყობამდე მიზანშეწონილია მისი ძირის განახლება, ამისთვის დაახლოებით 5-10 სანტიმეტრის სიგრძეზე უნდა მოაჭრათ ქერქი, შემდეგ კი უკვე შეგიძლიათ, რომ ის წყლით ან მიწით სავსე სადგამში მოათავსოთ. გაითვალისწინეთ, რომ მოჭრილ ქერქს მიწა ან წყალი სრულად უნდა ფარავდეს.

წყალს შეგიძლიათ დაუმატოთ ასპირინი, ცოტა მარილი და ერთი სუფრის კოვზი შაქარი. ასპირინი ხელს უშლის ბაქტერიების განვითარებას, ხოლო მარილი და შაქარი ხეს საკვები ნივთიერებებით ამარაგებს.

როგორც წესი, ნაძვი ბევრ წყალს „სვამს“, ამიტომ აუცილებელია, რომ ის პერიოდულად სუფთა წყლით მორწყოთ, ხოლო ტოტებს ყოველდღიურად შეასხუროთ წყლის წვეთები სპრეის ბოთლის დახმარებით. ეს პროცესი ახანგრძლივებს მის სიცოცხლეს და აძლიერებს ბუნებრივ სუნს.

თუ მოჭრის ან შეძენის დროს ნაძვი თოკების დახმარებით იყო შეკრული, სასურველია ის რამდენიმე დღის განმავლობაში დაასვენოთ, რათა ტოტები თავდაპირველ მდგომარეობას ნელნელა დაუბრუნდეს.

თქვენს ხეს კარგად უნდა დააკვირდეთ, შესაძლოა გრძელი ტოტების მაკრატლით მოჭრაც დაგჭირდეთ. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მისი სიგრძეში დამოკლებაც, თუ ხეს კარგად მოუვლით, ეს პროცესები მას არ დააზიანებს, საბოლოოდ კი ლამაზ და ბუნებრივ ნაძვის ხეს მიიღებთ, რომელსაც სასურველი საახალწლო დეკორაციებით გააფორმებთ.

კლასიკური და სკანდინავიური სტილის სინთეზით შექმნილი ბინა კრწანისის ქუჩაზე — მარიამ მარგიანის ინტერიერი

რა არის მაიოლიკა და რისთვის იყენებენ მას ინტერიერის დიზაინში