in

დიზაინში გამოხატული ინდივიდუალიზმი — ინტერვიუ ანანო მეგრელიშვილთან

დღევანდელ სტატიაში დიზაინერ ანანო მეგრელიშვილს განსხვავებული კუთხით დაგანახებთ. ის Homeis.ge-სთან საუბრისას თავის განვლილ გზას, კარიერულ გამოცდილებას გაგვაცნობს და პროფესიისადმი დამოკიდებულებასა და ქართულ დიზაინ სფეროზე გვიამბობს. ანანო პირველ ნაბიჯებს იხსენებს და დამწყებ დიზაინერებს საინტერესო რჩევებს უზიარებს. ამასთანავე, საკუთარ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრება.

ანანო, გვიამბეთ თქვენ შესახებ, როგორი იყო თქვენი ბავშვობა და რატომ აირჩიეთ ეს პროფესია? 

ჩემი ბავშვობა არაფრით გამორჩეულ ბნელ 90-იანებს უკავშირდება, თუმცა მიუხედავად რთული პერიოდისა, ჩემს ოჯახში ყოველთვის იყო საინტერესო საუბრები მუსიკაზე, ხელოვნებაზე, მხატვრობაზე. მამას ძალიან უყვარდა ხელოვნება, თავადაც ხატავდა სამოყვარულო დონეზე, მოთხრობებს წერდა, ერთად ვუსმენდით მუსიკასაც. შეიძლება ითქვას, საინტერესო გარემოში ვიზრდებოდი. ჩემს პროფესიაში ხშირად შეხვდებით ისეთ არქიტექტორებსა თუ დიზაინერებს, რომლებსაც ეს პროფესია შთამომავლობით გადაეცათ. ჩემ შემთხვევაში ასე არ მოხდა. მახსოვს, თავიდან წარმოუდგენლად მეჩვენებოდა წარმატების მიღწევა ამ სფეროში. შესაძლოა, როდესაც არავინ გყავს, მეტი ძალისხმევის ჩადებაა საჭირო, რათა გზა გაიკვალო, მით უმეტეს ამ პატარა ქვეყანაში, თუმცა ესეც ერთ-ერთი ცხოვრებისეული გამოცდილებაა. პირველად ხაზვით სკოლაში, გეომეტრიის საგანზე დავინტერესდი, რამაც ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. მახსოვს, ხაზვის მომენტში ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი. მომავალში პროფესიის შერჩევისას სწორედ ამ დეტალმა იქონია გავლენა. შემდეგ კერძოდ მომზადება დავიწყე ხაზვასა და ხატვაში, ჩემს პედაგოგსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს პროფესიულ არჩევანსა და განვითარებაში.

ბინა ლისზე

გვიამბეთ თქვენი განათლების შესახებ, როდის დაინტერესდით ინტერიერის დიზაინით?

დავამთავრე თბილისის სამხატვრო აკადემია არქიტექტურის მიმართულებით. დაახლოებით მე-2 კურსზე ვიყავი, როდესაც კერძო საცხოვრებელი სახლის პროექტი გვქონდა გასაკეთებელი. პროექტირებისას ინტერიერზე მუშაობა ჩემთვის უფრო საინტერესო აღმოჩნდა, თითოეული დეტალის წინასწარ გათვლა და განსაზღვრა დიდ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს მიმართულება მომწონდა და ამ გზით მსურდა განვითარება. იმ პერიოდში ყველაფერს ხელით ვხაზავდით და ვხატავდით. კომპიუტერული პროგრამები ახალი შემოსული იყო, ამიტომ მათი შესწავლა გადავწყვიტე და პატარა-პატარა ვიზუალებისა და პროექტების კეთება დავიწყე, რამაც დიდი გამოცდილება მომცა.

გაიხსენეთ თქვენი კარიერული გზა, რამ მოგიყვანათ ამ ეტაპამდე, სადაც ახლა ხართ?

აკადემიის დასრულების შემდეგ, პირველი დიდი გამოცდილება ერთ-ერთ კომპანიაში მივიღე, სადაც სტაჟირებას გავდიოდი. შემდეგ იყო კერძო, მცირე პროექტები, უარს არცერთ შემოთავაზებაზე არ ვამბობდი, რათა გამოცდილება გამეფართოვებინა. ვესწრებოდი სხვადასხვა ვორქშოფს, სემინარს, კურსსა თუ მასტერკლასს. სწორედ ერთ-ერთი ვორქშოფის დროს გავიცანი საინტერესო ადამიანები, რომელთა დახმარებით დიდი ავეჯის მაღაზიის შოურუმის პროექტზე ვიმუშავე ბაქოში. პარალელურად, მუდმივად ვცდილობდი კერძო შეკვეთები ამეღო და გამოცდილება გამემდიდრებინა. ამიტომ ახალ სამსახურს ვეძებდი, სადაც სტაბილურად დავაგროვებდი ცოდნას. გამიმართლა და ერთ-ერთ დიზაინ სტუდიაში დავიწყე მუშაობა, სადაც უდიდესი გამოცდილება მივიღე ბრენდებთან, მასალებთან და დამკვეთებთან ურთიერთობის კუთხით. დავდიოდი ობიექტებზე, ვესწრებოდი შეხვედრებს, ვარჩევდი მასალებს, ამ ყველაფერმა დიდი თავდაჯერებულობა შემძინა.

დაახლოებით ორი წლის შემდეგ კარიერა ერთ-ერთ წამყვან სამშენებლო კომპანიაში განვაგრძე, რაც ვფიქრობ, ყველაზე გარდამტეხი ნაბიჯი იყო ჩემს საქმიანობაში. ამ დროის განმავლობაში მიწევდა დიდი მასშტაბის პროექტებზე მუშაობა, დღეში რამდენიმე დამკვეთთან ურთიერთობა და სამუშაოების ზედამხედველობა. ასევე, მონაწილეობას ვიღებდი უცხოელ პარტნიორებთან საინჟინრო და საპროექტო ნაწილების დაგეგმვაში.

ამის შემდეგ, საინტერესო შემოთავაზება მივიღე საერთაშორისო კომპანიისგან, რომელიც შედარებით განსხვავებულ საქმიანობას, სტუდიისა და სცენის დიზაინერის პოზიციას მთავაზობდა. ესეც ერთგვარი გამოწვევა და სიახლე იყო. ამ პოზიციის დამსახურებით არაერთ პროექტზე ვიმუშავე ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოლუმბიაში, ესპანეთში, ლატვიაში, მალტაში, სომხეთსა და  საქართველოში.

ამასთან ერთად, გავაკეთე ჩემი დიზაინის სტუდია, სადაც აქტიურად ვასრულებ კერძო პროექტებს. გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, ახალგაზრდა კოლეგებსაც ვუზიარებდი  ცოდნას, მათ ინტერიერის დიიზაინს ვასწავლიდი და საბაზისო განათელბის მიღებაში ვეხმარებოდი. მოსწავლეებთან ურთიერთობა ახალ გამოწვევასთან ერთად, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, რადგან იმ პერიოდში ბევრი ნიჭიერი ადამიანი გავიცანი. ამჟამად, დროის სიმცირის გამო, სწავლების პროცესი დროებით შევაჩერე, რადგან კერძო პროექტებს ვაკეთებ და სცენის დიზაინერად ვმუშაობ ერთ-ერთ უკრაინულ კომპანიაში.

ბინა კიკვიძის ბაღთან

როგორია თქვენი დიზაინერული ხედვა, რა არის თქვენთვის მთავარი კონცეფციის შემუშავებისას?

შესაძლოა, ხშირად გსმენიათ სხვადასხვა მოსაზრება ამა თუ იმ ფერის ეფექტის შესახებ – როგორ ადიდებს ან აპატარავებს ის სივრცეს. ჩემი დიზაინ ფილოსოფია კი სრულიად საპირისპიროა. მგონია, რომ ინტერიერი ადამიანზე მორგებული უნდა იყოს და არა პირიქით. თუ დამკვეთს მუქი ფერები ან ღია ტონალობა მოსწონს, მთავარი სწორედ ესაა და არა ის, თუ რას ამბობს ამის შესახებ ფერთა ფსიქოლოგია. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. შესაბამისად, თითოეულ მათგანს ფერებისა თუ საგნების განსხვავებული ხედვა და აღქმა აქვს. ამიტომ ვფიქრობ, ჩემი ნამუშევრების მთავარი სათქმელი სწორედ ეს არის — შევქმნა ისეთი ინტერიერი, სადაც პიროვნება თავს კარგად და ჰარმონიულად იგრძნობს. თუმცა ასევე, დიზაინი არ უნდა ივიწყებდეს იმ ზოგად სტანდარტებს, რომლებიც ამ ჰარმონიის განუყოფელი ნაწილია.

ბინა ისანში

ბინა დიდუბეში

ვისაუბროთ თქვენს შემოქმედებით პროცესზე, როგორ დაახასიათებდით მას?   

შემოქმედებით პროცესში, უპირველესად, აუცილებელია ობიექტზე ვიზიტი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვნახო რეალობაში თუ რას ვაკეთებ, ხედი როგორი აქვს შენობას, მზე საიდან შემოდის, რამდენად ახლოსაა ბუნებასთან… ობიექტის დათვალიერების შემდეგ ვიწყებ კონცეფციის შემუშავებას და ჩემს იდეებს რეალურ ფორმებს ვარგებ, სამუშაოს მიმდინარეობისას კი ის შეიძლება შეიცვალოს და საბოლოოდ, განსხვავებული სახე მიიღოს. მასალებს ყოველთვის ერთდროულად ვარჩევ, რადგან ინტერიერში ყველა ფერი თუ მასალა ერთმანეთთან კავშირშია, ამიტომ ცალკეულად აღებულ ფილას ან ოთახის დიზაინს არასდროს ვაკეთებ. ვცდილობ, სივრცეს მთლიანად ერთიანი დიზაინის ხაზი ჰქონდეს.

რაც შეეხება შთაგონებას, მას ყველაფრისგან ვიღებ — ფოტოგრაფიისგან, კინოსგან, მუსიკისგან, უბრალოდ მაღაზიებში სიარულისგან და რაც მთავარია, დამკვეთთან ურთიერთობისგან. ასევე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია წამყვანი ბრენდების სიახლეების გაცნობა, გამოფენებზე, ვორქშოფებსა და სხვადასხვა მასტერკლასზე სიარული.

ბინა ბაგებში

თქვენი ნამუშევრებიდან რომელ პროექტებს გამოარჩევდით? 

ჩემი ნამუშევრებიდან ერთ ოთახიან „ხრუშჩოვკის“ ტიპის ბინას გამოვყოფდი, რომელიც ჩემს მეგობართან, ანა სარალიძესთან ერთად გავაკეთე. დიზაინი სრულად შევცვალეთ და ძალიან პატარა ფართში ყველა საჭირო დეტალი გავითვალისწინეთ. ამას გარდა, ბინა ვიზუალურადაც ძალიან ნათელი და ლამაზი გამოვიდა. ამ ნამუშევარმა საზოგადოების ინტერესი გამოიწვია და მას  დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

‘ხრუშჩოვკის” ტიპის ერთ-ოთახიანი ბინა

მეორე პროექტი კი ჩემი ბინაა, სადაც ყველა ჩანაფიქრი შეძლებისდაგვარად განვახორციელე, თითოეული დეტალი ნაფიქრი და გააზრებულია, ამიტომ ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის.

ბინა უნივერსიტეტის ქუჩაზე. ანანო მეგრელიშვილის სახლი

გაგვიზიარეთ თქვენი შეფასება თანამედროვე ქართული არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის შესახებ?

საქართველოში არქიტექტურა ყოველთვის მაღალ საფეხურზე იყო. ჯერ კიდევ საუკუნეების წინ, ხალხს ძველი თბილისის არქიტექტურა აღაფრთოვანებდა. განსაკუთრებით, „არტ-ნუვოს“ საოცარი შენობები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს ბრუტალურ ნაგებობებში გადაიზარდა. დღესდღეობით არაერთი საინტერესო პროექტი გვხვდება. გვყავს ძალიან კრეატიული და საინტერესო არქიტექტორები თუ დიზაინერები. თუმცა, ამ კრეატიულობის ფონზე მთავარ გამოწვევად დღემდე უსახური, უმასშტაბო და ქაოსური განაშენიანება რჩება. ასევე, დიდი პრობლემაა რეკრეაციული ზონების არარსებობა და ყველაფრის “ჩაბეტონება”, რამაც შესაძლოა, სამომავლოდ სავალალო შედეგები გამოიწვიოს.

კერძო სახლი მუხაწყაროში. მიმდინარე პროექტი

როგორი სტილია დღეს ჩვენთან ყველაზე აქტუალური, როგორი მოთხოვნაა ინტერიერის დიზაინის მომსახურებაზე და რამდენად ხარისხიანია ის?

ვფიქრობ, რთულია კონკრეტულად ერთი სტილის განსაზღვრა, რადგან ხშირად სხვადასხვა მიმდინარეობა სინთეზურად იჩენს თავს. თუმცა ბოლო პერიოდში ორი ტიპის სტილი განსაკუთრებით პოპულარულია — თანამედროვე, ე.წ. „Contemporary“ და  ბოჰო-სკანდინავიური, შედარებით ნატურალური მასალებით შექმნილი დიზაინი.

რაც შეეხება მომსახურებას ინტერიერის დიზაინის მიმართულებით, მოთხოვნა ძალიან გაზრდილია, ვინაიდან ადამიანები მიხვდნენ, რომ სივრცე, სადაც დროის უდიდეს ნაწილს ატარებენ, იქნება ეს საცხოვრებელი თუ ოფისი, პირველ რიგში, სწორად დაგეგმარებული უნდა იყოს, შემდეგ კი ესთეტიკურად საინტერესო და სახალისო. რაც შეეხება ხარისხს, მგონია, ძალიან ფართო სპექტრია ასარჩევად ამ სფეროში. არსებობენ როგორც  ძალიან საინტერესო, გამოცდილი პროფესიონალები, ასევე, შედარებით დამწყები, ნაკლები გამოცდილების მქონე დიზაინერები, რაც დამკვეთს გემოვნებისა და ბიუჯეტის მიხედვით არჩევანის შესაძლებლობას აძლევს.

აპარტამენტი გუდაურში

როგორია თქვენი ამჟამინდელი და სამომავლო გეგმები?   

ამ ეტაპზე მაქვს რამდენიმე მიმდინარე პროექტი, ერთი ინტერიერი, დამკვეთის მოთხოვნით, საკმაოდ მონოქრომული და მინიმალისტურია, მეორე კი ბოჰო-სკანდინავიურ სტილშია გადაწყვეტილი და საინტერესო დეტალებით გამოირჩევა. სამომავლო გეგმები ჩემს დიზაინის სტუდიას უკავშირდება. ძალიან მინდა ისეთი სივრცე შევქმნა, სადაც დამწყებ დიზაინერებს დავეხმარები და ჩემს ცოდნას გავუზიარებ. ასევე, ვგეგმავ სხვადასხვა პლატფორმის დახმარებით უცხოურ პროექტებზე მუშაობასაც.

ბინა ნუცუბიძეზე “მონოქრომული ინტერიერი”

დაბოლოს, რას ურჩევთ იმ სტუდენტებს, რომლებიც ახლა იწყებენ პროფესიულ საქმიანობას?

ჩემი რჩევა იქნება, რომ თუ არ გიყვართ ეს საქმე, უმჯობესია ბედი სხვა სფეროში სცადოთ, რადგან ეს არ არის უბრალოდ სამსახური, ეს ცხოვრების სტილია, რომელიც ან გიყვარს ან არა. ამ პროფესიაში შეუძლებელია დილით სამუშაოს დაწყება და საღამოს კონკრეტულ ვადებში საქმიანობის დასრულება. თუმცა თუ თქვენ მზად ხართ იმისთვის, რომ ცხოვრების უდიდესი ნაწილი სწორედ პროფესიას დაუთმოთ, მაშინ თქვენი საქმე აღსავსე იქნება ყოველდღიური სიახლეებით, საინტერესო პროექტებით, ახალი ადამიანებით, მუდმივი განვითარებით, მრავალფეროვნებით, შემოქმედებითობითა და საბოლოოდ, საინტერესო შედეგებით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა უარი არ თქვან ნებისმიერ შესაძლო გამოწვევასა თუ შემოთავაზებაზე, რადგან “კარგი” და “ცუდი” პროექტიც ორივე გამოცდილების ნაწილია და პროფესიულად გვზრდის.

ბინა ჯიქიაზე

ავტორი: მეკო მეტრეველი

ბორცვზე მდებარე სახლი პორტუგალიაში – SIA arquitectura-ს პროექტი

VELI.store-ზე ექსკლუზიური იტალიური ბრენდის, Ariete-ს პროდუქცია დაბრუნდა