საფასადო ბლოკი სამშენებლო ელემენტია, რომელიც ექსტერიერის მოსაპირკეთებლად გამოიყენება. ის ჩვეულებრივი ბლოკისგან განსხვავებით, მზა პროდუქტია და არ საჭიროებს შემდგომ დამუშავებას, ამიტომ მისი ინსტალაცია საკმაოდ მარტივია. ამასთანავე, დიზაინის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა და ფასადს განსაკუთრებულ ეფექტს სძენს.
ის ექსტერიერში რამდენიმე უპირატესობით ხასიათდება:
მონტაჟის სისწრაფე და ეკონომიურობა — როგორც უკვე აღვნიშნეთ, საფასადო ბლოკი მზა პროდუქტია, შესაბამისად, დამატებით ლესვასა და დამუშავებას არ საჭიროებს. ამიტომ, მისი მონტაჟი სწრაფად და მარტივად ხდება. ბლოკები ერთმანეთზე ლაგდება და ექსტერიერს სახასიათო იერსახე ეძლევა. ეს კი საგრძნობლად ზოგავს დროს, ენერგიასა და სარემონტო სამუშაოების ხარჯებს, რადგან დამატებითი მასალის შეძენა და ხელოსნების დაქირავება აღარ ხდება საჭირო.
მაღალი ხარისხი და მდგრადობა — მზა ბლოკები ხარისხითა და მედეგობითაც გამოირჩევა. ისინი საგანგებოდ მზადდება, რათა შემდგომ დამატებითი დამუშავება არ დასჭირდეს. ამასთანავე, მკაცრ კონტროლსა და შემოწმებასაც გადის, რათა ექსტერიერის იერსახე და დაცულობა დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოს.
დიზაინის მრავალფეროვნება — ჩვეულებრივი ბლოკისგან განსხვავებით, საფასადო მოდელი იმითაა უპირატესი, რომ ის მრავალფეროვანი დიზაინისა და ფერის შეიძლება იყოს, რის გამოც ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. შეგიძლიათ მას თქვენთვის სასურველი ნებისმიერი შეფერილობა მისცეთ და ექსტერიერი გაამდიდროთ.
საფასადო ბლოკთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ამ სფეროში მოღვაწე კომპანია „გოთიკას“ მივმართეთ. მისი წარმომადგენელი გვიხსნის, რომ საფასადო ბლოკებს, ძირითადად, ღობეების ასაშენებლად იყენებენ, მისი მთავარი უპირატესობა კი ისაა, რომ არ საჭიროებს გალესვას, დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს პირველად იერსახეს და რაც მთავარია, ფერთა მრავალფეროვნებით ხასიათდება.
„ჩვენ, უმეტესად, ცალმხრივი ვიზუალის მქონე ბლოკები გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი მხარეა დამუშავებული ისე, რომ მას კლდის ზედაპირის ეფექტი აქვს. მალე ქართულ ბაზარზეც შემოვიტანთ ორმხრივ მოდელებს, რომლებსაც ორივე მხარეს ბუნებრივი კლდის ეფექტი ექნება“, — განმარტავენ კომპანიაში.
საფასადო ბლოკები 500 მარკიანი (მარკა ბეტონის სიმყარესა და სიმტკიცეზე მიუთითებს, რაც უფრო მაღალია ნიშნული, მით უფრო ხარისხიანია მასალაც) ჰაიდელბერგცემენტისგან და ბეტონის დანამატებისგან მზადდება. სასურველი ფერის მისაღებად კი სპეციალურ პიგმენტებს უმატებენ, რომლებიც ბლოკის მომზადების პროცესში არსებულ მასაში ირევა და მდგრად ფერს უზრუნველყოფს.
„ფერების მისაღებად სპეციალური პიგმენტები შემოგვაქვს ჩეხეთიდან და მისი დახმარებით ვამზადებთ წითელ, ყავისფერ, ყვითელი ფერის ბლოკებს. 600 და 500 მარკიანი დეკორატიული ცემენტით კი შესაძლებელია თეთრი ტონალობის, ცისფრისა და სპილოსძვლისფრის მიღება“, — აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას სპეციალისტი.
ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ გარდა საფასადო ბლოკებისა, მომხმარებლები, ასევე, ხშირად სპეციალურ კოლონებსაც აშენებენ, რომლებიც უფრო ეფექტურსა და საინტერესოს ხდის ღობის დიზაინს და ექსტერიერის მიმზიდველობას უსვამს ხაზს.
რაც შეეხება მასალის ზომას, თითო ბლოკის ზომა 20 სმ. სიგანისა და 40 სმ. სიგრძისაა. ერთ კვადრატულ მეტრზე კი დაახლოებით 13 ბლოკის გამოყენებაა საჭირო. საფასადო ბლოკი ცალობით იყიდება. სადა, უფერო მოდელის ღირებულება 2,30 ლარს შეადგენს, ხოლო შეფერილი ბლოკი 3,20 ლარი ღირს.