მშვიდი და მყუდრო ატმოსფეროს მქონე ბინა, რომელიც სტოკჰოლმში მდებარეობს, თავდაპირველად ორი ცალკეული პროექტის სახით არსებობდა, თუმცა მოგვიანებით სივრცეები ისე გადაკეთდა, რომ ორის ნაცვლად, ერთი, თანამედროვე და განახლებული საცხოვრებელი შეიქმნა.
რემონტის შემდეგ პროექტმა შეიძინა განსხვავებული და ორიგინალური ხასიათი, განსაკუთრებულ ყურადღებას კი სამზარეულო იმსახურებს, რომელიც სახლის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული. ამას გარდა, სახლი მდიდარია სარკისებური ორნამენტებითა და შვედური ტრადიციებისთვის დამახასიათებელი მასალითა და ფერებით.
აპარტამენტს აქვს მაღალი ჭერი, კედლები ინტერიერის გადაკეთების პროცესში თავიდან არის შეღებილი, ხოლო ხის იატაკები განახლებულია სპეციალური ლაქით, რომელიც ოთახებს თბილ ბზინვარებას მატებს.
ეზოს მხარეს განთავსებულია მისაღები ოთახი, სამზარეულო და სტუმრების საძინებელი, აქვეა ხუთი დიდი ზომის ფანჯარა, რომლებიც სახლში მზის სხივების შემოსვლას უზრუნველყოფს.
სამზარეულოს საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა და ის ბინის მეპატრონის სურვილების მიხედვით არის დაპროექტებული, რომელსაც სურდა, რომ კერძების მოსამზადებლად საკმარისი სივრცე და მაქსიმალური კომფორტი ჰქონოდა.
საძინებელი ბინის ყველაზე მყუდრო ნაწილშია მოთავსებული და აქვს საკუთარი ტერასაც.
აქვეა მეორე საძინებელიც, რომელიც სტუმრებისთვის არის განკუთვნილი და მთავართან შედარებით, გაცილებით მცირე ზომისაა.
განახლებული აბაზანა თანამედროვე კერამიკული ფილებით არის გაწყობილი, ინტერიერის დიზაინი კი ვიქტორიანული სტილითაა შთაგონებული.