in

არქიტექტურა და ურბანისტიკა, როგორც ქალაქის განვითარების მთავარი საშუალება — ინტერვიუ ირაკლი მურღულიასთან

დღეს ირაკლი მურღულიას გაგაცნობთ, რომელიც “შპს ურბანიკას” დამფუძნებელი და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის ავტორია, როგორც ურბანული, ისე არქიტექტურული მიმართულებით. ირაკლი გვიყვება იმ გარემოსა და ბავშვობაზე, რომელშიც გაიზარდა. როგორც თავად ამბობს, სწორედ არქიტექტურულმა ოჯახმა უბიძგა პროფესიის არჩევისკენ და თავისი გადაწყვეტილებით დღეს ძალიან კმაყოფილია. ესაა საქმე, რომელსაც ჩვენი რესპონდენტი მთელი გულითა და მონდომებით ემსახურება. აღსანიშნავია ისიც, რომ ირაკლი საგანმანათლებლო სფეროშიც მოღვაწეობს და სტუდენტებს პროფესიის დაუფლებაში ეხმარება.  დღევანდელ სტატიაში ის ძალიან საინტერესო,  მნიშვნელოვან არქიტექტურულ თუ ურბანულ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას და თავის განვლილ გზაზე მოგვითხრობს.

ირაკლი, გვიამბეთ თქვენს ოჯახსა და იმ გარემოზე, რომელშიც გაზარდეთ?

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ზუსტად ისეთი საინტერესო ბავშვობა მქონდა, როგორც ეს 90-იანებს შეეფერება… ქაოსი სკოლაში, დაძაბულობა ქუჩაში, ბევრი ფეხბურთი, გვიანობამდე ეზოში ყოფნა და რაც მთავარია, მშვიდი გარემო ოჯახში. სწორედ ოჯახი იყო იმ დროს ის ადგილი, რომელიც ადამიანობას გასწავლიდა, გინარჩუნებდა და სწორ გზაზე გაყენებდა. არცაა გასაკვირი, რომ პროფესიის არჩევისას სწორედ ოჯახმა იქონია გავლენა: მამა, დედა და ბიძა არქიტექტორები არიან, ბაბუა კი ინჟინერი იყო. შესაბამისად, არქიტექტორების გარემოცვაში ვიზრდებოდი, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. ვხედავდი, მამაჩემი როგორ იწყებდა ხაზვას თავის დაფასთან ღამის 12 საათზე, როცა ყველანი დასაძინებლად მივდიოდით. დილით კი კიდევ ერთი ლამაზი პლანშეტი გვხვდებოდა დაფაზე… რა თქმა უნდა,  ეს ჩემზე მოქმედებდა, მითუმეტეს, თუ ცოტა მათემატიკური და შემოქმედებითი ნიჭიც გაქვს, ძნელია ცდუნებას გაუძლო და ამ პლანეტაზე საუკეთესო პროფესია არ აირჩიო.

პროფესიულად როდის დაინტერესდით არქიტექტურით და სად მიიღეთ განათლება?

სამი სკოლა გამოვიცვალე, შემდეგ კი მოსამზადებელი კურსები გავიარე არქიტექტურის ინსტიტუტში ჩასაბარებლად (მაშინ ასე ერქვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტს). ვფიქრობ, ახალგაზრდისთვის მნიშვნელოვანია ჯერ გადაწყვეტილების მიღება, თუ რისი კეთება უნდა მომავალში, შემდეგ კი დროული ანალიზი, თუ რამდენად სწორი არჩევანი გააკეთა — მოსწონს მომავალი პროფესია? გამოსდის? გაუძლებს კონკურენციას ამ დარგში? სიამოვნებს იმის კეთება, რასაც მთელი ცხოვრება უნდა ემსახუროს?

სწორედ „მოსამზადებელზე“ მივხვდი, რომ ეს იყო ის, რაც მანამდეც მომწონდა და მზად ვიყავი, მთელი ცხოვრება მეკეთებინა. შემდეგ იყო სტუდენტობის პერიოდის საოცარი წლები – 1995-2000, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან გარდა ცოდნისა, უნივერსიტეტმა შემმატა ის საზოგადოება, რომელიც იქ გავიცანი – ჩემი თანაკურსელები, ლექტორები, თანამშრომლები. მათ დღემდე ვემეგობრები. დღევანდელი სტუდენტებისგან განსხვავებით, თითქმის ყველა ჩემს კურსელთან  „ინტენსიური“ ურთიერთობა მაქვს. ასაკის მიუხედავად, დავმეგობრდი იმ პროფესორ-მასწავლებლებთან, რომლებიც დღეს ჩემი კოლეგები არიან როგორც პროფესიით, ისე საგანმანათლებლო მიმართულებით. 2004 წლიდან დღემდე, ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე ვასწავლი. შეიძლება ითქვას, „გეპეი“, ფაქტობრივად, ჩემი სახლია, სადაც ცხოვრების ნახევარზე მეტი, 30 წელი გავატარე…

გავიხსენოთ თქვენი შემოქმედებითი გზა, როგორი იყო ის?  

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მალევე დავიწყე მუშაობა. მაშინ ჯერ კიდევ ხელით ხაზავდნენ არქიტექტორები და მეც მახსოვს პირველი დავალება, რომელიც ახალ სამსახურში მომცეს — უნდა „დამეტუშა“ ფანქრით დახაზული ჭრილები… ცხადია, დამწყებს მხოლოდ შავ სამუშაოს თუ მიანდობდნენ, მაგრამ ახლაც მახსოვს ის ემოცია, რომელიც პირველ რეალურ პროექტში მონაწილეობისას მივიღე. შემდეგ კიდევ 2 კომპანიაში ვიმუშავე, სადაც უკვე არქიტექტურას მანდობდნენ და მას პროგრამულად ვამუშავებდი. პარალელურად მამაჩემთან, ჩემ პირველ მენტორთან ერთად ვაკეთებდი პროექტებს, სადაც მთავარ ცოდნასაც დავეუფლე.

ამასთანავე მაგისტრატურაზეც ვსწავლობდი, სადაც ჩემი ხელმძღვანელი ბატონო ლადო ვარდოსანიძე იყო. მან მაზიარა ქალაქგეგმარების არსს და დამანახა მისი აუცილებლობა და პერსპექტივები. მაგისტრატურის წარმატებით დასრულების შემდგომ GTZ-ის პროგრამით მოვხვდი გერმანიაში, სადაც ვსწავლობდი და ვმუშაობდი ქალაქგეგმარების და ტრანსპორტის დაგეგმარების მიმართულებით. გერმანიაში ყოფნისას მივხვდი, რომ ამ მიმართულებით ჩემი ცოდნა სრულიად ფუჭი, დროს აცდენილი და მომავალში (ანუ დღეს) სრულიად გამოუსადეგარი იყო. დაბრუნებისთანავე გადავწყვიტე გერმანიაში მიღებული გამოცდილება საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში გადმომეტანა. ამის საუკეთესო საშუალება კი მერიაში მუშაობა აღმოჩნდა. ამგვარად, მოვხვდი ჩემ მესამე მენტორთან, ბატონ ბესო გელდიაშვილთან. ეს კაცი იყო პატიოსნებისა და პროფესიონალიზმის საუკეთესო ნაზავი. მისგან ვისწავლე ის, რაც პროფესიაში მაკლდა: ქალაქის ინტერესების მთავარ და უპირობო პრიორიტეტად დაყენება, სიმშვიდე საზოგადოებასთან ურთიერთობაში, პასუხისმგებლობა „თბილისისა და თბილისელების“ წინაშე, პროფესიულად სწორი გადაწყვეტილებების მიღება…

მერიაში თითქმის 10 წელი ვიმუშავე. ეს იყო საოცარი პერიოდი განსაკუთრებულ ადამიანებთან ერთად. გვეგონა, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვაკეთებდით და ამიტომ მუდამ ერთ გუნდად ვიყავით შეკრულნი. რა თქმა უნდა, გვიწევდა ბრძოლა სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად, სამართლიანობისა და  წესრიგის დასამყარებლად, რაც  ხან გამოგვდიოდა, ხან არა. მერიიდან წამოსვლის შემდგომ ცოტა ხანი  „USAID“-ის პროგრამაში ვიმუშავე. იმ დროისთვის ქალაქგეგმარების როლი და მასზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, პროექტის ფარგლებში დავამუშავეთ ბათუმის, ფოთისა და რუსთავის ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმები. შეიძლება ითქვას, რომ ურბანული კუთხით, საქართველო სწორედ აქ გავიცანი და მივხვდი, რომ სხვა ქალაქებზე ზრუნვა მრავალგზის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თბილისის გაუთავებელი „განვითარება“. 2015 წელს მამაჩემთან ერთად დავაარსეთ „შპს ურბანიკა“ და ვფიქრობ, რომ ეს არის ადგილი, სადაც მხოლოდ კარგი რაღაცები ხდება და პროექტდება…

ვისაუბროთ შემოქმედებით პროცესზე, როგორია ის თქვენთვის. რისგან შედგება და როგორია თქვენი სტუდიის მუშაობის პრინციპი?

სამუშაო პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება: დამკვეთთან მოლაპარაკება, დავალების მიღება, ესკიზის დამუშავება, დეტალური პროექტის მომზადება და ა.შ. ამ ეტაპებში ყველაზე სასიამოვნო სწორედ ესკიზური პროექტის კეთებაა. ჩვენი პოლიტიკაა, რომ ყველა თანამშრომელს თანაბრად მივცეთ ამ პროცესში ჩართვის საშუალება. დამკვეთთან მოლაპარაკების შემდგომ ახალ პროექტზე შიდა კონკურსს ვაცხადებთ, შემდგომ ერთად განვიხილავთ ყველა ვარიანტის ავ-კარგიანობას, ვიღებთ საუკეთესო გადაწყვეტებს და გამარჯვებული იდეის ავტორს ვთავაზობთ, არსებულ ესკიზს ჩვენეული მოსაზრებებიც დაამატოს. ვფიქრობ, ეს სისტემა  პროექტების სამართლიანი გადანაწილებისა და საუკეთესო შედეგების მიღების შესაძლებლობას გვაძლევს.

თანამშრომელი სრულადაა ჩართული პროექტში და ნამუშევარს ბოლომდე უძღვება. ეს, ერთგვარად, უზრუნველყოფს შეცდომებისგან თავის დაზღვევას, რაც საქმის რამდენიმე ადამიანზე გადანაწილებისას წარმოიქმნება. მოხარული ვარ, რომ შევძელი ისეთი გუნდის შექმნა, სადაც ყველა კმაყოფილია როგორც საქმით, ისე ურთიერთობით. თანამშრომლების უმეტესობა ჩემი ყოფილი სტუდენტია. არქიტექტურის კათედრაზე ლექციები მაძლევს იმის საშუალებას, რომ „ნაღები მოვხსნა“ ახალ თაობას და საუკეთესო სტუდენტი ჩემთან ან სხვა არქიტექტურულ კომპანიაში დავასაქმო.

თქვენი შემოქმედებიდან რომელ პროექტებს გამოარჩევდით?

ჩემი საუკეთესო განხორციელებული და ამასთანავე მუდმივად მიმდინარე პროექტი – ჩემი ოჯახია, ეს ხუმრობით. რაც შეეხება არქიტექტურას, ალბათ გამოვარჩევდი ერთ-ერთ პირველ ნაშრომს – სასტუმრო „ტერასა ბუტიკს“ (Terrace Boutique) თბილისში, პ. კაკაბაძის ქუჩაზე. ის კარგადაა მორგებული რელიეფსა და ისტორიულ კონტექსტს.

ტერასა ბუტიკი

ასევე, აღვნიშნავდი „საგას“ საოფისე შენობას ბელიაშვილზე, რომელიც განსხვავდება ტიპური არქიტექტურისგან. მისი ფასადები განსხვავებულია იმისდა მიხედვით, თუ როგორ გარემო-პირობებზეა ორიენტირებული (მზე, ქარი, ხმაური).

საგა

არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების საუკეთესო ნაზავია „GREENHILL residence“-ს კომპლექსი უნივერსიტეტის ქუჩაზე. ვფიქრობ, აქ ყველაფერია, რაც კარგი საცხოვრებლისთვისაა საჭირო: ჯანსაღი ბინები, მსხვილი გამწვანებული ტერიტორიები, ველო-ბილიკები, თავისუფალი ზონა, სპორტული მოედანი, სპორტული დარბაზი, სტანდარტული საცურაო აუზი, სავარჯიშო დარბაზები, სპა ცენტრი, კომერციული და საოფისე სივრცეები, კაფეები და ა.შ.

GREENHILL residence

თითოეული ჩვენი შენობის არქიტექტურა განსხვავებულია, რათა არ შექმნილიყო ტიპურობის გრძნობა, თუმცა ყოველი შემდეგი პროექტი იმეორებს წინამორბედის ისეთ ელემენტებს, რომლებიც მათ ერთმანეთთან აკავშირებს…

 

ურბანული დაგეგმარების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად ბაკურიანისა და დიდი მიტარბის გენგეგმას ვთვლი. ამ პროექტში მე და ჩემმა მეგობარმა და კოლეგამ, მიშა ბალიაშვილმა უფრო მეტი დრო, ენერგია და რესურსი ჩავდეთ, ვიდრე გვქონდა. ალბათ მაქსიმუმზე მეტი გავაკეთეთ და შევქმენით ისეთი პროდუქტი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოშია ინოვაციური… სამწუხაროდ, ცოტა გვიან მოგვიწია ამ დოკუმენტზე მუშაობა, ბევრი რამ უკვე გაფუჭებული დაგვხვდა იქ, მაგრამ მრავალი ცუდი შედეგისგან დავიცავით ეს უმშვენიერესი ადგილი…

ბაკურიანის გენგეგმა

რომელია თქვენთვის გამორჩეული არქიტექტურული ობიექტი?

მხოლოდ ლექსად და ფოტოებიდან ვიცოდი ამ ძეგლის მშვენიერების შესახებ, თუმცა სასწაული გაოცება გამოიწვია ნიკორწმინდის ტაძრის ხილვამ. ამ ეკლესიასთან პირველივე შეხებაზე მესტუმრა ყველა ის გრძნობა, რაც გალაკტიონმა გადმოსცა თავის ლექსში.

მსგავსი ეფექტი არაფერს მოუხდენია ჩემზე. ასევე, არ ვიცი არქიტექტურას მიეკუთვნება თუ არა, მაგრამ „საგრადა ფამილია“ ალბათ საუკეთესო რამაა, რაც კი ოდესმე მინახავს. მგონია, რომ ეს არც არქიტექტურაა, არც ინჟინერია, არც… არ ვიცი რა არის, მაგრამ აშკარად საუკეთესოა, ისევე, როგორც გაუდის შემოქმედება სრულად.

საგრადა ფამილია

როგორ შეაფასებდით პროფესიას, რომელსაც ემსახურებით. რა მიზანი აქვს დღეს მას?

ჩვენ პროფესიას ერთი რამ გამოარჩევს ყველა სხვა დარგისგან — ეს არის ტექნიკური და შემოქმედებითი ხედვის ნაზავი. შეუძლებელია, გააკეთო ღირებული პროექტი თუ არ გაქვს ტექნიკური, მათემატიკური აზროვნება და შეუძლებელია შექმნა რაიმე კარგი თუ არ გაქვს შემოქმედებითი ნიჭი. ეს ორი პირობა აუცილებელია, რომ შენი ნააზრევი, დახატული და შემდგომ დახაზული განხორციელდეს. არაფერია იმაზე კარგი, როდესაც მიდიხარ ობიექტზე და ხედავ იმას, რაც შენ მონიტორზე გაქვს ნანახი, რასაც უკეთ იცნობ, ვიდრე საკუთარ თავს, სადაც ყველა დეტალის მოფიქრების მომენტი გახსოვს. მას უკვე ხორცშესხმულს ხედავ. ამ გრძნობას მხოლოდ ბავშვის გაჩენის სიხარული თუ აჯობებს, ამაზე დიდი ბედნიერება არქიტექტორისთვის არ არსებობს.

მთავარ გამოწვევას თანამედროვე არქიტექტურაში, ისევე როგორც ძველად, ერთი რამ წარმოადგენს — თანამედროვე მოთხოვნებისა და ტექნოლოგიების მაქსიმალურად ინტეგრირება პროექტში და საუკეთესო საცხოვრებელი, სამუშაო თუ დასასვენებელი გარემოს შექმნა კონკრეტულ ადგილმდებარეობაზე.

რა ძირითად პრობლემებს გამოყოფდით ქართულ არქიტექტურაში? 

დღეს ქართული არქიტექტურისა და ურბანისტიკის მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ სახელმწიფო, მეტწილად კი თბილისი, უმძლავრესად არის დამოკიდებული მშენებლობაზე ეკონომიკურად. ბიუჯეტზე უდიდეს გავლენას ახდენს სამშენებლო დარგი და შესაბამისად, მისი რეგულირება, ბრუნვების შემცირება, გარეთ გატანა აღქმულია საფრთხედ. თუ ამას დავამატებთ იმასაც, რომ მშენებლობაში „დიდი ფული ტრიალებს“, ფაქტობრივად, მივიღებთ იმას, რაც გვაქვს —  ქაოსურ მშენებლობას, „გადაჭარბებულ კოეფიციენტებს“, ინვესტორის მხრიდან დანახულ სიმართლეს. რეალურად, აქტიური მხოლოდ სამი დასახლებაა: თბილისი, ბათუმი და ბაკურიანი. სამივე მათგანმა თავის რესურსი უკვე ამოწურა და ყოველი ახალმშენებლობა (მით უმეტეს საცხოვრისის), მხოლოდ პრობლემის გამძაფრებას იწვევს. არქიტექტურული საზოგადოებაც ჩართულია ამ პროცესში და მისი მონაწილეა (მათ შორის ჩვენც). კომპანიები ვითარდება, უმჯობესდება ტექნოლოგიები, იზრდება მომსახურე პერსონალი, მაგრამ მთავარი მოთხოვნა და სადარდებელი კვლავაც გაზრდილი კოეფიციენტის მიწის ნაკვეთზე „ჩატენვა“ და საზოგადოებრივი ფუნქციის საცხოვრებლით ცვლილებაა. ალბათ მთავარი გამოწვევა უნდა იყოს ის, რომ ყველას ვასწავლოთ ნორმების დაცვით მშენებლობა, ვინაიდან ყოველი გადაცდენა გავლენას ახდენს როგორც იმ ახალაშენებული სახლის მაცხოვრებელზე, ისე იმ გარემოზე, სადაც ის შენდება. სამწუხაროდ, ამ პრობლემის გადაჭრა სცდება არქიტექტურულ სივრცეს, თუმცა უარყოფითად მოქმედებს მასზე.

როგორ დაახასიათებდით ქართულ ურბანულ სივრცეს? 

ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ უწყვეტად ხდება ახალი გენგეგმებისა და განაშენიანების გეგმების დამუშავება დასახლებებისთვის. ამით, ფაქტობრივად, ქალაქების, დაბებისა და სოფლების განვითარების წესები დგება – სად შეიძლება მშენებლობა, რისი მშენებლობა, რამდენის და რა უნდა გავაკეთოთ ამ დასახლების განსავითარებლად ურბანული, ეკოლოგიური თუ ეკონომიური კუთხით. თუმცა, ცუდი ის არის, რომ ეს დოკუმენტები არაფრად ღირს, თუ  მათი ეტაპობრივი რეალიზება არ მოხდა. სამწუხაროდ, დედაქალაქში გენგეგმასა და მის ხედვებს ეკონომიკა „ჭამს“, ხოლო მცირე დასახლებებში არანაირი ეკონომიკა არ არსებობს იმის განსახორციელებლად, რაც გენგეგმითაა გათვალისწინებული. სწორედ ამიტომაა, რომ არ იგრძნობა ახალი ქალაქგეგმარებითი დოკუმენტების დადებითი გავლენა დასახლებებზე…

დაბოლოს, გვესაუბრეთ მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე.

მიმდინარე პროექტებიდან გამოვარჩევდი მშენებარე საცხოვრებელ სახლს უზნაძის ქუჩაზე, რომელიც საინტერესოა თავისი ფუნქციითა და ისტორიულ ნაწილთან ადაპტაციით. ეს არის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი დიდი მწვანე ეზოთი, საკუთარი აუზით, სპა ცენტრით, სპორტ დარბაზით და სხვა მრავალი სახის მომსახურებით. ეს ყველაფერი კი იმდენად კომპაქტურადაა განლაგებული შენობაში, რომ მეც მიკვირს.

სახლი უზნაძის ქუჩაზე

რაც შეეხება ქალაქგეგმარებით პროექტებს – რამდენიმე განაშენიანების რეგულირების გეგმას ვამუშავებთ პარალელურად, დიდსა და პატარას. განსაკუთრებით ყურადღებით ვუდგებით ახალ პროექტს, რომელსაც დღე-დღეზე დავიწყებთ. ესაა დაბა მანგლისის განაშენიანების გეგმა, სადაც მანგლისის ძლიერი მხარეების მაქსიმალურად გამოყენება უნდა შევძლოთ, რათა დაბას კურორტის სახე დავუბრუნოთ. იმედია, ამ პროექტსაც წარმატებით გავართმევთ თავს.

მაგლისის პროექტი

ავტორი: მეკო მეტრეველი

ჰიდროიზოლაციის მახასიათებლები და ღირებულება ქართულ ბაზარზე

MUA Architecture & Placemaking-ის პროექტი Braun Publishing-ის წიგნში „კონტეინერის არქიტექტურა“ მოხვდა