in

ჰიდროიზოლაციის მახასიათებლები და ღირებულება ქართულ ბაზარზე

ჰიდროიზოლაცია არის ტექნიკა, რომელიც ზედაპირს წყლის შეღწევისგან იცავს. ის ძირითადად სახლის სახურავსა და სველ წერტილებში კეთდება, რათა სივრცის უსაფრთხოება უზრუნველყოს. ჰიდროიზოლაცია რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობით ხასიათდება:

უსაფრთხოება  — ჰიდროიზოლაცია იცავს შენობასა და მასალებს წყლის დაზიანებისგან, ლპობის, დაშლისა და კოროზიისგან. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შენობების სახურავსა და სამზარეულო – სველ წერტილებში. მისი დახმარებით შესაძლებელია საკუთარი ბინის უსაფრთხოებისა და მეზობლის საცხოვრებლის დაცვა, რათა წყალი არ ჩავიდეს და სივრცე არ დააზიანოს.

ინფრასტრუქტურის მედეგობა — ჰიდროიზოლაცია მასალებს დაზიანებისგან იცავს, შესაბამისად, რემონტისა და სახლის პირვანდელი იერსახის სიცოცხლისუნარიანობას ზრდის. ამიტომ, ჰიდროიზოლაციის დამსახურებით შესაძლებელია სამომავლო ხარჯების შემცირება და წყალთან დაკავშირებული პრობლემებისგან თავის არიდება.

ჯანსაღი და ჰიგიენური გარემოს შენარჩუნება — ჰიდროიზოლაცია გვეხმარება ჯანსაღი და სუფთა გარემოს მიღწევაში, რადგან ის ტენიანობისა და ობის წარმოქმნის პრევენციას ახდენს, რაც ბაქტერიებისა და მიკრობების წყარო შეიძლება გახდეს და ჩვენს ჯანმრთელობას პრობლემები შეუქმნას.

ჰიდროსაიზოლაციო მასალად ორ კომპონენტიან ცემენტს იყენებენ, რომელიც ერთმანეთში ირევა, მას შემდგომ სპეციალური ხსნარი ემატება, რომელიც მასალას კრავს და წყლის მიმართ მედეგს ხდის.  ბაზარზე ძირითადად სამი ტიპის ჰიდროიზოლაციას გამოყოფენ – ბიტუმის ბაზაზე დამზადებულ ჰიდროიზოლაციას, რომელსაც ტოლის სახელითაც იცნობენ; თხევად, წასასმელ ჰიდროიზოლაციას, რომელიც ბიტუმის ბაზაზე დამზადებული მასალისგან იმით განსხვავდება, რომ ის ზედაპირზე ისმევა და არ ეკვრის; მესამე კი მემბრანული ტიპის ჰიდროიზოლაციაა, რომელიც ყველაზე მედეგი, გამძლე და ძვირადღირებულია.

ჰიდროიზოლაცია კერამიკული ფილის დაგებამდე კეთდება. ამასთანავე, აუცილებელია, რომ გალესილი კედელი ან იატაკი მაქსიმალურად მშრალი და სწორი იყოს, რათა ჰიდროიზოლაცია ზუსტად, ეფექტურად შესრულდეს. ზედაპირის გალესვის შემდგომ სასურველია მინიმუმ 1 კვირიანი ინტერვალი, რათა ზედაპირი ბოლომდე გამოშრეს და სინესტე არ დარჩეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დროთა განმავლობაში ზედაპირი აუცილებლად ამოიბერება და ჰიდროიზოლაციაც გაფუჭდება.

ამასთანავე, რეკომენდებულია ზედაპირზე ჰიდროიზოლაციის ორ ფენად დატანა, რომელთა შორის ასევე უნდა დავიცვათ დროითი შუალედი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მეორე ჰიდროსაიზოლაციო ფენის დატანა განსხვავებული, საპირისპირო მიმართულებით უნდა მოხდეს, რათა თითოეული ნაწილი წყლის მიმართ მდგრადი მასალით სრულყოფილად დაიფაროს.

დარგის სპეციალისტები გვირჩევენ ჰიდროსაიზოლაციო ლენტის გამოყენებასაც, რომელიც კუთხეებში მაგრდება, რადგან ეს დეტალი ყველაზე სუსტი ადგილია და ბზარების შემთხვევაში. სწორედ აქედან ჟონავს წყალი, რაც თქვენ და თქვენს მეზობელს მომავალში პრობლემებს შეგიქმნით.

რაც შეეხება ღირებულებას, ის დამოკიდებულია მასალის ტიპსა და ხარისხზე. საშუალოდ, კარგი ხარისხის  ჰიდროსაიზოლაციო მასალის 1 ქილა, რომელიც დაახლოებით 10 მ2-ს ჰყოფნის (ორ ფენად წასმის შემთხვევაში), 200-350 ლარის ფარგლებში მერყეობს, ჰიდროსაიზოლაციო ლენტის ფასი კი 10 გრძივ მეტრზე, დაახლოებით,  50-100 ლარია. რაც შეეხება ხელობას, ის დამოკიდებულია ფართობსა და ზედაპირის მდგომარეობაზე, რადგან თუ ბეტონის ზედაპირი სათანადოდ არ არის დამუშავებული — ამოყრილია ან საფარს ბზარები აქვს,  ხელოსანს მის მოსასწორებლად შრომატევადი საქმის შესრულება უწევს, რაც ხელობის ღირებულებას ზრდის. საშუალოდ, 1 მ2-ის მიხედვით, მომსახურების ფასი 15-20 ლარიდან იწყება.

ავტორი: მეკო მეტრეველი

როგორი იყო 2023 წელი ქართული არქიტექტურისთვის? — მარიამ მენაბდის შეჯამება

არქიტექტურა და ურბანისტიკა, როგორც ქალაქის განვითარების მთავარი საშუალება — ინტერვიუ ირაკლი მურღულიასთან