პოლონურმა არქიტექტურულმა სტუდიამ “Warmhouse” კორპორაციების ლოგოების მიხედვით დაპროექტებული სახლების ვირტუალური დიზაინი გაავრცელა.
სახლების დიზაინი შთაგონებულია სპორტული ბრენდის, Adidas-ისა და მანქანათმშენებელი კომპანიების – Chevrolet, Renault და Mitsubishi-ს ლოგოებით.
კარინა ვიჩიაკის (Karina Wiciak), Wamhouse Studio-ს დამფუძნებელმა პროექტი ადიდასის სამსხივიანი სიმბოლოთი ინსპირირებული სახლის დიზაინის შექმნით დაიწყო. „ეს იდეა სრულიად შემთხვევით მომივიდა. ერთ დღეს “Adidas”-ის ლოგო დავინახე შენობაზე და მივხვდი, რომ თანამედროვე არქიტექტურას სხვა ბრენდების სიმბოლოებიც ძალიან დაამშვენებდა“,-აცხადებს ის.
პროექტის მიხედვით, „Adidas-ის სახლი“ ოთხსართულიანი შენობაა, რომელიც ბეტონის სამი ზოლისგან შედგება და ერთმანეთისგან მინის ვიტრაჟებითაა გამოყოფილი. ვიტრაჟები ერთდროულად სახლის ფასადისა და ჭერის როლსაც თამაშობს – ის შენობის მთელ სიგრძეზეა გადაჭიმული და სახურავამდე გრძელდება.
“Adidas”-ის შემდეგ დაპროექტდა “Chevrolet”-ის სახლი – ჯვარედინი შენობა, რომლის იდეაც კომპანიის თანადამფუძნებელს, უილიამ დურანტს ეკუთვნის. ვისიაკის ხედვის მიხედვით, ეს სახლი წყლით უნდა იყოს გარშემორტყმული და მასთან მოხვედრა მხოლოდ ნავით იქნება შესაძლებელი.
მესამე – რომბის ფორმის სახლი, რომელსაც შესაბამისი სახელი -„Rhombhouse“ ეწოდება, მანქანათმშენებელი კომპანია „Renault“-ის ლოგოთია ინსპირირებული, მეოთხე „Pyrahouse“-ად წოდებული კი – „Mitsubishi“-ს სიმბოლოთი.
„სხვა უამრავი ცნობილი კომპანიის ლოგოც მომწონს, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ოთხი ბრენდი ჩემს არქიტექტურულ სტილს ყველაზე მეტად შეესაბამება. შემდგომი პროექტები უკვე გეგმაშია , იმედია, ერთ დღეს ისინი მართლა აშენდება და რეალურადაც გვექნება მათი ნახვის შესაძლებლობა,“- განაცხადა ვიჩიაკმა.
ჯერჯერობით უცნობია, Warmhouse Studio-ს ოთხი კონცეპტუალური სახლი მართლა იხილავს თუ არა მზის შუქს, თუმცა, არქიტექტორების თქმით, ეს მათთვის სახალისო პროექტი იყო, რომელმაც დაამტკიცა, რომ ნებისმიერი რამ, რაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფიგურირებს, შეიძლება იყოს შთამაგონებელი.