in

როგორ გავახაროთ “ფულის ხე”?

მცენარე, რომელიც “ფულის ხის” სახელით არის ცნობილი, საკმაოდ უპრეტენზიოა, ადვილად იზრდება მხოლოდ ფოთლის ან ღეროს გამოყენებით და მრავალი წლის განმავლობაში ამშვენებს სახლს. ამას გარდა, უამრავი ადამიანი მიიჩნევს რომ როდესაც ეს მცენარე ხარობს, მას სახლში კეთილდღეობა მოაქვს.

სხვაგვარად, მას „კრასულას“ სახელითაც იცნობენ და იზრდება ახლო აღმოსავლეთში, სადაც მასზე განსაკუთრებით ზრუნავენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ არ გჯერათ კეთილდღეობის, სიმდიდრისა და სხვა გადმოცემების, “ფულის ხის” დახმარებით შეგიძლიათ დაამშვენოთ თქვენი სახლის ინტერიერი, რადგან ის შთამბეჭდავად გამოიყურება და განსაკუთრებით უხდება მინიმალისტური სტილის საცხოვრებლებს.

ფულის ხე ეკუთვნის კრასულას ოჯახს და ყველაზე ხშირად გვხვდება როგორც მრავალწლიანი მცენარე, თუმცა არსებობს ისეთი ჯიშებიც, რომლებიც მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ხარობენ. მისი შეძენა შეგიძლიათ უკვე გაზრდილ მდგომარეობაში, ან შეგიძლიათ თავად გაზარდოთ, შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით.

როგორ დავრგოთ ფულის ხე ღეროს გამოყენებით?

მოამზადეთ მცენარის ღერო, მოჭერით ის დაახლოებით 10სმ-ის სიგრძეზე, ხოლო ძირის ნაწილს მოაშორეთ ფოთლები და მოათავსეთ წყალში იქამდე, სანამ არ დაფესვიანდება. ამ პროცესს დაახლოებით ერთი კვირა სჭირდება.

წინასწარ შეარჩიეთ პატარა ქოთანი, მოათავსეთ საკვები დანამატებით მდიდარი მიწა, ხოლო უკვე დაფესვიანებული მცენარე ფრთხილად გადარგეთ ქოთანში ისე, რომ მისი ფესვები არ დააზიანოთ. როდესაც ფულის ხე გაიზრდება, შეგიძლიათ მისი გადანერგვა უფრო დიდი ზომის ქოთანში.

როგორ დავრგოთ ფულის ხე ფოთლის გამოყენებით?

შეარჩიეთ ძლიერი და ჯანსაღი ფოთოლი და მოათავსეთ ის ერთ ჭიქა წყალში. მოამზადეთ ქოთანი, შეავსეთ ის მიწით და დაელოდეთ ფოთლის დაფესვიანებას.

ღეროსგან განსხვავებით, ფოთოლი არ უნდა ჩარგოთ ძალიან ღრმად, ხოლო ნიადაგი უნდა იყოს წინასწარ დატენიანებული, რათა მცენარე არ გახმეს ან პირიქით – არ დალპეს.

როგორ მოვუაროთ ფულის ხეს?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფულის ხე საკმაოდ უპრეტენზიო მცენარედ ითვლება, რომელიც მინიმალურ პირობებს საჭიროებს და შეუძლია ორ მეტრზე დიდი გაიზარდოს. თუმცა არსებობს გარკვეული წესები და რეკომენდაციები, რომლებიც უნდა დაიცვათ.

პირველ რიგში, შეარჩიეთ შესაბამისი და კომფორტული ქოთანი. უკეთესია თუ ის იქნება დაბალი და ფართო დიამეტრით.

მოათავსეთ ქოთანი სახლის აღმოსავლეთ მხარეს. ამ მცენარეს ძალიან უყვარს მზე, თუმცა ვერ უძლებს მის პირდაპირ სხივებს. ყოველ სამ კვირაში ერთხელ სასურველია ქოთნის ¼-ით შებრუნება, რათა მზე მასზე თანაბრად გადანაწილდეს.

რეგულარულად მორწყეთ ოთახის ტემპერატურაზე გამთბარი წყლით. ნიადაგი 3 სანტიმეტრზე მეტ სიღრმეზე არ უნდა გაშრეს. ზამთარში შესაძლებელია მორწყვის სიხშირის შემცირება.

ფულის ხე ოქტომბრიდან მარტამდე მიძინებულ მდგომარეობაშია, ასე რომ უმჯობესია თუ მას 15-20 გრადუს ტემპერატურაზე მოათავსებთ და თავს შეიკავებთ მისი მორწყვისგან.

ამ მარტივი წესების დაცვით, მარტივად შეძლებთ რომ თქვენი ფულის ხე გაახაროთ, შეიქმნათ სასიამოვნო განწყობა ინტერიერში და კიდევ უფრო გაალამაზოთ საკუთარი საცხოვრებელი.

2024 წლის გამორჩეული ნაძვის ხეები ქართული ინტერიერებიდან

8 ადგილი თბილისში სადაც მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის შეძენას შეძლებთ