in

კრემისფერ ტონებში გადაწყვეტილი ბინა ყიფშიძის ქუჩაზე — სტუდია „Allora Design“-ის ნამუშევარი

დღევანდელ სტატიაში ანი თამაზაშვილის ბინას გაგაცნობთ, რომელიც ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 144 მ2-ია. ანი კომუნიკაციების სფეროში საქმიანობს. მისთვის სახლის ინტერიერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დეკორაციის ცვლილება კი სიამოვნებისა და განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. როგორც ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, ყოველთვის ცდილობდა ის გარემო განეახლებინა და შეელამაზებინა, რომელშიც მანამდე ცხოვრობდა. რამდენიმე წლის წინ პირველი ბინა შეიძინა, რომელიც თავად მოაწყო. დიდი პასუხისმგებლობის მიუხედავად, დავალებას წარმატებით გაართვა თავი. ამის შემდგომ კიდევ რამდენიმე ბინა გამოიცვალა და თითოეულ მათგანში რემონტისა და დიზაინის მიმართულებით საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებას ცდილობდა.

ანიმ ამჟამინდელი საცხოვრებელი ნოემბერში შეიძინა და რემონტი წარმოუდგენლად მოკლე დროში, ერთ თვეში დაასრულა, რაშიც „Allora Design“-ის პროფესიონალი დიზაინერები დაეხმარნენ. სწორედ პროფესიონალების ჩარევით მოხერხდა სახლში სასურველი გარემოს მოწყობა და კომფორტისათვის ყველა საჭირო პირობის შექმნა.

ბინა ახალაშენებულ კორპუსში მდებარეობს და ორ საძინებელს, ორ სველ წერტილს, კაბინეტს, გაერთიანებულ მისაღებსა და სამზარეულოს მოიცავს. ასევე, სახლს ორივე მხარეს დიდი აივანი აქვს, რომლებიც ქალაქის ხედებს გადაჰყურებს.

ინტერიერში ჭარბობს ღია ფერთა პალიტრა, რომელსაც შავი აქცენტები საინტერესოდ ეხამება. ღია ხისფერი იატაკი კრემისფერ კედლებსა და დახვეწილი დიზაინის ავეჯს ესადაგება, რომელსაც დეკორატიული განათება საოცარ მომხიბვლელობას სძენს.

მისაღები ზონა ელეგანტურობითა და მყუდროებით გამოირჩევა. თეთრი მოზრდილი ტახტი დასვენებისა და განტვირთვისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. მას ლამაზი დაწნული სავარძლები და პატარა, მრგვალი მაგიდები ამშვენებს, რომლებიც ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა. ოთახს კლასიკურ და დახვეწილ იერს სძენს კედელზე გამოყვანილი მოლდინგები, შანდლები და ბუნებრივი გამწვანება. აღსანიშნავია შავი ტიხარიც, რომელიც მისაღებს შემოსასვლელი სივრცისგან მიჯნავს.

სამზარეულოში კლასიკური და ელეგანტური ესთეტიკა  ნარჩუნდება. ყურადღებას იქცევს მოლდინგებით გაფორმებული კედელი, რომელსაც დეკორატიული განათება განსაკუთრებულ მომხიბვლელობას ანიჭებს. კრემისფერი სამზარეულოს ავეჯი კი ჰარმონიულად ეხამება დიდ შავ სასადილო მაგიდას, რომელსაც თეთრი ფერის სკამები ამშვენებს.

მთავარ საძინებელში პასტელურ ფერებს კონტრასტულად ერწყმის შავი გარდერობის კარადა, რომელიც ოქროსფერი დეტალებით არის გაფორმებული და მთელს კედელზეა განლაგებულ. მოზრდილი საწოლი კი მყუდრო და ინტიმურ გარემოს ქმნის. ოთახი სრულად ათვისებულია და პრაქტიკულ სივრცეს უზრუნველყოფს.

მეორე საძინებელიც სადა ინტერიერით ხასიათდება. განსაკუთრებულ განწყობას ბუნებრივი მცენარე, დეკორატიული განათება და სარკე განსაზღვრავს, რომელიც ოთახის მოცულობას ზრდის.

სახლში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სამუშაო ოთახიც, რომელიც მინიმალისტურად არის მოწყობილი, თუმცა სამუშაოდ ყველა საჭირო პირობას ქმნის. კაბინეტში გვხვდება მოზრდილი მაგიდა, წიგნების თარო და კომფორტული დივანი დგას, რომელიც დასვენებისა და კითხვისთვის იდეალურ პირობას ქმნის.

სააბაზანო ზონა ნაცრისფერ და ღია ყავისფერ ტონალობაშია გადაწყვეტილი და მას შავი აბაზანის აქსესუარები ამშვენებს, რასაც სივრცეში კონტრასტული შტრიხები შეაქვს.

ანი თამაზაშვილის ინტერიერი ელეგანტური დიზაინით ხასიათდება. პროექტი სრულად აკმაყოფილებს მაცხოვრებლის მოთხოვნებს, საჭიროებებს და კომფორტულ, მყუდრო საცხოვრებელ გარემოს ქმნის. სადა, პასტელური ფერებს ორგანულად ერწყმის შავი აქცენტები. დახვეწილი ავეჯი და დეკორატიული განათება კი მიმზიდველ და საინტერესო ელემენტებს სძენს სივრცეს და სასიამოვნო განწყობას განაპირობებს.

პროექტის ავტორი: „Allora Design

ავეჯი: „INTERIORISMO“;  „ლაბორატორია ჩემი სახლი“; „Naterial“

განათება: „ახალი ნათება“; „LUMEN“

მოსაპირკეთებელი მასალები: „Lussoni“

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

ბუნებრივი მასალებითა და მინიმალისტური დიზაინით შექმნილი ინტერიერი ვაკეში — ნინი ჯღამაძისა და თათა გურამიშვილის ნამუშევარი

7 ფერი, რომელიც მცირე ზომის ოთახის ვიზუალურად გაზრდაში დაგეხმარებათ