ზამიოკულკასი ფართოდ გავრცელებული მცენარეა, რომელიც ძალიან უხდება ინტერიერს და გამოირჩევა მისი დახვეწილი გარეგნობით. ეს მცენარე პირველად 1829 წელს გამოჩნდა, თუმცა სახლის გასაფორმებლად და ახალი შტრიხების შემოსატანად მისი გამოყენება XX საუკუნის ბოლოდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. სწორედ ამიტომ, დღეს რამდენიმე მთავარი მიზეზის შესახებ გიამბობთ, რომელთა გამოც ის მუდმივად განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
ერგება ნებისმიერი სახის ინტერიერს
ზამიოკულკასი საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა, რომელსაც გამორჩეული გარეგნული თვისებები ახასიათებს. დიზაინერები მის გამოყენებას მინიმალისტურ ინტერიერში ყველაზე მეტად გვირჩევენ, თუმცა ასევე ძალიან უხდება ნაცრისფერ და ბუნებასთან ახლოს მყოფ ფერებსაც. ამ მცენარის დახმარებით მარტივად შეძლებთ სახლში ახალი და განსხვავებული ხასიათების აღძვრას.
არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა
მცენარე შესანიშნავი არჩევანია სამუშაო სივრცეებისთვის. თუ თქვენ სახლიდან მუშაობთ, შეგიძლიათ ზამიოკულკასი სამუშაო მაგიდის გვერდით დაიდგათ. მას შეუძლია გაიხაროს მინიმალურ პირობებშიც, არ საჭიროებს განსაკუთრებულ სინათლის რაოდენობას ან ყოველდღიურ მორწყვას.
აქვს ჰაერის გამწმენდი თვისებები
ზამიოკულკასს შეუძლია გაანეიტრალოს სახლში არსებული ტოქსინები და გაფილტროს ჰაერი. ის შთანთქავს ისეთ მავნე ტოქსინებს, როგორებიცაა ქსილენი და ბენზოლი, რომლებიც ჩვენს საცხოვრებელში ვრცელდებიან და ნეგატიურ გავლენას ახდენენ ჩვენივე ჯანმრთელობაზე.
თუ ზამიოკულკასს საძინებელში მოათავსებთ, ის დაგეხმარებით ჯანსაღი და მშვიდი პირობების შექმნაში. გარდა იმისა, რომ მცენარე სახლს ელეგანტურობას მატებს, იძლევა უსაფრთხო გარემოში ცხოვრების შესაძლებლობასაც.
ამცირებს სტრესს
კვლევებმა აჩვენა, რომ მწვანე მცენარეები მშვიდ გარემოს ქმნიან, რომელიც სტრესისა და დაძაბულობის მოხსნაში გვეხმარება. ზამიოკულკასს აქვს რამდენიმე განსაკუთრებული თვისება, რომელთა ხარჯზეც ის სახლში მყუდრო ატმოსფეროსა და კომფორტულ გარემოს ქმნის. ამას გარდა, მცენარეს აქვს დეპრესიის დონის შემცირებისა და განწყობის გაუმჯობესების თვისებებიც, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომლის გამოც ლანდშაფტის დიზაინერები ინტერიერში მის დამატებას გვირჩევენ.
ასე რომ, თუ თქვენს სახლში ახალი ემოციების შექმნა გსურთ, ამ მცენარის შეძენით ამგვარ პრობლემას მარტივად გადაჭრით, დამატებით კი სახლში ჯანსაღი და ელეგანტური გარემოს შექმნასაც შეძლებთ.