in

რა სტილის ბუხარია პოპულარული ქართულ ბაზარზე და რა თანხებთანაა დაკავშირებული მისი მონტაჟი?

სტანდარტული ბუხარი ინტერიერში დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ის საუკეთესო საშუალებაა სახლში თბილი და სასიამოვნო ატმოსფეროს შესაქმნელად და გამორჩეული ესთეტიკის მისაღებად, რომელიც განსაკუთრებით ცივ სეზონებს უხდება. ბუხარი საოცარ ეფექტს სძენს სივრცეს და მას მიმზიდველ იერსახეს ანიჭებს. ამასთანავე, თანამედროვე გათბობის სისტემებთან ერთად, ბუხარი დღემდე გამოიყენება დამატებითი გათბობის საშუალებად, რაც კომუნალურ ხარჯებს ამცირებს და სახლში თბილ ტემპერატურას უზრუნველყოფს.

არსებობს განსხვავებული ტიპისა და ვიზუალის ბუხრები, თუმცა უმეტესად ე.წ “გახსნილი”, “ნახევრად გახსნილი” და “ინგლისური ბუხარი” გამოიყენება, საქართველოში კი ეს უკანასკნელი მოდელი ყველაზე პოპულარულია. ინგლისურ ბუხარს უკანა კედელი ოდნავ დახრილი აქვს, რათა სითბოს გამოყოფა ეფექტურად მოხდეს. რაც შეეხება მასალას, ბუხრის ასაშენებლად აგურსა და ქვას იყენებენ, თუმცა რეკომენდებულია, რომ ის ნაწილი, სადაც წვა მიმდინარეობს, ცეცხლგამძლე აგურით მოპირკეთდეს, ხოლო ბუხრის უკანა მხარე და საკვამური სტანდარტული აგურით მოპირკეთდეს.

თავის მხრივ, ბუხრის ე.წ შახტა, იგივე საკვამური, ორი მეთოდით მზადდება — ერთ შემთხვევაში თუნუქის მზა მილი მონტაჟდება და ეწყობა, მეორე შემთხვევაში კი კონსტრუქცია აგურისგან შენდება. ეფექტურობის თვალსაზრისით ორივე პრაქტიკული და კარგი გამოსაყენებელია, თუმცა ვიზუალურად, განსაკუთრებით ახალაშენებულ სახლებში, აგურის საკვამურს ანიჭებენ უპირატესობას, რადგან თვალისათვის უფრო მიმზიდველი და მომხიბვლელია.

ბუხრის მშენებლობის დროს გასათვალისწინებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირველ რიგში, ბუხრის ზომა დამოკიდებულია ოთახის ფართობზე.  ხვრელი, სადაც წვა მიმდინარეობს და კვამლი წარმოიქმნება, ოთახთან მიმართებაში 1/50 პრინციპით უნდა აშენდეს. მისი მინიმალური ზომა კი 60-70 სმ. უნდა იყოს. ხოლო ბუხრის სიმაღლე ინდივიდუალურად გამოითვლება და მაცხოვრებლის გემოვნებაზეა დამოკიდებული, თუმცა ბუხრის მინიმალურ სიმაღლედ 20 სმ. უნდა ვიანგარიშოთ.

ბუხრის ეფექტური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მისი სიღრმის განსაზღვრაც, რადგან სიღრმე პირდაპირ კავშირშია სითბოსა და სინათლის გამოყოფასთან. მისმა არასწორმა დაანგარიშებამ,  შესაძლოა, ოთახში კვამლის დაგროვება გამოიწვიოს. საჭირო ზომის გამოსათვლელად, სასურველია ბუხრის სიმაღლე 2/3-ზე გაყოთ, ექსპერტების რჩევით კი ბუხრის მინიმალურ სიღრმედ 40 — 50 სმ. უნდა ვიანგარიშოთ.

ასევე, გასათვალისწინებელია ბუხრის მდებარეობა. რეკომენდებულია, რომ ის კარ-ფანჯრისგან მოშორებით დამონტაჟდეს, რათა ბუხრის ეფექტურ მუშაობას ხელი არ შეეშალოს. სასურველია, ბუხარი ფანჯრის საპირისპირო მხარეს დაამონტაჟოთ, რადგან ჰაერის მოძრაობამ ხელი შეუწყოს მის სრულფასოვან ფუნქციონირებას.

რაც შეეხება ღირებულებას, ბუხრის აშენება, საშუალოდ, 1500 ლარი ჯდება, მასალის გათვალისწინებით კი ხარჯი დაახლოებით 3000 ლარამდე მერყეობს. ამ ღირებულებაში არ შედის ბუხრის მოპირკეთების საფასური, რა დროსაც ხდება ბუხრის შეღებვა და სასურველი ტიპის ქვით მოპირკეთება.

ავტორი: მეკო მეტრეველი

დომინანტური მწვანე და წითელი ინტერიერში – სახლი ინგლისში

ურბანული პრინციპებით შექმნილი საცხოვრებელი კომპლექსი ნიდერლანდებში – De Zwarte Hond-სა და Loer Architecten-ის პროექტი