in

ხელნაკეთი ნივთებით შექმნილი სტუდიის დიზაინი მაჭავარიანის ქუჩაზე — პიტო სეთურის ნამუშევარი

პიტო სეთურის მიერ შესრულებული მორიგი ნამუშევარი ვერაზე, ალექსი მაჭავარიანის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 56 მ2-ია. არსებული სივრცე 2021 წელს შეიქმნა, როგორც „STFvelvet“ ტატუ სტუდია და პირველი ტატუ სკოლა, რომელიც პიტო სეთურის ერთ-ერთი დიდი პროექტია და სადაც მისი სამკაულების შოურუმიც იყო წარმოდგენილი.

ობიექტი იმით არის გამორჩეული, რომ არ ჰგავს კლასიკურ სტუდიას და იდეალური სივრცეა ხელოვნების სხვადასხვა მედიუმის შესაქმნელად თუ ახალი შთაგონების მისაღებად. აღსანიშნავია, რომ სკოლა მრავალმხრივი და საინტერესო იყო განსხვავებული სფეროს მოყვარულთათვის, რადგან  ისწავლებოდა როგორც ტატუ ტექნიკა, ასევე გრაფიკა, სკეჩინგი, ანატომია, ფოტოშოპი, ფერის თეორია და სოციალური მედია. შესაბამისად, სტუდიაში ყველა საჭირო დეტალია გათვალისწინებული — სამუშაო კუთხე, კომფორტული გარემო, შემეცნებითი ბიბლიოთეკა მოსწავლეებისთვის, ლექციების ჩასატარებლად განკუთვნილი პროექტორის ზონა და თავისუფალი კედლები.

მოცემული სივრცის გეგმარება საკმაოდ მარტივი და პრაქტიკულია. სივრცე კვადრატული ფორმისაა და შესაბამისად, ბევრ თავისუფლებას იძლევა. ფართის სიმცირის მიუხედავად, სტუდია ფუნქციურად ისეა გადანაწილებული, რომ ბევრ ადამიანს იტევს და სხვადასხვა დანიშნულების ზონას ითავსებს. პროექტის ავტორის მიზანიც პრაქტიკული, პრივატული, ამასთანავე, გახსნილი ფართის შექმნა იყო, რომელიც იდეალურ პირობებს შექმნიდა ჯგუფური პროექტებისა და შემეცნებითი კურსებისთვის, ამავდროულად კი ახალი არტისტების აღმოჩენასა და განვითარებას შეუწყობდა ხელს.

ჭერის სიმაღლის გამო, რომელიც 5 მეტრია, პიტომ ზონირებისთვის ანტრესოლი გამოიყენა და სივრცე ორ დონედ დაყო. ანტრესოლით შექმნილი ზონა საერთო ფართისგან ფარდით გამოიყო და ის ტატუს პროცესისთვის დაპროექტდა. ქვედა ზონაში კი მოსაცდელი, სამუშაო სივრცე, აბაზანა და სამზარეულო განლაგდა.

მასალების სახით ინტერიერში უმეტესად ქვა, დეკორატიული ცემენტი, ხე და მეტალია გამოყენებული. ასევე, კედელი გაფორმებულია მერაბ გუგუნაშვილის კერამიკული შავი დეტალებით. პიტო სეთურის სხვა ნამუშევრების მსგავსად, ეს პროექტიც უნიკალური ნივთებითა და ავეჯით არის დატვირთული, რომლებიც სწორედ ამ კონკრეტული პროექტისთვის შეიქმნა. მაგალითად, მოსასვენებელ სივრცეში განთავსებული ყავის მაგიდა, რომელიც დიაგონალზეა გაჭრილი და სხვადასხვა პოზიციაში სრულიად განსხვავებულ ფორმას იღებს, ინტერიერს გამორჩეულ, სახასიათო შტრიხებს სძენს. ამასთანავე, ის ორგანულად ერწყმის მუქ ყავისფერ ტახს და განტვირთვისთვის სასიამოვნო კუთხეს ქმნის.

პიტო სეთურის მიერაა დამზადებული ასევე ტახტის გვერდით მდგომი პატარა მაგიდაც, რომელიც პროექტის ავტორმა მორჩენილი მასალებით — ხით, მინითა და მეტალის ფირფიტებით ააწყო. სრულიად განსხვავებული, ინდივიდუალური სტილის მქონე ავეჯი სივრცეს უნიკალურობას, ავთენტურობას ანიჭებს და მის ესთეტიკურ მიმზიდველობას უსვამს ხაზს.

ასევე, საინტერესოა “mezzanine“-ს ქრომირებული სკამი, რომელიც უკან მდგომ ლარნაკთან ამყარებს კავშირს და ერთგვარ მთლიანობას ქმნის.

გამორჩეულია აგრეთვე ხის დიდი სამუშაო მაგიდა, რომელიც სხვა აქსესუარებისა თუ ავეჯის მსგავსად, ხელნაკეთია. მის შესაქმნელად პიტომ ძველი ხის მასალა გამოიყენა, რისთვისაც ამავე სახლში, იატაკის ქვეშ აღმოჩენილი საყრდენი კოჭები გამოიყენა და ამ გზით სივრცეს სიმბოლური დატვირთვა შესძინა.

“ზოგადად, ძველი ხე ბევრად საინტერესო მასალაა. ხის კოჭები, რომლებიც ამ სივრცის იატაკის ქვეშ იყო განთავსებული, ფაქტობრივად, სახლის საყრდენს წარმოადგენდა და მინდოდა, რომ ის რაიმე ფორმით დარჩენილიყო ინტერიერში.”

ყურადღებას იქცევს 3 მეტრიანი სარკეც, რომელიც თითქოს ლეგოს ერთ-ერთი ნაწილია და სივრცეს მოცულობას ანიჭებს. ამასთანავე, ორგანულად ერწყმის ანტრესოლს და მისაღები ოთახის ინტერიერს.

აღსანიშნავია სამკაულებისთვის განკუთვნილი კონსოლი, რომელიც სტუდია „Idaaf Architects“-ს ეკუთვნის. კონსოლი მინითა და მეტალის ფორმის ობიექტით არის გაფორმებული და ერთდროულად ტრადიციული და თანამედროვე სტილების სინთეზს ქმნის.

ამავე სივრცეში გვხდება შუშის ჭაღი, რომელიც ქართული ბრენდის, Element-ის მიერ არის შექმნილი. სანათი დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა და გარდა ფუნქციურობისა, ის მნიშვნელოვან ესთეტიკურ როლს ასრულებს.

ერთ-ერთ კედელზე გვხვდება კერამიკული ნამუშევარი “ქერუბიმი”, რომელიც ლევან გუგინიშვილს ეკუთვნის. როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, ის განსაკუთრებით ძვირფასია მისთვის.

“ქერუბიმი”მრავალფეროვნება და საინტერესო იერსახე შემოაქვს ტერაცოს იატაკს, რომელიც თეთრ, მინიმალისტურად გაფორმებულ კედლებს ეხამება. ინტერიერი გამდიდრებულია სახასიათო დიზაინის ნივთებით, აქსესუარებით, ნახატებითა და დეკორატიული განათებითაც.

სამზარეულოს ნაწილში დიდ ყურადღებას იპყრობს საინტერესო ფორმისა და დიზაინის ტახტი “Why not gallery“-დან, რომელიც ეკლექტურ შტრიხებს მატებს სივრცეს. სამზარეულო ავეჯი შავ-თეთრ ტონალობაშია გადაწყვეტილი, რაც ინტერიერის მრავალფეროვან აქცენტებს იდეალურად აბალანსებს.

სააბაზანოში თვალს იტაცებს გალესილ კედელზე დატანილი თინა სირაძის ნამუშევარი, რაც სივრცის უნიკალურობას მეტად გამოკვეთს. დანარჩენი ნაწილი თეთრი ფილებითაა მოპირკეთებული, ჭერზე კი ბეტონის მასალა გვხვდება.

პიტო სეთურის პროექტი, მრავალფეროვანი და სახასიათო სტილით გამოირჩევა. სივრცე ორიგინალური შტრიხებით, ხელნაკეთი ავეჯით, აქსესუარებითა და დიზაინობიექტებითაა მდიდარი. ასევე, აღსანიშნავია ქართველი არტისტების ნამუშევრების სიმრავლეც, რაც პროექტის ავტორის ქართული ხელოვნებისადმი დამოკიდებულებაზე მეტყველებს. როგორც პიტო ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ის ძალიან აფასებს ქართველ არტისტებს და თვლის, რომ საქართვლოში ამ მხრივ ბევრი ნიჭიერი ადამიანი მოღვაწეობს.

პიტო სეთურის სტუდიაში თითოეული ნივთი ინდივიდუალურ ამბავს გადმოგვცემს და მათი უმეტესობა პროექტის ავტორის მიერ არის შექმნილი, რის გამოც ობიექტს უნიკალური სახე ეძლევა. სივრცე მრავალფუნქციურია, შესაბამისად, მარტივად იცვლება და სხვადასხვა დანიშნულებას ითავსებს, რაც იდეალურ პირობას ქმნის დასვენების, მუშაობისა და შთაგონებისთვის.

“იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი სივრცეა და პროექტის ავტორიც მე გახლავართ, ვიტყოდი, რომ ეს სივრცე არის თინეიჯერი… ეს არ არის ამ ადგილის საუკეთესო ვარიანტი, რადგან უახლოეს მომავალში ამ ობიექტზე ახალი პროექტის განხორციელებას ვგეგმავ, რომელიც ბევრად საინტერესო იქნება”, — აღნიშნავს პიტო სეთური.

პროექტის ავტორი: პიტო სეთური

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

Project Folie – პირველი ქართული კომპანია, რომელიც რემონტის და დეკორატიული ლესვის საკუთარი ხელით შესრულებას გასწავლით

რომელი ფერები არ უნდა გამოვიყენოთ საძინებელი ოთახის მოსაწყობად?