in

როგორ შევქმნათ ფერადი და მრავალფეროვანი ბაღი ნულიდან? – 14 საინტერესო რჩევა

ბაღის მოწყობა რთული ამოცანაა, მიუხედავად იმისა თუ სად მდებარეობს ის, იქნება ეს პატარა სივრცე ქალაქში თუ გაშლილ აგარაკზე. ბაღს უნდა ჰქონდეს სივრცე, მასშტაბი, ჰარმონია, ფერი, სტრუქტურა და ხიბლი, მაგრამ საწყის ეტაპზე თითოეული ამ კომპონენტის სწორად შერჩევა ხშირად პროფესიონალების დახმარების გარეშე შეუძლებელიც კი გვეჩვენება. მის ზრდას სეზონების მიხედვით რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა ვუყუროთ, ამიტომ დიზაინერები გვირჩევენ კლასიკური და მარტივი მეთოდების გამოყენებას, რომლებიც მინიმალისტურ, თუმცა ძალიან დახვეწილ და მრავალფეროვან ბაღს შექმნიან. დროთა განმავლობაში შეგიძლიათ დარგული სახეობები ჩაანაცვლოთ და ჩაატაროთ ექსპერიმენტები, რათა ბაღით ტკბობა მალევე არ მოგბეზრდეთ.

სანამ უშუალოდ დარგვის პროცესზე გადახვიდოდეთ, სასურველია რამდენიმე მარტივი რეკომენდაციის დაცვა, რაც სასურველი შედეგის მიღებაში მაქსიმალურად დაგეხმარებათ.

შეადგინეთ სურვილების სია

სანამ დაიწყებთ იმაზე ფიქრს თუ როგორ აპირებთ ბაღის გამოყენებას, სად დაისვენებთ, სად განათავსებთ მაგიდასა და სკამებს და ასე შემდეგ, უნდა შეარჩიოთ შესაბამისი ადგილი, რომელიც უმჯობესია იყოს სახლთან ახლოს და თუ შესაძლებელია, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

შეიძლება დაგჭირდეთ სივრცე ყოველდღიური პრაქტიკული ნივთებისთვისაც, როგორებიცაა ბაღის მოსავლელად საჭირო სამუშაო იარაღები, სარწყავები და სხვა. ნებისმიერი სახის ბაღს დასჭირდება კომპოსტი და შეიძლება საჭირო გახდეს შესაბამისი ფარდულიც, სადაც ეს ნივთები მოთავსდება.

თუ თქვენი ბაღი პატარაა, მაშინ, პირველ რიგში, სცადეთ სივრცის ყველაზე საჭირო და პრიორიტეტული დეტალებისთვის გამოყოფა, შედეგად მიიღებთ მარტივ დიზაინს, რომელსაც დაუმატებთ რამდენიმე გამორჩეულ და ფერად აქცენტს. ამ შემთხვევაში სასურველია დარგოთ მარტივად მოსავლელი მცენარეები, მაგალითად, მარადმწვანე ბუჩქები და გამოიყენოთ სხვადასხვა ფერის ქოთნები.

თუ თქვენი ბაღი დიდია, მაშინ დაუთმეთ მეტი დრო სივრცის მთლიანად ათვისებას. ეცადეთ, იყოთ გაბედული და არ დატოვოთ სიცარიელეები, სადაც უამრავი სახის მცენარე, ქოთანი ან რაიმე სხვა შეიძლება განთავსდეს.

შეისწავლეთ ნიადაგი

ყველაზე მთავარი, რაც შემდგომში ბაღის სილამაზეს განაპირობებს, სწორად შერჩეული ნიადაგია. საფარი უნდა იყოს საკვები ნივთიერებებით მდიდარი, ჰქონდეს კარგი დრენაჟი და გამოირჩეოდეს ელასტიკურობით. ასეთი ტიპის ნიადაგზე თქვენი მცენარეები ათწლეულების განმავლობაში გაიხარებენ.

შეარჩიეთ სტილი

ბაღის მოწყობის პროცესში სიმეტრიისა და ბალანსის დაცვა საკმაოდ მნიშვნელოვანია. შეგიძლიათ ბაღს გეომეტრიული ფიგურების ფორმა მისცეთ, ან რაიმე უფრო მარტივი და დახვეწილი შეარჩიოთ. კარგად დაგეგმილ სტილთან ერთად, ბევრად უფრო მარტივდება მცენარეების სხვადასხვა ჯიშების დარგვისა და შეხამების პროცესიც.

დაიცავით ფერთა პალიტრა. მაგალითად, დარგეთ ყვითელი, კრემისფერი და თეთრი ფერის მცენარეებისა და ყვავილების ჯიშები, რომლებსაც შეგიძლიათ შესაბამისი ფერის ხეები ან ქოთნები შეუხამოთ.

ფორმალური ბაღის შემთხვევაში შეგიძლიათ აუზის გამოყენებაც, თუმცა ლანდშაფტის დიზაინერები გვირჩევენ, რომ აუზი უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი, რათა მის გარშემო დარგული მცენარეები არ დაიკარგოს.

თუ თქვენ უფრო არაფორმალური ბაღი გსურთ, ის შეიძლება იყოს შედარებით „ველური“ და ფხვიერი, არ იცავდეს სიმეტრიულობას და სწორხაზოვან ფორმებს. ამ ტიპის ბაღში შესაძლებელია ბუნებრივი ბალახეულობის გაშენებაც, რომლებსაც განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება არ ესაჭიროებათ.

დარგეთ ისეთი ჯიშის ყვავილები, როგორებიცაა ტიტა, ვარდი, ყაყაჩო და სხვა. ისინი ბაღში განსაკუთრებულად მდიდრულ და ფერად ხასიათებს აღძრავენ. სხვადასხვა ფერის ვარდები იდეალურია რომანტიკული განწყობების შესაქმნელადაც.

სტრუქტურა

მას შემდეგ, რაც მცენარეებთან დაკავშირებულ საკითხებს გადაჭრით, დაფიქრდით, აპირებთ თუ არა ბაღის შემოღობვას, თაღებისა და მსგავსი დეტალების გაკეთებას. თუ თქვენი ბაღი მცირე ზომისაა, დამატებითი აქცენტები და ნაგებობები ნაკლებად დაგჭირდებათ, რათა არ გამოიწვიოთ ქაოსი და გადატვირთულობა.

ჯებირი, კედელი და ღობე

თუ თქვენი ბაღი აუცილებლად მოითხოვს მაღალი სიმაღლის მქონე ღობეს, უნდა გადაწყვიტოთ იქნება თუ არა ის მარადმწვანე, ყვავილებით გაფორმებული, ან უბრალოდ ქვის და სხვა მასალისგან შექმნილი. თუ ღობეს მცენარეებით გააფორმებთ, გაითვალისწინეთ, რომ მას აუცილებლად დასჭირდება კარგი დრენაჟი. თუ ხის ღობეზე ფიქრობთ, იდეალური არჩევანია რცხილა ან წიფელი, რომლებიც ზამთრის მკაცრ ჰავასაც მაქსიმალურად კარგად უძლებენ.

გაითვალისწინეთ, რომ ბაღის შემოღობვით მის ზომას ვიზუალურად ამცირებთ, ასე რომ თუ ამის აუცილებელი საჭიროება არაა, სჯობს ღობე არ გამოიყენოთ. ღობეები სხვადასხვა ფორმისა და ზომის არსებობს და მათი შერჩევა დიდ სიზუსტეს მოითხოვს, რათა ხედები არ დაჩრდილოს. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გამოსავალია დეკორატიული ღობის გამოყენება, რომლის დიზაინიც ამგვარ პრობლემებს ითვალისწინებს.

შექმენით ბილიკები

ბილიკები განსაკუთრებით უხდება დიდი ზომის ბაღს. მისი შექმნა უამრავი განსხვავებული მეთოდითაა შესაძლებელი, მაგალითად, შეგიძლიათ კერამიკული ფილების ან რაიმე სახის დეკორატიული ქვების გამოყენება. ბილიკი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია ბაღში სიმეტრიის დასაცავად.

იპოვეთ ცენტრი

გააშენეთ ბაღი კონკრეტული წერტილის ირგვლივ. მაგალითად, თუ ამ სივრცეში ალუბლის ხე ხარობს, მაქსიმალურად ეცადეთ მისი ხაზგასმა, სხვა მცენარეები კი მის ირგვლივ განალაგეთ ისე, რომ ხემ ერთგვარი ცენტრი შექმნას.

მსგავსი წერტილების შექმნა შეგიძლიათ ხელოვნურადაც, შადრევნების, დეკორაციების, ქანდაკებების ან მსგავსი მეთოდების გამოყენებით.

დაიცავით წინა, შუა და უკანა რიგის პრინციპი

ბაღის დარგვის პროცესში თქვენ გაქვთ სამი განსხვავებული სიმაღლის მცენარე, ყველაზე მაღალი მცენარეები ერთ რიგში, ბაღის უკანა ნაწილში უნდა დაირგოს, ყველაზე მცირე ზომის კი პირიქით – წინა რიგებში. ამ გზით შეინარჩუნებთ ბალანსს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ბაღი ზედმეტად მოწესრიგებულ ეფექტს ქმნის, რომელიც შესაძლოა მოგბეზრდეთ, ასე რომ ეცადეთ, რიგებს შორის მცირე არეულობაც შექმნათ.

შეარჩიეთ მცენარეები სეზონების მიხედვით

არსებობს მცენარეები, რომლებიც მხოლოდ გაზაფხულზე ხარობენ და არსებობენ ისეთებიც, რომლებიც სითბოსა და სიცხეს ვერ ეგეუებიან. იმისთვის, რომ თქვენი ბაღი წელიწადის ყოველ სეზონზე განსაკუთრებულად გამოიყურებოდეს, უმჯობესია შეარჩიოთ თითოეული სეზონისთვის რეკომენდებული მცენარეები და დარგოთ ისინი ჯგუფურად ისე, რომ ყვავილობის პერიოდში ბაღში მრავალფეროვანი ხასიათი აღძრან.

შექმენით ქოთნები

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ქოთნების მრავალფეროვნებაა, ხშირად უფრო საინტერესო და დახვეწილი ქოთნები იქმნება მაშინ, როდესაც მათთვის ტერაკოტას, ხეს, მცენარეების ღეროებს და მსგავს მასალას ვიყენებთ. ასეთი ქოთნები შეიძლება იყოს ოთხკუთხედი ან მრგვალი ფორმის და მიუყვებოდეს ბაღის კიდეებს. შეარჩიეთ ისეთი მასალა, რომელიც შეეფერება თქვენი სახლის ექსტერიერსაც, რათა შექმნათ ჰარმონიული და საინტერესო დიზაინი.

წყალი

წყალი ნებისმიერი სახის ბაღში დამამშვიდებელ ეფექტს იძლევა. ამას გარდა, ის მნიშვნელოვანია ფრინველებისთვის, რომლებიც ბაღს დამატებით სილამაზეს ანიჭებენ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ საინტერესო დიზაინის მქონე შადრევნის გამოყენება, რომლის ზომა და ფორმებიც უშუალოდ თქვენი ბაღის განლაგებიდან და ფერებიდან გამომდინარე უნდა შეირჩეს.

მოაწყვეთ მოსასვენებელი ადგილი

როგორც წესი, ასეთი ადგილი სახლთან, კერძოდ კი სამზარეულოსთან ახლოს უნდა მოეწყოს და იყოს მაქსიმალურად კომფორტული. ჩრდილის შესაქმნელად შეგიძლიათ ამ ადგილის გადახურვა ან მზისგან დამცავი ქოლგის გამოყენებაც. ამას გარდა, დარწმუნდით, რომ თქვენი მაგიდა და სკამები კომფორტულად ერგება სივრცეს.

გაითვალისწინეთ სურნელი

ლანდშაფტის დიზაინერები ხშირად გვახსენებენ, რომ ზოგიერთი მცენარე ძალიან ლამაზია, თუმცა მათი სურნელი არაფრით გამოირჩევა. აქედან გამომდინარე, არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი აქცენტების ისეთ ყვავილებზე გაკეთება, რომლებიც ბაღში განსაკუთრებულ სურნელს აღძრავენ. ასეთი ყვავილია, მაგალითად, ვარდი, შროშანა და სხვა.

გადახედეთ ტექსტურას

ტექსტურა ხშირად შეუმჩნეველი რჩება, მაგრამ ის ნებისმიერი ბაღის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. გახედეთ თქვენს ბაღს და ნახეთ, როგორ გამოიყურება დასრულებული სახე. თუ ის მოსაწყენად და მარტივად მოგეჩვენებათ, დაუმატეთ თამამი და კონტრასტული ფერები და დეტალები, ხოლო თუ ბაღი ქაოსურად გამოიყურება, მაშინ უნდა იფიქროთ კონკრეტული სივრცეების გადაკეთებაზე ან სრულიად ამოღებაზეც.

დომუსი ნეა – ახალი, მრავალფუნქციური კომპლექსი

ელექტრიკოსის მომსახურება – 5 კომპანია საქართველოდან, რომლებიც ამ მხრივ დაგეხმარებიან