in

ბოჰო სტილის შთაგონებით შექმნილი ბინა ბურჯანაძის ქუჩაზე — ხატია ცირგაიას ინტერიერი

ემირ ბურჯანაძის ქუჩაზე მდებარე ბინა ხატია ცირგაიას ეკუთვნის, რომელიც ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგიის დოქტორია. სახლის საერთო ფართობი 105 მ2-ია და ის მყუდრო, მრავალფეროვანი ინტერიერით გამოირჩევა. ხატია ამჟამად ტურიზმის სფეროში მუშაობს, ამიტომ ხშირად უწევს მოგზაურობა და ახალი ადგილების აღმოჩენა.  მას განსაკუთრებით ეგზოტიკური და თბილი ქვეყნები იტაცებს, ამიტომ ამ ადგილების სიყვარული მის საცხოვრებელ სივრცეშიც ვლინდება.

ბინა ორი წლის წინ შეიძინა, აღნიშნული გადაწყვეტილება კი მტკვარზე ულამაზესმა ხედმა და მყუდრო მდებარეობამ განაპირობა. რემონტი 4 თვეს გაგრძელდა, სამუშაოები კი ძალიან სასიამოვნოდ წარიმართა, რადგან ყველა დეტალზე პროფესიონალთა გუნდმა იზრუნა, რომელთანაც ხატიას მანამდეც ჰქონდა თანამშრომლობის გამოცდილება. რაც შეეხება ბინის დიზაინს, ჩვენი რესპონდენტი ამ პროცესში სრულად იყო ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ მას პროფესიული განათლება ამ მიმართულებით არ აქვს, დამოუკიდებლად შეისწავლა ინტერიერთან დაკავშირებული საკითხები და ცოდნა მაქსიმალურად გამოავლინა. აღსანიშნავია ისიც, რომ ხატიასთვის ეს მეორე საცხოვრებელია, რომელშიც საკუთარი გემოვნება და სურვილები სრულად გამოხატა.

სარემონტო სამუშაოების დროს შეიცვალა ბინის გეგმარება. თავდაპირველი პროექტის მიხედვით, შემოსასვლელი მისაღები სივრცისგან გამიჯნული იყო, გამყოფი კედლის მონგრევის შედეგად კი ეს ორი ზონა გაერთიანდა, ხოლო სარკემ, რომელიც შემოსასვლელში განთავსდა, ოთახი ვიზუალურად მეტად გაზარდა.

ასევე აბაზანაში ადგილმდებარეობა შეიცვალა საშხაპემ და ნიჟარამ, ამოშენდა რამდენიმე კედელიც, რათა სივრცეები ერთმანეთისგან მეტად გამიჯნულიყო. საბოლოოდ, გეგმარებითი გადაწყვეტილების შედეგად, სახლი  ორ საძინებელს, ორ აივანს, სამზარეულოს, სააბაზანოს და მისაღებ სივრცეს მოიცავს.

დიზაინის საბაზისო ტონებად ღია ფერებია გამოყენებული, კონტრასტის სახით კი სხვადასხვა აქცენტია შემოტანილი — ფერადი ვინტაჟური ავეჯი, სანათები, ფარდაგები, ტექსტილი, რეტრო სტილის ტექნიკა, უხვად გამოყენებული მცენარეები და დეკორატიული საგნები. ხოლო მასალეების სახით ისეთი ბუნებრივი პროდუქტები გვხვდება, როგორიცაა ხე, მეტალი და აგური, რაც განსაკუთრებულ სითბოს სძენს სივრცეს.

ინტერიერში კარგად იკითხება მაცხოვრებლების ინტერესები, გემოვნება და ხელოვნებისადმი სიყვარული. სახლი ნახატებით, მუსიკალური საკრავებით, წიგნებითა და მიმზიდველი აქსესუარებითაა გაფორმებული, რის გამოც ზუსტად ირეკლავს მობინადრეების ხასიათსა და ცხოვრების სტილს.

„ჩემთვის ბინის სიმყუდროვეს სამი მთავარი ფაქტორი განაპირობებს — განათება, წიგნები და მცენარეები. მათ გარეშე სახლი ცივი და ნაკლებად საინტერესოა. განსაკუთრებით მიყვარს ფრანგული კულტურა და  La belle époque ე.წ. „მშვენიერი ეპოქის“ ესთეტიკა. სწორედ ამიტომ, ინტერიერში მრავლადაა ტულუზ ლოტრეკის პოსტერები, ანრი მატისის, პიკასოს ნახატების რეპროდუქციები, ძველი ფოტოსურათები და ა.შ.“,  — აღნიშნავს ხატია.

ჩვენი რესპონდენტის თქმით, მის ხასიათთან ყველაზე ახლოს ბოჰო სტილია, ამიტომ ინტერიერშიც იკვეთება ეს თავისუფალი, მრავალფეროვანი, ინდივიდუალური და არაერთგვაროვანი ესთეტიკა, რის გამოც სივრცეს სახასიათო ელფერი ეძლევა. მაგალითად, ბინაში გვხვდება სხვადასხვა ქვეყანაში შეძენილი ეთნო ნივთები, მაკრამეს აქსესუარები, ჭილოფის ავეჯი და ჰამაკი, რაც ხშირად ბოჰო სტილის მთავარი ელემენტია.

ასევე, ეგზოტიკური ქვეყნების სიყვარულზე მიუთითებს ტროპიკული მცენარეების სიჭარბე და ფერადი ქსოვილები. პოზიტიური განწყობა შემოაქვს მისაღებ ოთახში განლაგებულ ფერად ავეჯს, ორიგინალური დიზაინის ბალიშებს, დეკორატიულ სანათებსა და ხალიჩას.

ყურადღებას იქცევს საკითხავი კუთხეც, რომელიც მისაღები ზონისგან ჰამაკით არის გამოყოფილი. თაროებზე მრავლადაა წიგნები, რაც საოცარ მყუდროებას ქმნის. სამკითხველო კი მცენარეებითა და ჭილოფის ელემენტებითაა გაფორმებული. გამორჩეულად მიმზიდველია სარწეველა სავარძელი, რომელსაც რესტავრაცია ჩაუტარდა და განახლებული, ფერადი სახე მიიღო.

მაცხოვრებლისთვის განსაკუთრებული ემოციის მატარებელია სასადილო ზონაში მდგარი მუხის მაგიდა, რომელიც ადგილობრივ საწარმოში დამზადდა. ავეჯი საინტერესოა იმით, რომ ესაა საუკუნოვანი მუხის ხე, რომელიც წლების წინ ძველი სახლის ეზოში, ერთ-ერთი ბეღლის კედელი იყო, დღეს კი ახალი სიცოცხლით და განსხვავებული იერით განაგრძობს არსებობას.

ფერადი და სასიამოვნოა სამზარეულოს ნაწილი, სადაც, უმეტესად, თეთრი, წითელი და ცისფერი ტონალობა მეორდება. ბოჰო სტილის მიმზიდველობა და სითამამე ამ ზონაშიც იგრძნობა, რაც რეტრო სტილის ტექნიკით, ფერადი ტექსტილით, ნახატებითა და აქსესუარებით მიიღწევა.

საძინებლებშიც ნარჩუნდება პოზიტიური გარემო და ფერადოვნება. მყუდროება კი დეკორატიული განათებით, მომხიბვლელი ავეჯით, მუსიკალური ელემენტებითა და ფერთა ბალანსით მიიღება.

ლამაზადაა მოწყობილი აივანიც, სადაც დახვეწილი ავეჯი და ბუნებრივი გამწვანება გვხვდება, ეს კი იდეალურ პირობებს ქმნის დასვენებისა და განტვირთვისთვის.

ხატია ცირგაიას ბინაში ბოჰო სტილის ელემენტები და ეკლექტიკა ჭარბობს, რის გამოც სივრცე მრავალფეროვან, ორიგინალურ და სახასიათო იერს იღებს. ბინა ფერადი დიზაინობიექტებითაა დატვირთული, თუმცა თითოეული ნივთი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის და ერთ მთლიანობას ქმნის, რაც საბოლოდ,  მშვიდ, ჰაეროვან და სასიამოვნო ატმოსფეროს განსაზღვრავს.

„ზოგადად, მიყვარს, როდესაც ოთახებს შორის არის კავშირი და ნივთებს შორის იკითხება ერთგვარი დიალოგი…ვფიქრობ, ეს ყველაფერი გამოგვივიდა და საბოლოოდ, სახლში მშვიდმა და ბედნიერმა აურამ დაისადგურა, რასაც ჩვენთან მოსული სტუმრებიც ყოველთვის აღნიშნავენ“, — ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

გამოყენებული მასალები:

იატაკის საფარი: „ჯაოკენი“; „დომინო“

აბაზანის ფილები: „ჯაოკენი“

შემრევები: „გორგია“

კედლის მოპირკეთება: ფლიზელინის ქაღალდი, საღებავი — „კაპაროლი“

განათება: „ახალი ნათება“; „Brand R“; „Delight“; „ლაბორატორია ჩემი სახლი“

ავეჯი: „ლაბორატორია ჩემი სახლი“; „Mysa“; „იკეა“; „Jango’s handmade“; „Wood and metal“

გარე ავეჯი:“რკინის სამჭედლო“

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

HECTOR Bookshelf – ბელგიელი დიზაინერის მიერ შექმნილი სათავსო სისტემა

ნაცრისფერ ტონებში გადაწყვეტილი თანამედროვე აპარტამენტი შვედეთში