in

სივრცე არქიტექტურასა და ურბანისტიკას შორის — ინტერვიუ გიორგი მაისურაძესთან

გიორგი მაისურაძე პროფესიით არქიტექტორი და ურბანისტია. მისი საქმიანობა როგორც აკადემიურ ნაწილს, ასევე შემოქმედებით პროცესსა და განხორციელებულ პროექტებს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ მას აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული თბილისის პირველი სატრანსპორტო გეგმის შემუშავებისა და სამოქმედო გეგმის შედგენაში, რაც ქალაქის ურბანული გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ასევე, ის თანაავტორია  სახელმძღვანელოებისა — „მდგრადი ურბანული მობილობა“ და „სამართლიანი ქალაქი“, რომლებიც ცნობიერების ამაღლებასა და დარგის განვითარებას ემსახურება. დღევანდელ ინტერვიუში გიორგი ამ პროფესიის საინტერესო ასპექტებს გვაცნობს და განხორციელებულ პროექტებზე, არქიტექტურისა თუ ურბანისტიკის მნიშვნელობაზე გვესაუბრება.  

გიორგი, გაიხსენეთ მნიშვნელოვანი ეპიზოდი ბავშვობიდან, რომელმაც თქვენი მომავალი გარკვეულწილად განსაზღვრა

ჩემი ბავშვობა 90-იან წლებს უკავშირდება, რომლის რთული პერიოდი ჩვენს ოჯახსაც შეეხო, ამიტომ მშობლებმა ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტეს. მაშინ 6 წლის ვიყავი და ბოლომდე მიჭირდა სიტუაციის აღქმა. ბუნდოვნად მახსოვს მომენტები, როდესაც პირველად მოვხვდი თვითმფრინავსა და აეროპორტში. იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა აეროპორტში მიმდინარე პროცესებმა ჩემზე, რომ მათი ხატვა დავიწყე და ყოველთვის მოუთმენლად ველოდი ზაფხულში საქართველოში მცირე ხნით დაბრუნებას, რადგან ვიცოდი, მექნებოდა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დავკვირვებოდი იქ მომუშავე თანამშრომლებს, მგზავრებსა თუ აეროპორტის დიდი ვიტრაჟებიდან დანახულ თვითმფრინავებს.

აეროპორტებს მოჰყვა სახლების, ქუჩების, ხალხის ხატვა. ამან იმდენად რეგულარული ხასიათი მიიღო, რომ მშობლებმა და ოჯახის წევრებმა ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებისთანავე  „ანასტასია ვირსალაძის ხელოვნების გიმნაზიაში“ შემიყვანეს, სადაც უკვე სახელი დავარქვი ამ “გატაცებას”.

„ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზია“ რეალურად იყო ადგილი, სადაც საერთო ენას ვნახულობდი თანატოლებთან და გულწრფელად მაინტერესებდა ის, რასაც იქ ვაკეთებდი. ყოველთვის საინტერესო თემებზე ვსაუბრობდით, მუსიკის ფონზე ვხატავდით, ვაქანდაკებდით, ვეცნობოდით ხელოვნების ისტორიას. ახლაც ჯადოსნურად მახსენდება ფერწერაში ვარჯიში  „Queen“-ის, „Montserrat Caballé“-ის, „deep purple“-ის, „dream theater“-ის, „led zeppelin“-ის და სხვა შემსრულებლების ფონზე დიდ ოთახში, სადაც ყველა კედელზე  ფერადი პალიტრა და მოლბერტი ეკიდა.  აქედან გამომდინარე, ყოველ დღე მოუთმენლად ველოდი სკოლის დასრულებას და ხელოვნების გიმნაზიაში მისვლას.

როგორ წარიმართა შემდგომ თქვენი გზა და საგანმანათლებლო პროცესი?  

ვიცოდი, რომ სივრცეების და შენობების ხატვას მაშინაც შევძლებდი თუ არქიტექტორი გავხდებოდი. ამიტომ, პატარაობიდანვე ვიზრდებოდი იმ მოსაზრებით, რომ არქიტექტორი გამოვსულიყავი. შესაბამისად, უნივერსიტეტის დაწყებისას მკაფიოდ მქონდა გააზრებული რა განხრით მსურდა სწავლის გაგრძელება.

სახელმწიფო გრანტით ჩავირიცხე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტზე. ამ პერიოდში ყველაზე საინტერესოდ მაინც „London Architectural Association visiting school Barcelona“ მახსენდება, სადაც პირველად ვნახე აქაური უნივერსიტეტისგან სრულიად განსხვავებული სწავლების მეთოდი, შთაბეჭდილებებით დაბრუნებულმა კი მიზნად დავისახე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება.

AA visiting School Barcelona 2014 © გიორგი მაისურაძე

ბაკალავრის დასრულების შემდგომ, მაგისტრატურა  მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის სკოლაში გავაგრძელე და „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ სამაგისტრო პროგრამის  ბენეფიციარი გავხდი. სწავლის პერიოდში მომეცა შესაძლებლობა, დროებით  მესწავლა კანადაში, ტორონტოში, „George Brown College“-ში, სადაც საკმაოდ განსხვავებულ  მეთოდს გავეცანი. რამდენადაც იტალიაში უფრო აკადემიური იყო სწავლება, ტორონტოში, დიზაინის ფორმამდე მისასვლელად, ახალ გზებსა და ინოვაციურ მიდგომებს იყენებდნენ.

მილანში სწავლის დროს აღმოვაჩინე, რომ არქიტექტურას აქვს ბევრი განზომილება და მომიჯნავე სფერო, რაზეც მანამდე ბევრს არ ვფიქრობდი, ამიტომ ძალიან დავინტერესდი ურბანისტიკით და ურბანული დიზაინით.

განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო თეზისის პროექტზე მუშაობა, რომელსაც თითქმის წელიწად-ნახევარი დავუთმე. პროექტი მულტიდისციპლინარული ხასიათით გამოირჩეოდა. ეს იყო ფარმაცევტული კომპანიის „Novartis“-ის ლაბორატორიული კამპუსი ბაზელში, შვეიცარიაში. ტერიტორიას უკვე გააჩნდა Vittorio Lampugnani-ის მიერ შემუშავებული გენერალური გეგმა, შესაბამისად, ჩვენი საპროექტო შენობაც ამ გეგმის ნაწილი უნდა ყოფილიყო.  შენობის კონსტრუქციულ, საინჟინრო და განათების ნაწილს იმავე ძალისხმევით მოვეკიდეთ, როგორსაც არქიტექტურულს. განვიხილავდით პროექტს მაკრო მასშტაბიდან, მიკრო მასშტაბამდე. თუმცა, განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა ურბანულ ნაწილზე მუშაობა, როდესაც ურბანული მორფოლოგიის და ქსოვილის,  მობილობის, სოციოლოგიური საკითხებისა და საპროექტო ტერიტორიის გარშემო არეალის ანალიზი დავიწყეთ. სწორედ ამ დროს დავინახე რეალური ურთიერთკავშირი შენობასა და ქალაქის კონტექსტს შორის და ის როლი, რაც შეიძლება არქიტექტორს ან ურბანისტს ჰქონდეს პროექტირების პროცესში. საბოლოო ჯამში, საინტერესო გამოცდილება მივიღე, რამაც შემდგომ მკაფიოდ განსაზღვრა ჩემი სამომავლო მიზნები და ინტერესები.

Novartis-ის ლაბორატორიული კამპუსი 2030 © გიორგი მაისურაძე

მოგვიყევით განვლილ კარიერულ მიღწევებზე, რამაც თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა განსაზღვრა

პირველი სამსახური 3D არქიტექტურულ ვიზუალიზაციაში დავიწყე, მაშინ ჯერ კიდევ 18 წლის ვიყავი. შემდგომ მუშაობა არქიტექტორად, ერთ-ერთ წამყვან ქართულ საპროექტოში გავაგრძელე. ჩემი კარიერის მანძილზე მომეცა შესაძლებლობა, მემუშავა როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ, რაც ძალიან მახარებს. ამ დროის მანძილზე გამოვყოფდი რამდენიმე საქმიანობას: მონაწილეობა მივიღე ამბროლაურის აეროპორტის პროექტში; „FUKSAS STUDIO“-ში მუშაობისას დუბაის „Global Connect“-ის საგამოფენო დარბაზის გენ. გეგმისა და შენობების პროექტირებაში, „Vittorio Grassi Architetti“-ში კი ჩართული ვიყავი ქალაქ მონცაში (იტალია) განაშენიანების გეგმის შემუშავებაში.

Dubai Global Connect site © Fuksas Studio

თუმცა, გარდამტეხი მომენტი ჩემს კარიერაში, ვფიქრობ, მაინც ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოში გატარებული პერიოდია. სწორედ აქ მქონდა საშუალება, მემუშავა ქალაქისთვის საინტერესო პროექტებზე, ხედვებზე, სტრატეგიებზე და ეს ყველაფერი მეკეთებინა საერთაშორისო დონორების და კონსულტანტების გარემოცვაში. აღნიშნულმა ეტაპმა მთლიანად შეცვალა ჩემი წარმოდგენა პროფესიაში არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებსა და თავად ჩემს როლზე.

ვისაუბროთ თანამედროვე არქიტექტურის მნიშვნელობასა და მიზანზე

ბოლო რამდენიმე წელია, სრულად გადავიაზრე თუ რა არის არქიტექტურა ან რა პასუხისმგებლობა შეიძლება გვეკისრებოდეს ამ პროფესიის წარმომადგენლებს. ბევრისთვის ეს არის შესაძლებლობა, შექმნას რაიმე ახალი ტიპოლოგია, არქიტექტურული ენა, ფორმა ან უბრალოდ თავისი ხელწერა აღმოაჩინოს.

თუმცა, ახლა ვაცნობიერებ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რასაც სივრცეში ყოფნის დროს ვიღებთ და ის სარგებელი, რაც ჩვენს პროექტს საზოგადოებისთვის, ქალაქისთვის მოაქვს.

ასევე, მიმაჩნია, რომ გლობალური დათბობისა და ჰაერის დაბინძურების ფონზე, არასაკმარისი ყურადღება ეთმობა ცირკულარულ ეკონომიკას. თბილისშიც გვაქვს სივრცეების (დახურული თუ ღია) ხელახლა გამოყენების და რეგენერაციის წარმატებული მაგალითები. არქიტექტორებს, ურბანისტებს და დიზაინერებს შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ქვეყნის იმგვარი  ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბებაში, რომელიც დაფუძნებულია მასალების ან პროდუქტების ხელახლა გამოყენებასა და რევიტალიზაციაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მგონია სამშენებლო მასალებისა და მშენებლობის ეკოლოგიურად სუფთა გზით წარმოება. ეს იმდენად კომპლექსური საკითხია, რომ ბევრი დაინტერესებული მხარის ჩართულობას საჭიროებს (სამშენებლო და წარმოების სექტორის, განათლების სპეციალისტების, ეკონომისტების, ინჟინრების…), თუმცა, მჯერა, რომ არქიტექტორების როლიც უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება აღნიშნულის მიღწევაში.

როგორ შეაფასებდით ქართულ ურბანისტიკას და მისი განვითარების პროცესს?

ჩემი აზრით, დღეს ურბანული პოლიტიკა ქართულ რეალობაში არის ახალი ცნება და ყველა მხარე ცდილობს საკუთარი როლი იპოვოს ქვეყნის ურბანულ განვითარებაში. ეს არის საკითხი, რომელიც მიბმულია ქვეყნის ეკონომიკაზე, შესაბამისად, უაღრესად სენსიტიური თემაა. ვფიქრობ, პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა ბოლო წლებში უწყებების რესტრუქტურიზაციის ნაწილში. მაგალითად, დღეს უკვე არსებობს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის სივრცით მოწყობაზე, გენერალური გეგმის და განაშენიანების გეგმების შემუშავებაზე და არამარტო. არ უნდა გამოგვრჩეს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დაარსებაც 2023 წელს. ამ რეფორმის მიზანია სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს ფორმირება, რათა საქართველოში შეიქმნას ევროპული მოდელის სარკინიგზო სისტემა. აღინიშული ხელს შეუწყობს სფეროს მდგრადობის  და ურბანული გარემოს გაუმჯობესებას. როდესაც ეს “ინსტრუმენტები” სრულად გაიმართება, ყველა მომიჯნავე სექტორში, ურბანულ თუ არქიტექტურულ ნაწილში დიდი გავლენა ექნება.

მეტად ჩავუღრმავდეთ ამ თემას, რა ძირითადი გამოწვევები არსებობს ქართულ არქიტექტურულ და ურბანულ სივრცეში?  

პრობლემები სხვადასხვაგვარი და ბევრია. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ არქიტექტურული და ურბანული სივრცე საჭიროებს მეტ დიალოგს პროფესიულ წრეებში, მეტ საუბარს, მოსაზრებების გაცვლას, ცოდნის გაზიარებას. ამგვარ სივრცეს ან შესაძლებლობას კი მე დღეს ვერ ვხედავ.

მიდგომები ძალიან სწრაფად იცვლება, რასაც ქართული რეალობა ჩამორჩენილია. ავიღოთ, მაგალითად, ურბანული მობილობა. დღესაც კი მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში ისწავლება აღნიშნული დისციპლინა და ისიც ტრადიციულ სატრანსპორტო მიდგომებზე დაფუძნებით. ტერმინი “მდგრადი ურბანული მობილობაც” კი იმდენად უცხოა, რომ შინაარსის გაგებაც ზოგჯერ არასწორად ხდება. საზოგადოების ნაწილიც ორად არის გაყოფილი და პროფესიის წარმომადგენლებისგანაც არ ისმის (სივრცის არარსებობის გამო) არგუმენტირებული მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე.

ვფიქრობ, ეს დროში გაწელილი პროცესია და უახლოეს მომავალში მოხდება ცნობიერების შეცვლა, როგორც მდგრადი ურბანული მობილობის სასარგებლოდ, ასევე არქიტექტურის, ურბანისტიკისა და მათ მომიჯნავე სექტორებში მდგრადი მიდგომების გამოყენების კუთხით.

ქართული არქიტექტურული ნიმუშებიდან თქვენთვის ყველაზე შთამბეჭდავი რომელია?

ვფიქრობ, რომ ბევრი გამორჩეული არქიტექტურული ღირებულების მქონე შენობა გვაქვს საქართველოში. საავტომობილო გზების ყოფილი სამინისტროს შენობა კი ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავია. შენობის ურთიერთობა რელიეფთან, კონტექსტან, ხედვის არეალებთან და მისი საინჟინრო მხარე ნამდვილად იმსახურებს აღნიშვნას.

დავუბრუნდეთ თქვენს შემოქმედებას, აღგვიწერეთ მუშაობის პროცესი და თქვენი მიდგომა საქმისადმი

მუშაობის დროს ბევრი რამეა დამოკიდებული თავად პროექტზე თუ რა სახისაა ის — პუბლიკაცია, სტრატეგიული დოკუმენტი თუ არქიტექტურული ან ურბანული პროექტი. ზოგადად, გუნდურ მუშაობას ვანიჭებ უპირატესობას, რადგან ყოველთვის საინტერესოა სხვისი აზრის მოსმენა და პროექტისთვისაც სასარგებლო მგონია.  პროცესში კი განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ იმას, რომ სივრცის მოსარგებლეების საჭიროებები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.

სასტუმრო შაორის ტბაზე © ADDRESS, ALTERTOPOS, ALTERVISION

პროექტის მსვლელობის დროს ყოველთვის ვცდილობ, გავაზიარო ჩემი მოსაზრებები კოლეგებთან ერთად, რადგან ყველას სხვადასხვა გამოცდილება და განათლება გვაქვს. შესაბამისად, შეგვიძლია საკითხებს განსხვავებული პერსპექტივიდან შევხედოთ.

ძიებაც მუშაობის მნიშვნელოვანი ასპექტი მგონია. არის ხოლმე მომენტები, როდესაც საკვლევი ტერიტორიის ანალიზის დროს ფიქრობ, რა შეიძლება გახდეს ინსპირაციის წყარო, რას დაეყრდნო, რაზე დააფუძნო პროექტის არქიტექტურული ენა. ყოველივე ეს კი საბოლოოდ, ნამუშევარზეც აისახება.

სანაპიროს განაშენიანების კონცეფცია დეტროიტი აშშ © ANDS, გიორგი მაისურაძე

განვიხილოთ თქვენ მიერ შესრულებული პროექტები უფრო ვრცლად, რომელ ობიექტებს გამოყოფდით?

სულ ცოტა ხნის წინ დავასრულეთ თელავის აეროპორტის ტერმინალის შენობის კონცეფციაზე მუშაობა. ვთვლი, რომ პროექტი, მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, საკმაოდ პერსონალური იყო ჩემთვის. შენობის გეგმარებითი გადაწყვეტის შთაგონების წყარო ალაზნის ველის ვენახების გეომეტრიული კონფიგურაცია გახდა, ხოლო  შენობის სახურავის ფრაგმენტული დახრა  კავკასიონის სილუეტს იმეორებს.

თელავის აეროპორტის ტერმინალი © ელენე მაჩაიძე, გიორგი მაისურაძე, ანა გულისაშვილი, ქალაქპროექტი

ასევე, რამდენიმე წლის წინ საპროექტო გუნდთან ერთად, ვმუშაობდი არქიტექტურულ კონკურსზე პავიაში, იტალიაში. პროექტის ამოცანა იყო, რომ მდინარის პირას მდებარე თვითმფრინავების მიტოვებული ანგარის შენობა საზოგადოებრივი დანიშნულების ცენტრად გარდაქმნილიყო. ტიპურ ურბანულ კვლევასთან ერთად, სხვა მომიჯნავე სფეროებსაც სიღრმისეულად შევხედეთ. ჩვენმა საპროექტო წინადადებამ კი საპატიო ჯილდოც მიიღო. თუმცა, ყველაზე სასიამოვნოდ მაინც გუნდთან ერთად მუშაობა მახსენდება, როდესაც ჩვენს იდეებზე ვმსჯელობდით და მათ განსხვავებული კუთხით განვიხილავდით  (ე.წ. brainstorming).

Hidroscalo Pavia © ADDRESS, ALTERTOPOS

აუცილებლად უნდა გამოვყო საქალაქო მნიშვნელობის სტრატეგიული დოკუმენტები და ხედვები. ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა ჩემს გუნდთან და ყველა იმ ადამიანთან ერთად, რომლებიც ამ პროცესის მონაწილენი იყვნენ, თბილისის პირველ სატრანსპორტო გეგმაზე მემუშავა. შემოთავაზებული სამოქმედო გეგმა გაწერილი იქნება მოკლე, საშუალო და გრძელვადიან სტრატეგიებზე, რომელსაც შემდგომი 20 წლის განმავლობაში ქალაქი თანმიმდევრულად განახორციელებს.

თბილისის სატრანსპორტო გეგმა © Ramboll; თბილისის ველოგადაადგილების გენერალური გეგმა © Mobycon

ასევე, მოხარული ვარ  GIZ-ის მიერ მხარდაჭერილი სახელმძღვანელოს პროექტის – „მდგრადი ურბანული მობილობა“ და აზიის განვითარების ბანკის მიერ (ADB) მხარდაჭერილი გზამკვლევის – „სამართლიანი ქალაქის“ თანაავტორობით.

თბილისის სუპერბლოკების პროექტი © TYPSA, Leku Studio; გზამკვლევი სამართლიანი ქალაქი © ADB

დაბოლოს, ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება თქვენი ამჟამინდელი და სამომავლო გეგმების გაცნობა

ამ ეტაპზე ფოკუსირებული ვარ თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმისა და ველო გადაადგილების გენერალური გეგმის აღსრულებაზე. ორივე დოკუმენტში მკაფიოდ არის გაწერილი შემდეგი რიგის მოკლე და გრძელვადიანი ნაბიჯები, რომლის შესრულებაც დიდ სარგებელს მოუტანს ქალაქს და მის მაცხოვრებლებს. ასევე მსურს, უნივერსიტეტში ჩემმა საქმიანობამ გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიღოს შედეგი და ახალგაზრდებს მისცეს საშუალება, დაინტერესდნენ ურბანული სოციოლოგიით, ურბანული ეკონომიკითა და ეთნოგრაფიით, რათა შევძლოთ ქვეყანაში აღნიშნული სიცარიელე შევავსოთ.

გარეკანის ფოტო: დავით ჭალიძე

ავტორი: მეკო მეტრეველი

Generali Tower – ზაჰა ჰადიდის მიერ შექმნილი ცნობილი ცათამბჯენი იტალიაში

Vitsoe – ინოვაციური მიდგომებითა და გამორჩეული სტილით ცნობილი ავეჯის ბრენდი