in

დასაკიდი უნიტაზი — მონტაჟის სპეციფიკა და ღირებულება ქართულ ბაზარზე

დასაკიდი, იგივე ჩასაშენებელი უნიტაზი, თანამედროვე დიზაინში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ტრადიციული უნიტაზისგან განსხვავებით, ეს მოდელი ბევრად უფრო კომპაქტური, მიმზიდველი და კომფორტულია, ამიტომ დიზაინერები ახალ პროექტებში უმეტესად სწორედ ამგვარ უნიტაზებს იყენებენ.

დასაკიდ უნიტაზს რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა გამოარჩევს:

სივრცის დაზოგვა  — განსხვავებით ტრადიციული მოდელისგან, ჩასაშენებელი უნიტაზი დიდ ადგილს არ იკავებს, რადგან მისი კონსტრუქცია კედელშია ჩაშენებული და სივრცეს უფრო დიდსა და მოცულობითს აჩენს, ეს კი განსაკუთრებით ხელსაყრელი მცირე ზომის სველ წერტილებსა და აბაზანებშია.

წმენდის სიმარტივე და ჰიგიენურობა —  დასაკიდ უნიტაზსა და იატაკს შორის საკმარისი სივრცეა იმისათვის, რომ უნიტაზი კარგად გასუფთავდეს და ამ უბნებში ნაკლებმა მტვერმა თუ ჭუჭყმა დაისადგუროს. ამიტომ ტრადიციული მოდელისგან განსხვავებით, დასაკიდი უნიტაზი ბევრად უფრო ადვილი მოსავლელია და მისი სისუფთავის შენარჩუნებაც მარტივია.

დახვეწილი დიზაინი — ჩასაშენებელ უნიტაზს ბევრად დახვეწილი და ესთეტიკურად მიმზიდვლი დიზაინი აქვს, რის გამოც  ნებისმიერი სტილის ინტერიერს უხდება და მას განსაკუთრებულ ელფერს სძენს.

კომფორტული გამოყენება — განსხვავებით კლასიკური უნიტაზისგან, დასაკიდი მოდელი შესაძლებელია მაცხოვრებლების საჭიროებებს მოერგოს და მონტაჟის დროს სიმაღლე სურვილის შესაბამისად დარეგულირდეს.

თუმცა ჩასაშენებელი უნიტაზის მონტაჟი შედარებით რთული შესასრულებელია და რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს. პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ თავდაპირველად ხდება უნიტაზის ავზის მონტაჟი, შემდგომ კონსტრუქცია თაბაშირ-მუყაოს პროფილებით იფუთება, ბოლო ეტაპზე კი ფილებით მოპირკეთება ხდება.

ინსტალაციისას ავზი აუცილებლად მყარად და სწორად უნდა იყოს მიმაგრებული კედელზე, თაბაშირ-მუყაოს პროფილები კი უშუალოდ უნდა ებჯინებოდეს კონსტრუქციას, რათა მათ შორის სიცარიელე არ დარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნიტაზი იმოძრავებს და დროთა განმავლობაში ფილას დააზიანებს.

აუცილებელი ფაქტორია ისიც, რომ კედელი, რომელზეც უნიტაზის კონსტრუქცია მონტაჟდება რეკომენდებულია, რომ გაილესოს, რათა მისი ავზი მტკიცედ მოთავსდეს კედლის საფარში და სიმყარე დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს. თუ მთლიანი კედლის შელესვა ვერ ხერხდება, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ე.წ. „შტირის“ (ქართ. მანჭვალის) ადგილები (რისი მეშვეობითაც კონსტრუქცია კედელს ემაგრება) დავამუშაოთ და გავლესოთ, რათა ხელსაწყომ არ იმოძრაოს და არ გადმოვარდეს.

გასათვალისწინებელი ფაქტორია უნიტაზის სიმაღლეც, რომლის სტანდარტული მაჩვენებელი, ექსპერტების მიხედვით, უკვე მოპირკეთებული იატაკიდან, ფილიდან 32-34 სმ-ია. ესაა ის ოპტიმალური ზომა, რომელზეც კონსტრუქციის „შტირები“ უნდა დამონტაჟდეს, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია არასტანდარტული ზომის აღება და მაცხოვრებლების საჭიროებებზე მორგება.

მომხმარებელმა სასურველია იცოდეს ისიც, რომ ჩასაშენებელ უნიტაზს  აქვს „შტირების“ ორი განლაგება, ერთი მათგანის სიგრძე 18 სმ-ს უდრის, მეორისა კი 23 სმ-ს. სხვადასხვა მწარმოებელს განსხვავებული ტიპის უნიტაზები  აქვს, თუმცა საქართველოში ყველაზე გავრცელებული მაინც 18 სმ.-იანი სიგრძის მქონე მოდელებია. მონტაჟისას კი მაქსიმალური სიზუსტის დასაცავად „შტირებს“ შორის სიგრძეც გასათვალისწინებელია.

რაც შეეხება მასალის ღირებულებას, მხოლოდ ავზის ფასი, დაახლოებით, 350-600 ლარია, უნიტაზის ღირებულება კი მწარმოებლების, ბრენდის, დიზაინისა და ხარისხის გათვალისწინებით, შესაძლოა, 400-დან 2500 ლარამდე მერყეობდეს.

მხოლოდ კონსტრუქციის მონტაჟის ღირებულება, საშუალოდ, 150 ლარს შეადგენს, უნიტაზის დაყენება კი 50-70 ლარამდე ჯდება.

ავტორი: მეკო მეტრეველი

9 მარტივი წესი დიზაინში, რომელიც თანამედროვე ინტერიერის შექმნაში დაგეხმარებათ

ARIOSA HV – სავენტელაციო მოწყობილობა, რომელიც სახლში ჯანსაღი ჰაერის მიმოცვლას უზრუნველყოფს