საქართველოში ინტერიერის დიზაინერის მომსახურება საკმაოდ დაიხვეწა, შესაბამისად, სივრცის მოსაწყობად სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს პროფესიონალს. თუმცა, თუ ამ სფეროს ნაკლებად იცნობთ, პირველი თანამშრომლობისას რთულია მთავარ საკითხებზე ყურადღების გამახვილება და სწორი კითხვების დასმა. დღევანდელ სტატიაში არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სტუდია „Design it“-ი იმ ძირითად კითხვებს გვიზიარებს, რომლებიც გაგიმარტივებთ დიზაინერთან კომუნიკაციას და სასურველი პროექტის შექმნაშიც დაგეხმარებათ.
„სწორი კომუნიკაციის უნარები დამკვეთისა და ინტერიერის დიზაინერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ თანამშრომლობა შედგეს და პროექტი წარმატებული იყოს, დამკვეთს უნდა შეეძლოს საკუთარი სურვილების მკაფიოდ და გასაგებად გადმოცემა. თუმცა, ადამიანს, რომელსაც არასდროს ჰქონია დიზაინთან ან რემონტთან შეხება, რიგ შემთხვევებში, უჭირს მთავარი საკითხების გამოკვეთა. ჩვენი რჩევები სწორედ მათთვისაა, ვინც ახლა იწყებს დიზაინერთან თანამშრომლობას და ამ მიმართულებით ჯერ არ აქვს გამოცდილება“, — აცხადებენ თიკო დემეტრაშვილი და ირაკლი კირკიტაძე, სტუდია “Design it“-ის დამფუძნებლები.
კითხვა #1: შეგიძლიათ მაჩვენოთ წინა ნამუშევრები ან თქვენი პორტფოლიო?
დიზაინერის ნამუშევრების გაცნობა დამკვეთს ეხმარება უკეთ შეიცნოს კონკრეტული დიზაინერის სტილი, გემოვნება თუ ესთეტიკა. ეს კი საუკეთესო გზაა იმის გასაგებად, თუ რამდენად შეესაბამება თქვენ მიერ შერჩეული დიზაინერის უნარები და კვალიფიკაცია სამუშაო პროექტს.
„თუ დიზაინერს მრავალფეროვანი პორტფოლიო აქვს, ესე იგი მას სხვადასხვა სახის პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია, რადგან ყოველი განსხვავებული პროექტი ახალი გამოწვევაა“.
კითხვა #2: რა ეტაპებისგან შედგება დიზაინ პროექტის შემუშავება?
გამოუცდელი ადამიანისთვის საკმაოდ გაუგებარი შეიძლება იყოს დიზაინ პროექტის არსი და დიზაინერის საქმიანობა, ამიტომ არ მოგერიდოთ და დეტალურად გამოჰკითხეთ თქვენს დიზაინერს პროექტირების თითოეული საფეხური და პროექტის შემუშავების გზები.
კითხვა #3: რამდენად საჭიროა დამკვეთის ჩართულობა დიზაინის პროცესში?
„კვალიფიციური ინტერიერის დიზაინერი აუცილებლად გიპასუხებთ, რომ დამკვეთი აქტიურად უნდა იყოს ჩართული სამუშაო პროცესში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე საცხოვრებელი სივრცის დიზაინს შეეხება. პროექტირების სხვადასხვა ეტაპზე საჭიროა რიგი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც აუცილებლად დიზაინერისა და დამკვეთის ერთიანი შეთანხმების საფუძველზე უნდა მოხდეს“, — აღნიშნავენ Design it-ში.
კითხვა #4: რამდენად ითვალისწინებთ დამკვეთის ცხოვრების სტილს და რუტინას პროექტის შექმნისას?
ჩვენი რესპონდენტები გვირჩევენ, რომ დიზაინერთან კომუნიკაციისას მაქსიმალურად გულწრფელები და თამამები ვიყოთ. არ მოგვერიდოს ჩვენს სურვილებზე ღიად საუბარი, რათა სივრცე მაქსიმალურად მოერგოს მაცხოვრებელს. პროექტირებამდე რეკომენდებულია, დიზაინერს ჩვენი ცხოვრების სტილი და ყოველდღიური რუტინა გავაცნოთ, რათა ინდივიდუალური, პერსონალიზებული სივრცე მივიღოთ.
კითხვა #5: როგორია ტიპური პროექტის შექმნის ვადები?
უნდა გახსოვდეთ, რომ ვადების განხილვა აუცილებელია ინტერიერის დიზაინერთან მუშაობის საწყის ეტაპზევე. ნებისმიერ შემოქმედებით თუ ტექნიკურ პროცესს შესაბამისი დრო და რესურსი სჭირდება, ამიტომ პროექტირების ეტაპებთან ერთად, საჭიროა დროის ხანგრძლივობის წინასწარ განსაზღვრაც.
კითხვა #6: რამდენად ითვალისწინებთ ბიუჯეტს დიზაინის შემუშავებისას?
„Design it“-ის გუნდი გვიხსნის, რომ ბიუჯეტის გათვალისწინება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია დიზაინ პროექტის შექმნისას, რომელიც პროფესიონალებს ძირითად მიმართულებას აძლევს და საგრძნობლად ამარტივებს დამკვეთისა და დიზაინერის ურთიერთობას. ბიუჯეტის უგულებელყოფა შეიძლება დამღუპველი გახდეს პროექტის სრულად განხორციელებისთვის და არასასურველი შედეგები გამოიწვიოს.
კითხვა #7: ითვალისწინებთ თუ არა დიზაინის თანამედროვე ტენდენციებს?
„ამ კითხვის მეშვეობით ვიგებთ, თუ რამდენად ადევნებს თვალს თანამედროვე ტენდენციებს კონკრეტული დიზაინერი. სხვა სფეროებთან ერთად, დიზაინიც ყოველდღიურად ვითარდება, ჩნდება ახალი ტექნოლოგიები, სტილები თუ ინოვაციები. შესაბამისად, დიზაინერი, რომელიც მუდმივად სიახლეებს ეცნობა, მეტად სანდოა და თქვენს პროექტს ბევრ საინტერესო დეტალს შემატებს“.
კითხვა #8: იცნობთ თუ არა ბაზარზე არსებულ ეკო-მეგობრულ მასალებს?
თანამედროვე ტენდენციების მსგავსად, ეკო-მეგობრული მასალების ბაზარიც წლიდან წლამდე ვითარდება და უმჯობესდება. XXI საუკუნეში განსაკუთრებით აქტუალურია ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენება, მითუმეტეს იმ სივრცეებისთვის, რომლებშიც ბავშვები დროის დიდ ნაწილს ატარებენ. „Design it“-ის თქმით, დიზაინერის მოვალეობაა, რომ დამკვეთს სრული ინფორმაცია მიაწოდოს ამა თუ იმ პროდუქტის თვისებებისა და მახასიათებლების შესახებ. დამკვეთი კი თავისი გემოვნების, ბიუჯეტისა და შეხედულებების გათვალისწინებით, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს.
კითხვა #9: გაქვთ თუ არა პროექტის ზედამხედველობის გამოცდილება?
„დამკვეთისთვის ძალიან დიდი კომფორტი იქნება თუ დიზაინერი პროექტის ზედამხედველობას საკუთარ თავზე აიღებს, იმ შემთხვევაში თუ მას ამის გამოცდილება აქვს და სტრესულ სიტუაციებში მუშაობა შეუძლია. დიზაინერის შერჩევისას გასათვალისწინებელია ისიც, რომ მას კარგი კომუნიკაციის უნარები ჰქონდეს, რადგან სარემონტო სამუშაოებისას უამრავ განსხვავებულ ადამიანთან მოუწევს შეხება, მათთან სწორი ურთიერთობა კი პირდაპირპროპორციულად აისახება თქვენი სივრცის ხარისხზე.“
კითხვა #10: როგორ უმკლავდებით რემონტთან დაკავშირებულ გამოწვევებს?
ჩვენი რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ დიზაინერთან თანამშრომლობის პირველ ეტაპზე სასურველია ამ საკითხის გავლაც, რათა შემდგომში გაუთვალისწინებელი შეფერხებები არ მოხდეს.
„ხშირ შემთხვევაში, სარემონტო სამუშაოებისას ვაწყდებით ისეთ პრობლემებს, რომლებიც რთული გადასაწყვეტია პროფესიონალის ჩართულობის გარეშე. ამიტომაც ნებისმიერი დიზაინერისთვის მნიშვნელოვანია გამოწვევებთან სწრაფად და ეფექტურად გამკლავების უნარი. გირჩევთ, თავიდანვე გაარკვიოთ რამდენად გათვითცნობიერებულია თქვენი დიზაინერი რემონტის ტექნიკურ საკითხებში, რათა პროექტის განხორციელებისას არ გაჩნდეს პასუხგაუცემელი კითხვები“, — თიკო დემეტრაშვილი და ირაკლი კირკიტაძე.