თამა კალანდიას მორიგი ნამუშევარი საბურთალოზე, მინდელის ქუჩაზე მდებარეობს. საცხოვრებლის ფართი 130 მ2-ს მოიცავს, ტერასა კი 25 მ2-ს შეადგენს. საცხოვრებელი მოიცავს ორ საძინებელს, ორ სააბაზანოს, სასტუმრო ოთახს, მისაღებსა და სამზარეულოს. ინტერიერი უმეტესად კრემისფერ ტონალობაშია გადაწყვეტილი, ასევე, გვხვდება შავი და ბუნებრივი ხის შპონის ელემენტები.
საპროექტო დავალება მდგომარეობდა იმაში, რომ სივრცე მაქსიმალურად ათვისებულიყო და მისი ფუნქციურად სწორად გადანაწილება მომხდარიყო ისე, რომ ყველა ოთახი იზოლირებული ყოფილიყო და ბინაში სივიწროვე არ შექმნილიყო. დასახული მიზნის მისაღწევად პროექტის ავტორმა სამზარეულო და მისაღები სივრცე დიდი ვიტრაჟული კარით გამოყო, ასევე მოძრავი ვიტრაჟითა და ფარდით არის იზოლირებული სასტუმრო ოთახიც, რომელიც ღია კარით მისაღებ სივრცესთან ერთიანდება, საჭიროების შემთხვევაში კი დამოუკიდებელ საძინებელ ოთახს უზრუნველყოფს. ამასთანავე, ბინა საკმაოდ მოცულობითია, რაც ბუნებრივი განათების სიუხვით, მრავლად გამოყენებული წერტილოვანი, დეკორატიული განათებითა და სარკეებით მიიღწევა.
განსხვავებული და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა სამზარეულო, სადაც საუცხოო ესთეტიკას ხის დარაბები ქმნის. ეს ელემენტი განსაკუთრებულ იერს სძენს ოთახს და ორგანულად ერწყმის ხის სამზარეულოს ავეჯს, იატაკის საფარს და პატარა სასადილო მაგიდას. შავი დეტალებით გამდიდრებულ სივრცეს დეკორატიული განათება უფრო ელეგანტურს ხდის. კონტრასტის სახით შემოტანილი შავ-თეთრი ტახტი კი ამავე ფერებში გადაწყვეტილ მცირე ზომის ხალიჩას ესადაგება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითოეული ელემენტი ერთმანეთთან კავშირს ამყარებს და საოცარ ჰარმონიას ქმნის.
ვიტრაჟული კარები ბინას ამსუბუქებს და ერთიანი გეგმარების საშუალებას იძლევა. ამგვარად, სამზარეულო მისაღებს უკავშირდება, რომელიც საკმაოდ ვრცელი და მოცულობითია. ყურადღებას იქცევს სარკეები, რომლებიც სივრცეს ვიზუალურად ზრდის და ოთახს ბრწყინვალებას მატებს.
მყუდროების მისაღებად ოთახში შემოტანილია ხალიჩა, ხოლო მთელს ჭერზე წერტილოვანი განათებებია დამონტაჟებული. ხის დეტალები ამ ზონაშიც წამყვან როლს ასრულებს, რაც სასიამოვნო განწყობას ქმნის. მისაღები ორ ნაწილად, სასადილო და მოსასვენებელ კუთხეებადაა გაყოფილი, რის გამოც ოთახი მაქსიმალურად ათვისებული და ფუნქციურია.
მყუდრო გარემო იქმნება სასტუმრო ოთახში, სადაც თეთრი ტახტი, ლურჯი სავარძელი, ხის სათავსო, მრგვალი მაგიდა, სანათი, ნახატები და მცენარეებია განთავსებული. ამ ზონაშიც ხალიჩას თბილი და მყუდრო ატმოსფერო შემოაქვს და ინტერიერს მიმზიდველ იერს სძენს.
მთავარ საძინებელში სასიამოვნო განწყობა იგრძნობა. ღია ფერებში გადაწყვეტილი ოთახი ნათელი და მყუდროა. განსაკუთრებული დიზაინ ელემენტი ზებრას პრინტით გაფორმებული საწოლის თავია. ერთი კედელი სრულად კარადებს ეთმობა, რაც საკმაოდ ტევად საგარდერობო ზონას ქმნის. დეკორატიულ განათებას კი სიმსუბუქე და ჰარმონიული ატმოსფერო შეაქვს სივრცეში.
სააბაზანო ოთახები საინტერესო სტილით ხასიათდება. ერთ-ერთი მათგანი ხაკისფერ ტონალობაშია გადაწყვეტილი და მიკრო ცემენტით არის დამუშავებული, რომელსაც ხის ელემენტები ერწყმის და სივრცეს ათბობს. ზონა თანამედროვე, მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი და თითქოს ბინის საერთო ესთეტიკისგან განსხვავებულ სახეს იღებს.
მეორე მათგანი უფრო თბილი და პოზიტიურია, კედლები მიკრო ცემენტით არის მოპირკეთებული, რაც ვაბი-საბის სტილს გვაგონებს. ოთახი შავი დეტალებითა და შავ-თეთრი ფილითაა მოპირკეთებული, რაც კედლის ფაქტურას კონტრასტულად ეხამება.
თამა კალანდიას პროექტი გემოვნებიანი, დახვეწილი სტილით გამოირჩევა, რომელშიც თითოეული ელემენტი ერთმანეთთან ჰარმონიულ კავშირს ამყარებს და ერთიან დიზაინს ქმნის. ბინა მყუდრო, თბილი და სასიამოვნოა, რაც ხის ელემენტების სიუხვით, სადა ავეჯითა და დეკორატიული განათებით მიიღწევა. გააზრებულად შემოტანილი კონტრასტული დეტალები კი სივრცეს ამდიდრებს და ინტერიერს უფრო საინტერესოს ხდის.
პროექტის ავტორი: თამა კალანდია
ინტერიერის დიზაინის სტუდია: nookstudio
გამოყენებული მასალები:
იატაკის საფარი: „დანი“
ავაზანის ფილები: „VitrA Georgia“
შემრევები: „ვენეტო დიზაინი“
კედლის მოპირკეთება: „New Design“;
განათება: „დილაითი“; „Medusa Architecture & Design“
ავეჯი: „Ashley HomeStore“