in

The No.14 Chair – მასობრივი წარმოების სკამი, რომელიც საკულტო დიზაინად იქცა

The No.14 Chair, რომელიც ასევე ცნობილია როგორც Bistro Chair, სკამის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინია, რომელიც პირველად ავეჯის ბრენდის Thonet-ის მიერ დამზადდა. მისი ესკიზი დიზაინერმა მიხაილ ტონეტმა შექმნა და 1859 წელს ის მსოფლიოს პირველი მასობრივი წარმოების ავეჯი გახდა.

აღსანიშნავია, რომ მის საბოლოო მოდელზე მიხაილ ტონეტი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა, რათა იგი ვიზუალურად ძალიან დახვეწილი და კომფორტული ყოფილიყო. ხელმისაწვდომი ფასისა და მარტივი დიზაინით, The No.14 Chair მალევე ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სკამი გახდა, რომელიც ოდესმე შექმნილა. 1859-1930 წლებში დაახლოებით 50 მილიონამდე გაიყიდა და პოპულარობა დღემდე არ დაუკარგავს.

სკამი დამზადებულია ორთქლზე დამუშავებული ხის მასალით. პირველადი მოდელისთვის ხის ნაწილები მზადდებოდა წიფლის ხის 100 გრადუსამდე გაცხელებით, მხოლოდ ორთქლის გამოყენებით, რის შემდეგაც ხე თავსდებოდა სპეციალურ ყალიბში, რომელშიც დაახლოებით 20 საათის განმავლობაში შრებოდა. მოგვიანებით სკამის დიზაინს სავარძელსა და ზურგს შორის დაემატა სამაგრები, რათა ის უფრო მტკიცე ყოფილიყო.

The No.14 Chair დღემდე განიხილება როგორც დიზაინის კლასიკა. 1867 წელს მან ოქროს მედალი მოიპოვა პარიზის მსოფლიო გამოფენაზე, სადაც თავად დიზაინერმა და არქიტექტორმა ლე კორბუზიემ აღნიშნა, რომ არასდროს შექმნილა უკეთესი და უფრო ელეგანტური დიზაინის მქონე დამუშავებული და პრაქტიკული ავეჯი.

მიხაილ ტონეტის მემკვიდრეობას დღეს ავეჯის მსხვილი მწარმოებელი ბრენდი – TON აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ 2004 წელს TON-ის პირველი ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოშიც გაიხსნა. სკამის საშუალო ფასი $400-დან იწყება, თუმცა არსებობს მისი ბევრად უფრო ძვირადღირებული მოდელებიც.

10 ადგილი თბილისში, სადაც ჭაღს შეიძენთ

მწვანე გადახურვა საცხოვრებელ კომპლექსში — მთავარი უპირატესობები