in

ფრანგული სტილის ელემენტებით შთაგონებული ინტერიერი საბურთალოზე — ნინი ელისაშვილის ნამუშევარი

საბურთალოზე, შანხაის ქუჩაზე მდებარე ბინის პროექტი დიზაინერ ნინი ელისაშვილს ეკუთვნის და მისი საერთო ფართობი 47 მ2-ია. დამკვეთის მთავარი სურვილი ფრანგული ელემენტების მქონე ნათელი სივრცის შექმნა იყო, რომელიც თბილ და კომფორტულ გარემოს უზრუნველყოფდა. ასევე, მნიშვნელოვანი იყო სააბაზანოს სრულიად განსხვავებულ სტილში გადაწყვეტა ისე, რომ ბინის მთლიანობა შენარჩუნებულიყო. საცხოვრებელი მოიცავს შემოსასვლელ ზონას, გაერთიანებულ მისაღებსა და სამზარეულოს, საძინებელს და სააბაზანო ოთახს.

მეპატრონეს სურდა სახლის გეგმარების უცვლელად დატოვება, ამიტომ დიზაინერს არსებული ფართის ათვისება და ტიხრების შენარჩუნება მოუწია, რაც პროექტის ავტორისთვის გამოწვევა აღმოჩნდა. ამავე მიზეზით, სირთულეებთან იყო დაკავშირებული მისაღები ოთახიდან საძინებელში შემავალი კარის კონცეფციაც. კედლის მთლიანობის შესანარჩუნებლად, პროექტის ავტორმა სივრცეში ე.წ. დამალული კარი გამოიყენა, რომელიც მოლდინგებით გააფორმა.

ფრანგული ატმოსფეროს შესაქმნელად მთავარი აქცენტი გამახვილებულია მოლდინგებზე. ამას გარდა, ფრანგული წყობის ლამინირებული საფარით  არის მოპირკეთებული იატაკი, მცირე ოქროსფერი შტრიხებით კი მდიდრული ეფექტი მიიღება. სწორედ მოლდინგები და ფრანგული წყობის იატაკი  ქმნის მთავარ ესთეტიკურ ელემენტს, რომელიც სახლის უნიკალურობასა და სახასიათო იერს გამოკვეთს.

ელეგანტურობისა და სიმსუბუქის ხაზგასასმელად ინტერიერში ნათელი, ღია ფერები დომინირებს, რომელსაც კონტრასტულ წითელი ტონალობა აცოცხლებს და ალამაზებს, ტილოს ტექსტილის რბილი ავეჯი კი სივრცეს ჰაეროვნებას მატებს.

მისაღებ ოთახში შესვლისთანავე ყურადღება მოლდინგებით დატვირთულ კედელზე მახვილდება. დეკორატიული განათებითა და ბუნებრივი გამწვანებით კი მყუდრო, სასიამოვნო ატმოსფერო იქმნება. სივრცეში გამორჩეულ ადგილს იკავებს სარკით დაფარული ყავის მაგიდა, რომელიც მოსასვენებელ ზონას უფრო მიმზიდველსა და განსხვავებულს ხდის. ასევე, აღსანიშნავია ტელევიზორის კრემისფერი მაგიდა, რომელიც რატანის ელემენტებითაა გაფორმებული. ეს დეტალი იდეალურად ეხამება მინისებრი მასალის „IKEA“-ს სასადილო სკამებს,  რომლებიც ინტერიერს ამსუბუქებს და იდეალურად ეხამება თეთრი ფერის სასადილო მაგიდას.

სამზარეულოს კუთხეში შედარებით მუქი ფერები გვხვდება. სამზარეულოს ავეჯი შეღებილი MDF-ითაა დამზადებული და მასზე კვარცის ზედაპირი გვხვდება.  მიუხედავად იმისა, რომ ამ ზონას პატარა ფართი უჭირავს, ის საკმაოდ კომფორტული, კომპაქტური და მოსახერხებელია.

საძინებელშიც ფრანგული დახვეწილობა იგრძნობა, რაც ფერების ჰარმონიული შეხამებითა და მოლდინგების გამოყენებით მიიღწევა. წითელი ელემენტებითა და ავეჯზე დატანილი რატანის დეტალებით ერთგვარი კავშირი მყარდება საძინებელსა და მისაღებ ოთახს შორის, რაც სივრცის მთლიანობას  უსვამს ხაზს. ამასთანავე, ოთახი მაქსიმალურადაა ათვისებული და საძილე ზონასთან ერთად, საკმაოდ ტევადი საგარდერობო ნაწილიც გამოიყოფა, რაც სივრცეს უფრო ფუნქციურსა და პრაქტიკულს ხდის.

განსხვავებული და საინტერესო ინტერიერით ხასიათდება სააბაზანო, სადაც მუქი, ბეტონის ფაქტურის დიდი ფილებია გამოყენებული, კედლების ნაწილი კი დეკორატიული საფარით არის დამუშავებული. კონტრასტული ფერების შეხამება ინტერიერს საკმაოდ თამამ და თანამედროვე იერს სძენს და სასიამოვნო ატმოსფეროს განაპირობებს. ოქროსფერი ელემენტები ამ ზონაშიც მომხიბვლელ აქცენტებს ქმნის და სივრცეს ამდიდრებს.

პროექტის ავტორის თანახმად, ინტერიერისთვის საბოლოო სახის მიცემაში დამკვეთიც აქტიურად იყო ჩართული. ბინის მეპატრონემ დეკორატიული ელემენტებითა და აქსესუარებით გააფორმა სახლი და სივრცეს ინდივიდუალური ხასიათი შემატა.

ნინი ელისაშვილის პროექტი ფრანგული სტილითა და დახვეწილი ესთეტიკით გამოირჩევა. ნაზი, ღია ფერებისა და კონტრასტული წითელი და ოქროსფერი ელემენტების შეხამებით, მსუბუქი და ჰაეროვანი სივრცე იქმნება. მიუხედავად იმისა, რომ სააბაზანო ზონა მკვეთრად განსხვავდება ბინის დანარჩენი ნაწილისგან, პროექტის ავტორმა შეძლო, რომ ინტერიერს ერთიანი იერსახე და მთლიანობა შეენარჩუნებინა.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული ბინა გასაქირავებლად არის გამოტანილი. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია განცხადების ბმულზე.

პროექტს ავტორი: ნინი ელისაშვილი

ინტერიერის დიზაინის სტუდია: „Pheri_Interiors

გამოყენებული მასალები:

იატაკის საფარი: „დანი“;

აბაზანის ფილები: „გალერეა დემასი“;

შემრევები: „მეგალაინი“

კედლის მოპირკეთება: „ნიუ დიზაინი“; „კაპაროლი“

განათება: „Brand R“

ავეჯი: „IKEA“

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

ფინ იული – არქიტექტორი და დიზაინერი, რომელმაც აშშ-ში დანიური სტილი შემოიტანა

რატომ არის ეკო-მეგობრული წარმოება „კერამა მარაცისთვის“ მნიშვნელოვანი