in

Maija lamp – ილმარი ტაპიოვაარას მიერ შექმნილი სანათის დიზაინი

ილმარი ტაპიოვაარა ცნობილია ინტერიერისა და ავეჯის დიზაინით და ის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ფინელი დიზაინერია. ადამიანების უმეტესობა მის Domus-ის სკამებსა და Pirkka-ს კოლექციას ძალიან კარგად იცნობს, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ის სანათების გამორჩეულ ნიმუშებსაც ქმნიდა. ერთ-ერთი ასეთი ნივთია Maija-ს სახელით ცნობილი იატაკის სანათი, რომელიც ამჟამად Santa & Cole-ს კოლექციის ნაწილია.

თეთრი სანათი რაღაცით ფუტკრის აგებულებას გვაგონებს. ფინელმა დიზაინერმა ის 1955 წელს დააპროექტა და შთაგონება საბავშვო წიგნიდან მიიღო, რომელიც 1912 წელს გამოიცა და Die Biene Maja ჰქვია.

Santa & Cole-ს ბრენდისთვის შექმნილი თეთრი სანათი განსხვავებული ზომისაა, მაგრამ ორიგინალის მსგავსი აგებულება აქვს. იატაკის სანათის სიმაღლე დაახლოებით 67 სანტიმეტრია, ხოლო მაგიდის – 33 სანტიმეტრი.

სანათის სვეტოვანი და რიტმული ფორმა შედგება რამდენიმე მეტალის დისკისგან, რომელიც პასუხისმგებელია სინათლესა და მბზინავ იერსახეზე. Maija-ს თავდაპირველ მოდელს ფინური კომპანია Hienoteräs 1960 წლამდე აწარმოებდა, ხოლო 1960-იან წლებამდე მას ფინური ავეჯის მწარმოებელი კომპანია Asko-ს კოლექციაშიც ვხვდებოდით.

დღესდღეობით Hienoteräs-ის მიერ წარმოებული Maija-ს სანათები არის ღირებული, მოთხოვნადი საკოლექციო ნივთები როგორც ფინეთში, ასევე დიზაინის საერთაშორისო ბაზრებსა და ფესტივალებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Maija 15-ის დახვეწილი ვარდისფერი ელფერი ორიგინალურ ფერთა სისტემას ჰქმნის. ის კონკრეტული სანათის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოდელად ითვლება.

Maija Mehiläinen-ის ისტორია 1990-იან წლებში გაგრძელდა, როდესაც ესპანური გამომცემლობა დაუკავშირდა ფინელ ხელოვნებისა და დიზაინის ისტორიკოსს პეკა კორვენმაას, რადგან სპეციალური წიგნების სერიის შექმნა სურდათ. გამომცემლობამ წიგნის მთავარ თემას სწორედ ილმარი ტაპიოვაარა შეარჩია. პროექტში მონაწილეობა მიიღო ესპანეთის უნივერსიტეტის Universitat Politècnica de Catalunya-ს დიზაინის განყოფილებამ, რომელიც მდებარეობს ბარსელონაში.

კვლევისა და წერის სამწლიანი პერიოდი 1994 წელს დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში ილმარი ტაპიოვაარას კარიერის ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი მომენტები შეგროვდა. ამ პერიოდში Santa & Cole-მა სანათების რამდენიმე განსხვავებული ვერსია გამოუშვა. ამჟამად ეს სანათები ხელმისაწვდომია როგორც თეთრ, ასევე ვარდისფერ ტონებში (რაც კლასიკურ ვერსიად ითვლება), ფასი კი, საშუალოდ, $300-დან იწყება და ზოგიერთი მათგანის ღირებულება $2000-მდე აღწევს.

ილმარი ტაპიოვაარას მიერ შექმნილი ელეგანტური დიზაინი შესაფერისია ნებისმიერი ტიპის ინტერიერისთვის. აღსანიშნავია, რომ თავად ტაპიოვაარას საკუთარ ინტერიერში იატაკის შედარებით უფრო დიდი ზომის მოდელი ჰქონდა განთავსებული.

რა სიხშირით არის საჭირო მტვერსასრუტის ფილტრების შეცვლა?

საშხაპე ტრაპი — ტიპები, მახასიათებლები და შერჩევა