in

ფსიქოთერაპევტის სამუშაო სივრცე მინიმალისტური დიზაინით — ანუკა თავართქილაძის ნამუშევარი

დღევანდელ სტატიაში ანუკა თავართქილაძის კიდევ ერთ საინტერესო ნამუშევარს გაგაცნობთ, რომელიც ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ობიექტის ფართობი 40 მ2-ია და ის ფსიქოლოგის სამუშაო სივრცეს წარმოადგენს.

საპროექტო დავალება გულისხმობდა ისეთი კაბინეტის შექმნას, სადაც თერაპიული კუთხე, სამუშაო მაგიდა, სამზარეულო და სველი წერტილი განთავსდებოდა. ამასთანავე, დამკვეთს სურდა ნათელი, ფერადი აქცენტების მქონე ღია სამუშაო სივრცე, სადაც მაქსიმალურად მოხერხებული და სასიამოვნო გარემო იქნებოდა და ვიზიტორები თავს კომფორტულად იგრძნობდნენ.

პროექტის ავტორისთვის განსაკუთრებული გამოწვევა აღმოჩნდა ფსიქოთერაპიისთვის განკუთვნილი სივრცის დაგეგმარება, ვინაიდან თერაპიის პროცესი გამორჩეულ კომფორტსა და ატმოსფეროს მოითხოვს.

დასახული მიზნის მისაღწევად შეიცვალა ობიექტის თავდაპირველი გეგმარება. ნათელი, დიდი სივრცის მისაღებად, ერთ-ოთახიან ბინაში, სადაც სამზარეულო იზოლირებული იყო, გამყოფი კედელი მოიხსნა და ბინა ერთიან, დიდ სამუშაო ზონად გადაკეთდა.

ავთენტურობის შესანარჩუნებლად, იატაკზე პარკეტის საფარი დაიგო, აბაზანის კარი კი ძველებურ სტილში დამზადდა. ობიექტის დანიშნულებიდან გამომდინარე, ოთახის დომინანტურ ფერად თეთრი შეირჩა, ფერადი აქცენტები კი ავეჯისა და აქსესუარების მეშვეობით დაემატა. მთლიანად შეიცვალა კარ-ფანჯარა, რამაც ოთახში მეტი ბუნებრივი განათება გააჩნია და თბილი ატმოსფერო უზრუნველყო.

დიზაინერის გადაწყვეტილებით, სამუშაო სივრცე რამდენიმე ფუნქციურ ზონად დაიყო. ცალკე გამოიყო თერაპიული კუთხე დივნითა და ჟურნალის მაგიდით. მოშორებით განთავსდა სამუშაო მაგიდა, რომლის უკან, კედლის მთელ სიგრძეზე, თაროები მოეწყო. თაროებზე მოთავსებული წიგნები, ნახატები თუ დიზაინობიექტები ფერად აქცენტებს სძენს გარემოს და ფუნქციურ ზონებს ერთმანეთთან აკავშირებს.

ინტერიერში სიხალისე შემოაქვს მუქი ფერის სავარძელსა და ტახტს, რომელიც კონტრასტულ შტრიხებს სძენს სივრცეს და ინტერიერს უფრო მომხიბვლელს ხდის.  მიუხედავად იმისა, რომ დივნის უკან თავდაპირველად სარკე იყო გათვალისწინებული, მიმზიდველი დიზაინის ფარდაგი, რომელიც პროექციულ ტესტს მოგვაგონებს, კონცეპტუალურად უფრო მოუხდა სივრცეს და მას განსაკუთრებული მიმზიდველობა შემატა.

პროექტში გამორჩეული ელემენტია ანუკა თავართქილაძის მიერ შექმნილი შანდალი, რომელიც სადა, დახვეწილი ფორმით გამოირჩევა და დამატებით ჰაეროვნებას სძენს სივრცეს.

ოთახის სიღრმეში დაპროექტდა პატარა ნათელი სამზარეულო, რომელიც მინიმალურადაა დატვირთული და საკმაოდ კომპაქტურ, ფუნქციურ ზონას უზრუნველყოფს. მთავარი ყურადღება მინიმალისტური დიზაინის ავეჯზე მახვილდება, რომელიც ესთეტიკურად ამდიდრებს და სიმსუბუქეს მატებს ინტერიერს.

ანუკა თავართქილაძის ნამუშევარი სრულად ერგება სივრცის ფუნქციურ დანიშნულებას და გეგმარებითი თუ დიზაინ კონცეფციის მიმართულებით ყველა იმ პირობას აკმაყოფილებს, რომელიც დამკვეთს ეხმარება საკუთარი საქმიანობის პროდუქტიულად წარმართვაში.

პროექტის ავტორი: ანუკა თავართქილაძე

ინტერიერის დიზაინის სტუდია: Anuka Tavartkiladze Product Design

გამოყენებული მასალები: 

აბაზანის ფილები: „VitrA Georgia“; „ესპანური სახლი“

სანათები: „Delight“, „Motif“

ავეჯი: „Laboratory My Home“; „New light“, „Mysa“

დეკორი: „Livin“

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: Grigory Sokolinsky

ესთეტიკისა და ფუნქციურობის სინთეზით შექმნილი პროექტები — ინტერვიუ მარიამ ყარყარაშვილთან

ლუის კანი – ამერიკაში მოღვაწე ესტონელი არქიტექტორი