ცალკეულ პიროვნებებს საკუთარი საქმიანობით საზოგადოებისთვის დიდი ზეგავლენის მოხდენა და სხვათა ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლიათ. თუმცა, ეს მეტამორფოზი, პირველ რიგში, პიროვნული ცვლილებით იწყება და უწყვეტი თვითგანვითარების გზით ხასიათდება. ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირის, ლევან როგავას საქმიანობაც სწორედ სხვათა კეთილდღეობას ემსახურება და მუდმივ ზრდასა და სწავლებას ეფუძნება. ლევანი საერთაშორისო ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს ფედერაციის შეფ-ინსტრუქტორია და ასევე მე-5 დანი გოჯუ-რიუ კარატეში. მისი მოღვაწეობა არაერთ ტიტულსა და მიღწევას აერთიანებს, თუმცა დღეს ჩვენ ყურადღებას მის უნიკალურ საგანმანათლებლო პროექტზე — გოჯუ-რიუს აკადემიაზე გავამახვილებთ, რომელიც ახალ თაობებს უძველეს იაპონურ ხელოვნებას შეასწავლის და მათ ფიზიკურ, სულიერ თუ ინტელექტუალურ ზრდასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.
გოჯუ-რიუს აკადემია ამჟამად მშენებლობის ეტაპზეა და ეს პროცესი საზოგადოების ჩართულობით ხორციელდება. როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, ეს იქნება „ჯანსაღი და ძლიერი ადამიანების სამჭედლო“, სადაც ახალგაზრდები იაპონურ საბრძოლო ხელოვნებასთან ერთად, სხეულის ფლობას, თავდაცვისუნარიანობას, შინაგან სიმშვიდეს, თავდაჯერებულობას, ზომიერებას დაეუფლებიან და ინტელექტუალურ და პიროვნულ ზრდას შეძლებენ. ლევანის თქმით, აკადემია უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაში და ახალი თაობის ენერგიასა თუ შესაძლებლობებს სასიკეთოდ მიმართავს.
Homeis.ge ლევან როგავას ძალიან საინტერესო ინტერვიუს გთავაზობთ, რომელიც გოჯუ-რიუს აკადემიაზე, უძველეს საბრძოლო ხელოვნებაზე, ფიზიკურ თუ სულიერ განვითარებასა და სამყაროსთან ჰარმონიულ კავშირზე მოგვითხრობს.
ვინ არის ლევან როგავა? გვესაუბრეთ თქვენს პროფესიაზე და იმ როლზე, რომელიც მას თქვენსა და სხვა ადამიანების ცხოვრებაში აქვს
სახელისა და გვარის მიღმა ვინ ვარ ყველაზე მეტად მაშინ ვგრძნობ, როდესაც კარატე გი (კიმონო) მაცვია. ვიტყოდი, რომ “ლევან როგავა” არის მუდმივად სწავლის პროცესში მყოფი ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც გოჯუ-რიუს სწავლობს და სხვებსაც ეხმარება მის დაუფლებაში.
ჩემი საქმიანობით 10 წლის ასაკში დავინტერესდი და დაჟინებული მოთხოვნით მშობლებმა კარატეს სკოლაში მიმიყვანეს. 90-იანების აგრესიულმა გარემომ ჩემში გაძლიერებისა და მაღალი თავდაცვისუნარიანობის სურვილი გააჩინა. მახსოვს, სახლშიც მოვაწყვე სავარჯიშო კუთხე და დარბაზის შემდეგ შინაც ვაგრძელებდი ვარჯიშს. სკოლის ასაკში ფორტეპიანოზეც დავდიოდი. ერთხელ ჩემმა მასწავლებელმა გაკვირვებულმა მკითხა: „სად დადიხარ შვილი, ეს პიანისტის ხელები არ არისო“ – არ მოეწონა ვარჯიშისგან დასისხლიანებული მუშტები…
ამ გადმოსახედიდან ვაცნობიერებ თუ როგორ შემცვალა გზადაგზა სპორტის ამ სახეობამ და როგორ ამარიდა, შეიძლება ითქვას, გადამარჩინა კიდეც უამრავ ცუდ შემთხვევას ცხოვრებაში. ამ პროფესიისადმი უსაზღვრო მადლიერებას განვიცდი და ვცდილობ, ეს მადლიერება ჩემს მოსწავლეებში დავაბრუნო.
ვისაუბროთ უძველესი იაპონური საბრძოლო ხელოვნების — გოჯუ-რიუს შესახებ, რას გულისხმობს ის?
იაპონურად „გო“ ნიშნავს მაგარს, ხოლო „ჯუ“ — რბილს, რაც მაგრისა და რბილის ტანდემს ქმნის. ეს საბრძოლო ხელოვნება ძლიერ, ამტან, ფოლადივით გამოწრთობილ სხეულსა და მშვიდ, გაწონასწორებულ, ჰარმონიულ სულს აერთიანებს. გოჯუ-რიუს დამაარსებელს, სენსეი ჩოჯუნ მიაგის (დაიბადა 1888 წელს) ეკუთვნის სიტყვები: „როდესაც ბრაზი მოგერევა, მუშტები დაბლა დაწიე, ხოლო როდესაც მუშტებს მაღლა სწევ, ბრაზი დაძლიე”. გოჯუ-რიუსთვის მხოლოდ ფიზიკური სიძლიერე და მაღალი თავდაცვისუნარიანობა არ არის მთავარი, ეს უძველესი იაპონური საბრძოლო ხელოვნება ძლიერი სხეულისა და მაღალი ინტელექტის სინთეზის შესაძლებლობაა.
საინტერესოა, საქართველოში რამდენად ცნობადია ეს მიმართულება და როგორია დაინტერესება მის მიმართ?
დღეს ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ, ამიტომ ძალიან მარტივია ინფორმაციის მიღებაც და გავრცელებაც. მთავარია, ამით ადამიანები დააინტერესო. დღესდღეობით გოჯუ-რიუს შესწავლის მსურველი ბევრია, თუმცა ადგილები ყოველთვის შეზღუდულია და ბევრს მიღებაზე ხშირად უარს ვეუბნებით. ეს სრულიად გააზრებული გადაწყვეტილებაა, რადგან ვფიქრობთ, რომ ერთ ვარჯიშზე 25 ადამიანზე მეტი არ უნდა იმყოფებოდეს. თუ ეს რიცხვი გაიზრდება სენსეისა და მოსწავლეს შორის სრულფასოვანი კომუნიკაცია ვერ დამყარდება. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, სრულიად გამჭვირვალეა. ჩვენი პრინციპი გულწრფელობა და საქმისადმი ერთგულებაა. აუცილებელია მუდმივი და დაუღალავი მოძრაობა, რომელიც ველოსიპედის ტარებას ჰგავს – თუ გაჩერდი, გადმოვარდები. სისტემა, რომელსაც ჩვენ ვავარჯიშებთ, იმდენად სასარგებლო და მრავლისმომცველია, რომ ჩვენთან მოსული ადამიანები მუდმივად პოულობენ რაღაც ახალსა და საინტერესოს. პატარა მოსწავლეების მშობლები ცხადად ხედავენ თავიანთი შვილების ტრანსფორმაციას – როგორც ფიზიკურს, ასევე მენტალურს. ამ ყოველივეს იაპონელები სიცოცხლის გაუმჯობესებას ეძახიან, ამიტომაც გოჯუ-რიუს გავრცელება ბუნებრივად ხდება და დაინტერესებაც მზარდია.
2012 წლიდან ჩვენი ცენტრალური დოჯო ქავთარაძეზე მდებარეობს, მისი საერთო ფართობი არც თუ ისე დიდია. 175 მ2 ნამდვილად არ არის საკმარისი სივრცე ასეთი დიდი მოთხოვნისთვის. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც სწავლების მასშტაბების გაფართოებისკენ გვიბიძგა და გოჯუ-რიუს აკადემიის მშენებლობა გადაგვაწყვეტინა.
უფრო დეტალურად გვიამბეთ უნიკალური პროექტის — გოჯუ-რიუს აკადემიის შესახებ, როდის გაჩნდა მისი შექმნის იდეა?
არ მომერიდება და თამამად ვიტყვი, რომ ეს არის უპრეცედენტო პროექტი. ბევრისთვის ჯერ კიდევ სრულად არ არის აღქმული თუ რა მასშტაბზეა საუბარი და რამხელა სიკეთის მომტანი იქნება ის. ზუსტად ამ საზოგადო კეთილდღეობის გავრცელების შესაძლებლობა იყო ჩემი მოტივი 5 წლის წინ, როდესაც ამ აკადემიაზე ფიქრი და მუშაობა დავიწყე. ჩვენი მიზანია, უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნების შესახებ და მისგან ფასეული სარგებელი მიიღოს.
თავად შენობის საერთო ფართობო 1200 მ2-ია. ნაგებობის იერსახე მაქსიმალურად იაპონური სტილისა და ხასიათის გამომხატველია. აუცილებელია აღმოსავლური ტრადიციებისა და ფილოსოფიის გათვალისწინება, რადგან აქ იაპონური საბრძოლო ხელოვნებების სწავლება და გავრცელება მოხდება. მე ხშირად ვმოგზაურობ იაპონიაში და იქ დაგროვილი გამოცდილება ამ პროექტის შექმნაში მეხმარება. ჩემს გარშემო უმაღლესი კვალიფიკაციის, ცოდნისა და გამოცდილების სენსეები არიან. ძალიან გაგვიმართლა, რომ სწორედ ეს ოსტატები წარმართავენ სასწავლო პროცესს აკადემიაში, რადგან ამ ხელოვნების დასაუფლებლად მასწავლებლის როლი უმნიშვნელოვანესია.
რაც შეეხება აკადემიის ადგილმდებარეობას, ის ლისის ტბასთან ახლოს მდებარეობს. ულამაზესი ბუნება და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა იდეალური გარემოა გოჯუ-რიუს შესასწავლად. პროექტი კონცეპტუალურად ზუსტად მიესადაგება იმგვარ ადგილს, სადაც მსგავსი ტიპის დაწესებულება უნდა ფუნქციონირებდეს. ვიმედოვნებ, მომავალ წელს ამ ტერიტორიაზე უამრავ თეთრ კიმონოიან ბავშვს ნახავთ.
რა ღირებულების მატარებელი იქნება აღნიშნული აკადემია და რა მნიშვნელოვან პროგრამებსა თუ ღონისძიებებს გააერთიანებს ის?
ვფიქრობ, ადამიანმა ისეთი რაღაცის შექმნა უნდა მოასწრო, რომელიც ამ სამყაროში დაბრუნების შემთხვევაში, დაგხვდება. ეს პროექტი სწორედ ამითაა უნიკალური. შენობა თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ აღმატებულია ის, თუ რისი სწავლა იქნება შესაძლებელი ამ დაწესებულებაში. ეს იქნება სიკეთის გავრცელების, გამოცდილებისა და ცოდნის მიღების ადგილი. ჯანსაღი და ძლიერი ადამიანების სამჭედლო. ძალიან გაგიჭირდებათ მსგავსი ანალოგის პოვნა მსოფლიოში — სწავლების სისტემა, მიდგომები, სენსეებისა და ინსტრუქტორების მაღალი კვალიფიკაცია, უამრავი ღონისძიება. გოჯუ-რიუს აკადემია იქნება უწყვეტი განვითარებისა და პიროვნული ზრდის სივრცე.
როგორ მიმდინარეობს მშენებლობის პროცესი? რა ეტაპზე ხართ ამჟამად?
მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, ცოტა ხანში მე-4 ეტაპს დავასრულებთ. მალე დავამთავრებთ შენობის კონსტრუქციაზე მუშაობას, რკინა-ბეტონის სამუშაოებს. ვცდილობთ, ყველა დეტალი ხარისხიანად შესრულდეს, თუმცა არის რთული ნაწილებიც, როგორიცაა ლითონის ფერმები, რომლებიც მასიურია და მის დამზადებასა და დამონტაჟებას გარკვეული დრო სჭირდება. საკმაოდ შრომატევადი საქმეა, თუმცა დარწმუნებული ვარ, საბოლოო შედეგი იდეალური იქნება.
როგორც ცნობილია, პროექტი იმითაც საინტერესოა, რომ მან არაერთი ადამიანი გააერთიანა და სწორედ სხვადასხვა შემოწირულობითა და დონაციების ხელშეწყობით მიმდინარეობს მშენებლობა. გვიამბეთ უფრო ვრცლად ამის შესახებ
ეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი პროექტი, არც ინდივიდუალური პარტნიორი და არც სახელმწიფო მის დაფინანსებაში არ მონაწილეობს და მისი გამორჩეულობაც ამაში მდგომარეობს. 5 წლის წინ, როდესაც ეს იდეა გამიჩნდა, სამშენებლო ბაზარი განსხვავებული ფასებით ხასიათდებოდა, ახლა ორმაგად გაიზარდა ხარჯები. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა და რისკები არსებობს, ჯერ-ჯერობით ჩვენი მეგობრებისა და თანამოაზრეების დახმარებით, ამ საქმეს თავს ვართმევთ. წარმოუდგენელი ჩართულობაა საზოგადოების მხრიდან, რაც იმის ძალასა და იმედს მაძლევს, რომ პროექტს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. გვეხმარებიან სრულიად უცნობი ადამიანები და კომპანიები, მათ შორის “4 Hospitals”, “EY Georgia”, სამშენებლო კომპანია “სმარტ სოლუშენ”-ი, რომელთათვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესი და ნათელი მომავალი თაობის გაზრდა მნიშვნელოვანია. ბევრმა ჩემმა უცხოელმა მეგობარმაც გაიღო შემოწირულობა, მათ შორის გოჯუ-რიუს ფედერაციის მთავარმა სენსეიმ — ტეცუჯი ნაკამურამ, რომელიც მხარს გვიჭერს. ამ ადამიანებმა იციან და ხვდებიან, რამხელა მნიშვნელობის მატარებელია აღნიშნული პროექტი და რა სიკეთის მოტანა შეუძლია მას უამრავი თაობისთვის. ამ ეტაპზეც გვჭირდება ფინანსური დახმარება, ვეძებთ ქველმოქმედ ადამიანებსა თუ კომპანიებს, რომლებიც ჩვენი ღირებულებების მატარებლები არიან, რათა დაგვეხმარონ ამ გეგმის განხორციელებაში.
დაბოლოს, თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს გოჯუ-რიუს აკადემია ჩვენს საზოგადოებაზე და მის კეთილდღეობაზე?
საბრძოლო ხელოვნების ამ სისტემას გააჩნია უნიკალური თვისება, მას შეუძლია კონკრეტული ადამიანისგან საუკეთესო ვერსია გამოძერწოს, დაეხმაროს მას, დაამარცხოს პიროვნული სისუსტეები და გახადოს თავდაჯერებული. მას შესწევს უნარი, გაზარდოს შინაგანად და ფიზიკურად ძლიერი ინდივიდები და პასუხისმგებლობიანი, კეთილსინდისიერი პიროვნებები ჩამოაყალიბოს. მჯერა, რომ ახალგაზრდებისთვის აუცილებელია ამ ტიპისა და შინაარსის მქონე სივრცეები, სადაც ბავშვები თუ უფროსი ასაკის ადამიანები საკუთარ თავში იპოვიან რაღაც განსაკუთრებულს.
მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა და დაგვარწმუნა თუ რა პოზიტიურ გავლენას ახდენს ახალგაზრდა თაობაზე გოჯუ-რიუ. დღეს ჩვენთან ასობით ახალგაზრდა ვარჯიშობს და ყველა მაღალი პასუხისმგებლობით, თავაზიანობით, მშვიდი, გაწონასწორებული მანერებით გამოირჩევა. მგონია, რომ ასეთი ტიპის დაწესებულების შექმნა კრიმინალისა და ნარკოდამოკიდებულების მიმართ პრევენციის საუკეთესო საშუალებაა და შესაბამისად, ის საზოგადო კეთილდღეობის მომტანია.
აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტის არქიტექტორი ლევან ჩხაიძეა. როგორც ის ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, მისთვის ეს ნამუშევარი გამორჩეულად მნიშვნელოვანია. ლევან ჩხაიძე მიიჩნევს, რომ ასეთი არქიტექტურული-სივრცითი გადაწყვეტა ქართული არქიტექტურისთვის იშვიათია და სწორედ ამიტომაა ის განსაკუთრებული — “ამ პროექტზე მუშაობა დაახლოებით ხუთი წლის წინ დავიწყეთ. თავდაპირველად შენობა უფრო პატარა იყო, დაახლოებით 700 კვ.მ. ლევან როგავასათან საუბრებისა და სხვადასხვა ვარიანტების განხილვის შემდეგ კი გადაწყდა, რომ უფრო დიდი მოცულობის ნაგებობა (1200კვ.მ) დაგვეპროექტებინა, რომელშიც იქნებოდა სამი სრულყოფილი სავარჯიშო დარბაზი (დოჯო), გასახდელები ქალებისთვის, ვაჟებისთვის, გოგონებისთვის და ბიჭებისთვის. აღსანიშნავია, რომ დარბაზს შეუძლია ერთდროულად მოემსახუროს დაახლოებით 80-მდე სპორტსმენს. ასევე, ამავე სივრცეში არის სენსეის და ინსტრუქტორების ოთახები თავისი გასახდელებით. შენობაში ვხვდებით დიდი განათებული ვესტიბიულით, სადაც მოსაცდელი სივრცე და კაფეა განთავსებული. ამასთანავე, კომპლექსს აქვს სარდაფი, რომელიც გამოიყენება როგორც ტრენაჟორებისთვის, ასევე ვარჯიშებისთვის.
რაც შეეხება პროექტის კონცეფციას და სივრცით-მოცულობით გადაწყვეტას, აქ აქცენტი გაესვა იაპონურ ტრადიციულ არქიტექტურას, რაც გულისხმობს შემდეგს: სიმარტივეს, ინტერიერში სინათლის დიდ რაოდენობას (რაც დიდი ვიტრაჟებით მიიღწევა), ხის ელემენტებს და სახურავის სპეციფიკურ ფორმას. მოგეხსენებათ, იაპონური არქიტექტურა ფესვებს ძველი ჩინური არქიტექტურიდან იღებს, სადაც დრაკონის კულტი ძალიან დომინირებს. გადმოცემის თანახმად, როდესაც დაღლილი დრაკონი სახლის სახურავზე დაეშვება, მას არ უნდა ხვდებოდეს სწორი, ციცაბო ზედაპირი, არამედ ოდნავ ოვალური, რბილი სიბრტყე, რათა მშვიდად დაჯდომა შეძლოს. აქედან გამომდინარე, სახურავს არა აქვს სწორი სამკუთხა ფორმა, არამედ ის რბილი, ოვალური ფერდებით ხასიათდება.
შენობის დანიშნულებისა და კონცეფციის გათვალისწინებით ვიტყოდი, რომ ეს პროექტი ჩემს შემოქმედებით გზაზე განსაკუთრებულად გამორჩეულია. ჩვენ ბევრი სპორტული დარბაზი გვაქვს დაპროექტებული და განხორციელებული, მაგრამ ასეთი არქიტექტურულ-სივრცითი გადაწყვეტა პირველი და გამორჩეულია საქართველოში. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ხომ ჩვენი შვილების თაობის (და არა მარტო მათ) ჯანსაღ, სამყაროსთან ჰარმონიულ აღზრდას ემსახურება, რასაც სათავეში უდგას ისეთი ადამიანი, როგორიც ლევან როგავაა მის შესანიშნავ გუნდთან ერთად”, — ლევან ჩხაიძე.