in

მინიმალისტური ბინა თამარაშვილის ქუჩაზე — პაპუნა საბაშვილის ნამუშევარი

თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ბინის პროექტი პაპუნა საბაშვილს ეკუთვნის. ობიექტის საერთო ფართობი 111 მ2-ია, სადაც 95 მ2 საცხოვრებელ ფართს, დანარჩენი კი საზაფხულო სივრცეს უჭირავს.

დამკვეთის მთავარი სურვილი იყო ნათელი, სადა, მოდერნისტული და ეფექტური სივრცის მიღება, სადაც დომინანტურ როლს თეთრი ფერი, კონტრასტის სახით კი მუქი ნაცრისფერი ტონალობა ითამაშებდა. ამგვარად, პროექტზე მუშაობის დროს ძირითადი ფერები და სივრცის კონცეფცია წინასწარ იყო განსაზღვრული.

რემონტის მიმდინარეობისას მცირედი ცვლილებები განხორციელდა ბინის თავდაპირველ გეგმარებაში, რათა არსებული სივრცეები მაქსიმალურად გამოყენებადი ყოფილიყო და ჩასაშენებელი კარადების მოწყობა გამხდარიყო შესაძლებელი.

პროექტის ავტორისთვის მთავარი გამოწვევა ფართის სიმცირე აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ საერთო ოთახში ფართობის გაზრდა ვერ მოხერხდა, ავეჯის ეფექტური გადანაწილებით ზონა მაქსიმალურად ფუნქციური და კომფორტული გახდა.

საცხოვრებელი სახლი მოიცავს  სტუდიოს ტიპის საერთო სივრცესა და სამზარეულოს, ბავშვების ოთახს, მთავარ საძინებელს საგარდერობო ზონით და კაბინეტს.

ინტერიერში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მასალების შერჩევასა და ერთმანეთთან თანაფარდობას. დიდი მნიშვნელობა მიენიჭა კერამიკული ფილების პრინტსა და ზედაპირის ხარისხს, რომელიც ტელევიზორის კედელზე, კუნძულსა და სამზარეულოს წინსაფარზეა გამოყენებული.

ბინაში არსებული ხელის შემშლელი ფაქტორების — შახტების, კოლონებისა და ფართის სიმცირის მიუხედავად, მაინც მოხერხდა სამზარეულოს სრულად ათვისება და  მისი დაკავშირება მისაღებ სივრცესთან.

სამზარეულოში განსაკუთრებულ როლს ასრულებს კუნძულისა და მაგიდის კომბინაცია, როგორც ერთმანეთთან კავშირში, ასევე ბინის ინტერიერთან მიმართებით. მთელს კედელზე დამონტაჟებული სამზარეულოს კარადები და ტექნიკა, რომელთა ფერები ერთმანეთს ჰარმონიულად ეხამება, სივრცის მთლიანობას უსვამს ხაზს და ამ ზონას ელეგანტურობას მატებს. აღსანიშნავია დეკორატიული განათებაც, რომელიც სამზარეულოს აცოცხლებს და მას სიმყუდროვესა და სასიამოვნო იერს სძენს.

საერთო ოთახის მეორე მხარეს, სამზარეულოს მოპირდაპირედ, მოსასვენებელი სივრცეა მოწყობილი, სადაც კომფორტული, ნაცრისფერი ტახტი და ტელევიზორია მოთავსებული. ტელევიზორის კედელი სივრცის გამორჩეული ელემენტია, რომელზეც განსაკუთრებული აქცენტი მახვილდება და მისი მეშვეობით ფუნქციურად განსხვავებული ზონები ერთმანეთს უკავშირდება.

ინტერიერში მთავარ დეკორატიულ ელემენტს განათება წარმოადგენს, რომელიც სასიამოვნო გარემოს ქმნის და საცხოვრებელს სიმსუბუქეს მატებს. ამასთანავე, ბინა გადატვირთული არ არის, რაც მის სისადავესა და თანამედროვე სტილის დიზაინზე მეტყველებს.

მთავარ საძინებელში დომინანტური თეთრი ფერი მშვიდ და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. კონტრასტის სახით ინტერიერში  მუქი ფერის საწოლია შემოტანილი, რომელიც სივრცეს უფრო მრავალფეროვანს ხდის.

საბავშვო ოთახიც ღია ფერებით ხასიათდება,  სივრცე მაქსიმალურადაა ათვისებული და აქვე გვხვდება სათამაშო, სამეცადინო და საგარდერობო ზონებიც.

სამუშაო სივრცე მუქ ფერებშია გადაწყვეტილი, რის გამოც ამ ზონას უფრო სოლიდური და შედარებით მკაცრი იერსახე აქვს. კედლის მოლდინგები და მინიმალისტური ავეჯი ოთახს კლასიკურ შტრიხებს სძენს და მის ელეგანტურობას გამოკვეთს. მსგავსად სხვა ზონებისა, ბინის ეს ნაწილიც სადა და მსუბუქი სტილით გამოირჩევა.

სააბაზანოში ნათელი ტონალობები სჭარბობს, რომელიც შავი ელემენტების დამატებით უფრო ეფექტური და საინტერესო ხდება. ხისფერი იატაკის საფარი და დეკორატიული განათება კი ოთახს სიმყუდროვეს მატებს.

პაპუნა საბაშვილის ნამუშევარი სადა და თანამედროვე დიზაინის მქონე პროექტია. მინიმალისტური სტილი და კლასიკური ელემენტები სივრცის გამორჩეულ ესთეტიკას განაპირობებს და სასიამოვნო ატმოსფეროს განსაზღვრავს. ბინა მაქსიმალურადაა ათვისებული და მეპატრონეებისთვის საკმაოდ მოსახერხებელ, კომფორტულ და რაც მთავარია, ფუნქციურ საცხოვრებელ სივრცეს ქმნის.

პროექტის ავტორი: პაპუნა საბაშვილი

არქიტექტურული სტუდია: P/S Architects

სარემონტო ჯგუფი: P/S Architects-ის სარემონტო ჯგუფი 

გამოყენებული მასალები:

სამზარეულოს ავეჯი: „LTB“, „P/S Architect“

იატაკის საფარი: ლამინატი — „იდეალი“; კერამიკული ფილა ­— „ესპანური სახლი“

აბაზანის ფილები: „გალერეა დემასი“; „იდეალი“

კედლის მოპირკეთება: საღებავი — „კაპაროლი“; მოლდინგები — „კასა სტუდიო“

განათება: „ახალი ნათება“; „ლუმენი“

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ლაშა გიგაური

6 კომპანია საქართველოში, რომელიც ლითონის კარს დაგიმზადებთ

პირველი ბრენდული რეზიდენცია თბილისში – ალიანს ჯგუფს, Wyndham Hotels & Resorts-სა და Aimbridge Hospitality EMEA-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა