in ,

ინგო მაურერის ჯადოსნური სანათების ესთეტიკა

სინათლის პოეტად წოდებული ინგო რაფაელ მაურერი 1932 წელს დაიბადა გერმანიაში, რიჰნაუს კუნძულზე მცხოვრები მეთევზის ოჯახში. მან განათლება გერმანიასა და შვეიცარიაში მიიღო – სწავლობდა ტოპოგრაფიასა და გრაფიკულ დიზაინს. 1960 წელს ახალგაზრდა განათების დიზაინერი ამერიკაში გადასახლდა, სადაც მუშაობის გამოცდილება დააგროვა, კიდევ უფრო გაიფართოვა თვალსაწიერი და 1963 წელს მიუნხენში დაბრუნებულმა დააარსა კომპანია „Design M“, რომელსაც მოგვიანებით Ingo Maurer GmbH ეწოდა. ამ კომპანიაში მაურერმა სრულად მისცა თავის ფანტაზიას გასაქანი და აქტიურად დაიწყო თავის საოცარ სანათებზე მუშაობა, რომელმაც მას საუკუნო დიდება მოუტანა და მისი სახელი ინტერიერის დიზაინის ისტორიაში დიდი ასოებით ჩაწერა.

ინგო მაურერის პირველი პროექტი იყო დიდი კრისტალის ნათურა, რომელშიც მან ასეთივე, შედარებით პატარა ნათურა მოათავსა.  1966 წელს შექმნილმა სანათმა სახელად „ნათურა“ მას საყოველთაო ცნობადობა მოუტანა – მისი ორიგინალურობა აღიარა დიზაინერმა ჩარლზ იამსმა, 1968 წელს კი „ნათურა“ ნიუ-იორკის MoMA-ს კოლექციას დაემატა.

ინგო მაურერი, “ნათურა”, 1966

მაურერის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია სანათი სახელად „ლუჩელინო“ („Lucellino”), რომელიც მითოლოგიური კუპიდონითაა შთაგონებული. ხელნაკეთი “ბატის” ბუმბულისგან დამზადებული ფრთებითა და სპილენძის არმატურით ნათურა ნამდვილ ანგელოზს ემსგავსება. შემდგომში „ლუჩელინოს“ რამდენიმე ვარიანტი გამოიცა, ამ სერიაში შეხვდებით როგორც პატარა ნათურებს, ასევე ჭაღებსა და მაგიდის სანათებს.

ინგო მაურერი, „Lucellino”,1992

ინგო მაურერს ძალიან აინტრიგებდა ნგრევის ესთეტიკა და მუდამ მიისწრაფვოდა, ეჩვენებინა განადგურების სილამაზე, დესტრუქციის მშვენიერება. სწორედ ამ იდეას ეხმაურება „Porca Miseria!” ინგო მაურერის მიერ 1994 წელს შექმნილი შედევრი, რომელსაც თავდაპირველად „Zabriskie Point” ერქვა მიქელანჯელო ანტონიონის ფილმის მსგავსად (ვინაიდან სწორედ ამ ფილმშია ერთ-ერთი სცენა, სადაც სახლის აფეთქება შენელებული კადრითაა ნაჩვენები). სანათი პირველად იტალიურ პუბლიკას წარუდგა წინ „Euroluce“-ს მილანის გამოფენაზე, სადაც მაურერის შედევრის რეალისტურობით შეშინებულმა რამდენიმე იტალიელმა წამოიძახა „Porca Miseria!” რაც იტალიურად „ჯანდაბას“ ნიშნავს. მილანური გამოფენის შემდეგ მაურერმა გადაწყვიტა, რომ ფაიფურის ნამსხვრევებისგან დამზადებულ სანათს სწორედ ეს სახელი შეეფერებოდა.

ინგო მაურერი, „Porca Miseria!”,1994

„Fly Candle Fly!” მაურერის ერთ-ერთი ყველაზე მომაჯადოვებელი პროექტია. ის ნამდვილი ცვილისგანაა დამზადებული და სამ მეტრიანი, უთელესი სპილენძის მავთულით მაგრდება ჭერზე, რაც ქმნის ილუზიას, რომ სანთლები ჰაერში ლივლივებენ. „Fly Candle Fly!” ისეთი საოცარი ხელოვნების ნიმუშია, რომელიც გასაოცრად მარტივია, თუმცა სწორედ ამ სიმარტივის აღმოჩენა მოითხოვს შემოქმედის გენიალურობას.

ინგო მაურერი, „Fly Candle Fly!”,1996

მაურერის  კიდევ ერთი მაგიური სანათია “ოქროს ლენტი” (“Golden Ribbon”), რომელიც მფრინავი სანთლების მსგავსად, ჰაერშია გამოკიდული და მნახველს ისეთ წარმოდგენას უქმნის, თითქოს  უცებ მოვარდნილმა ქარმა ოქროსფერი ნაჭერი ააფრიალა. 1997 წელს შექმნილი შედევრი მაურერმა ბევრჯერ გარდაქმნა და შეცვალა, ამიტომ დღეს მისი მრავალი ვარიაცია არსებობს.

ინგო მაურერი, “ოქროს ლენტი”,1997

მაურერი სამოქალაქო პროექტებზეც მუშაობდა. 1998 წელს მან შექმნა მიუნხენის ვესტფრიდჰოფის მეტროსადგურის განათებების პროექტი, რომელიც მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.

ინგო მაურერი, მიუნხენის ვესტფრიდჰოფის მეტროსადგური,1998

მაურერის ინსტალაციებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ნოსტალგიურ-სევდიანი ასოციაციების აღმძვრელია კიოლნის 1997 წლის საერთაშორისო ავეჯის გამოფენაზე ექსპონანტად გამოტანილი ნამუშევარი “Deutzer Brücke”, რომელიც დღესაც არ კარგავს აქტუალობას.

ინგო მაურერი, “Deutzer Brücke”,1997

საამაყოა ის ფაქტი, რომ ინგო მაურერს საქართველოშიც აქვს ნამუშევარი. მის სანათებს წინანდალში, სასტუმრო “რადისონშიც” შევხვდებით. აქ ორსაუკუნოვანი მარნის ატმოსფერო და ძველებური ელფერი მთლიანადაა შენარჩუნებული, მეტიც, მაურერის ნათურები მის ისტორიას კიდევ უფრო უსვამს ხაზს. ამასთან ერთად, სწორედ მაურერს ეკუთვნის პალეოლითური გამოქვაბულის სტილის ნახატებით ჭერის გაფორმება.

მარნის გარდა, წინანდლის “რადისონის” სხვადასხვა ადგილას გვხვდება რამდენიმე ინსტალაცია მაურერის ავტორობით. რესტორანში ვხვდებით მის 1980 წლის სანათს სახელად “Floatation Lamps”, სხვაგან კი მის ნამუშევრებს “Butterflies Dreaming”, “Flying Discs”, “Ringelpiez”, “XXL Domes”, “Fly Candle Fly!”,”Bulb” და სხვა.

განათების ლეგენდარული დიზაინერი, გენიალური მაესტრო ინგო მაურერი 2019 წლის 21 ოქტომბერს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.ის სიცოცხლის ბოლო დღეებშიც აგრძელებდა იმ საქმის კეთებას, რომელსაც მთელი არსებით ეტრფოდა – ადამიანებისთვის სინათლის სილამაზის ჩვენებას. მაურერის უნიკალური, განუმეორებელი ხედვა სამუდამოდ დარჩება მომავალი ინტერიერის დიზაინერებისთვის დაწესებულ უმაღლეს სტანდარტად.

კინცუგი – ნატეხების გამთელების იაპონური ხელოვნება

ძიების პროცესი სანათების დიზაინში – ინტერვიუ ნათია დალაქიშვილთან