სახლში პატარა “ბაღის” მოწყობა სრულიად შესაძლებელია, შედეგად კი დახვეწილ ინტერიერს მიიღებთ, რომელიც საცხოვრებელს არა მხოლოდ ლამაზი გარეგნობითა და სტილით, არამედ ჯანსაღი ჰაერითაც უზრუნველყოფს. ერთადერთი, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ, ჯიშების სწორად შერჩევა და რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინებაა.
როდესაც საქმე შიდა მცენარეებს ეხება, სჯობს ისეთი ჯიშები განიხილოთ, რომლებსაც შეძლებენ, რომ იცოცხლონ დაბალი შუქის პირობებში, მათი მოთავსება მოსახერხებელი იქნება მაგიდებსა და თაროებზე და არ დასჭირდებათ განსაკუთრებული მოვლა. დღეს სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ.
მცენარეები კლიმატის შესაბამისად უნდა შეირჩეს
გარემოს საფუძვლიანად გარდასაქმნელად და ინტერიერში მცენარეების დასამატებლად, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ და შეარჩიოთ ისეთი ჯიშები, რომლებიც კარგად უძლებენ ტემპერატურის ცვლილებებს და თქვენს საცხოვრებელში არსებულ განათების პირობებს. იმ შემთხვევაში თუ მათ განთავსებას აივანზე ან ტერასაზე აპირებთ, ისეთი მცენარეები გჭირდებათ, რომლებიც სეზონური ტემპერატურის ცვალებადობის მიმართაც მდგრადები არიან, თუმცა, უკიდურეს შემთხვევებში, შეგიძლიათ ტემპერატურის ხელოვნურად შეცვლა გათბობა-გაგრილების სისტემების გამოყენებით.
მცენარეები მცირე მოაჯირებზე
ამის გასაკეთებლად განსაკუთრებული სახეობები დაგჭირდებათ, რომლებიც მოაჯირებს შემოეხვევიან და დახვეწილ, ელეგანტურ ატმოსფეროს შექმნიან. ლარნაკები, ქოთნები და ფერადი ყვავილები კიბეებზე უკვე წლებია დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა მათი მოაჯირებზე განლაგება სახლს კიდევ უფრო გამორჩეულ ხიბლს შესძენს. შეარჩიეთ მარტივი და სწრაფად მზარდი მცენარეები, მოერიდეთ დიდი ზომის ჯიშებს, რათა მოაჯირები სრულად არ დაიფაროს.
სიმწვანე სამზარეულოში
ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მარტივად გასაშენებელი ბალახეულობა პიტნაა, რომელიც იდეალურია სამზარეულოს ინტერიერისთვის, რადგან მას არა მხოლოდ დეკორატიული, არამედ ფუნქციური თვისებებიც აქვს და მისი გამოყენება ჩაის დასაყენებლადაც შეგიძლიათ. სხვა მსგავსი მცენარეებია რეჰანი და როზმარინი, რადგან ექსპერტები ამბობენ, რომ ისინი თითქმის არ საჭიროებენ მოვლას, სანაცვლოდ კი სახლს საოცარ ეფექტს ჰმატებენ.
მცენარეების ზომა
მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ინტერიერის განახლება ძალიან მოკლე პერიოდში გვსურს, უნდა გვესმოდეს, რომ მცენარის ზოგიერთი ჯიში საკმაოდ ნელა იზრდება. მცენარეებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ, მათი ზრდის პროცესს კი მოთმინებით უნდა დაველოდოთ. მათზე დაკვირვება იდეალური საშუალებაა ისეთი დეტალების გასაგებად, როგორებიცაა, მაგალითად, რა სიხშირით უნდა მოირწყას ჩვენი მცენარე და ასე შემდეგ.
დამწყებთათვის, რომლებმაც ჯერ კიდევ არ იციან, როგორ მოუარონ დიდი ზომის მცენარეებს, ლანდშაფტის დიზაინერები რეკომენდაციას შედარებით მცირე ზომის ჯიშების შეძენას უწევენ, რომელთა მოვლაც გაცილებით უფრო მარტივია.
შექმენით კონტრასტი კედლების ფერებთან
სახლისთვის მეტი ინდივიდუალიზმის მისანიჭებლად განიხილეთ ისეთი მცენარეები, რომელთა ფერებიც თქვენს ინტერიერსა და ექსტერიერს იდეალურად ერგება. სხვადასხვა ჯიშების შერჩევის დროს უმჯობესია, შთაგონების წყაროდ თქვენივე საცხოვრებელი გამოიყენოთ. მუქი ტონებისთვის იდეალურია გვიმრა, რომელიც სახლში დახვეწილ კონტრასტს შეგიქმნით. მას აქვს ლამაზი, უნიკალური ფოთლები და არ საჭიროებს ძალიან დიდ ყურადღებასა და მოვლას. გაითვალისწინეთ, რომ გვიმრას იდეალური ტენიანობა სჭირდება, ამიტომ ლანდშაფტის დიზაინერები მის შეძენას დამწყებებს არ ურჩევენ.
შეიძინეთ მცოცავი მცენარეები
ოთახების გალამაზება მხოლოდ შპალერის გაკვრით ან კედლების ელეგანტურ ფერებში შეღებვით არ არის შესაძლებელი. სანაცვლოდ, შეგიძლიათ ინტერიერის მცენარეები გამოიყენოთ. დიდი ზომის მცოცავი ჯიშები თანამედროვე სივრცეს მოულოდნელ, ელეგანტურ და ძალიან დახვეწილ ხასიათებს სძენს. ამ ეფექტის შესაქმნელად კარგი არჩევანია ე.წ ლეღვის მცენარე, რომელიც ჭერამდე იზრდება.
მცენარეები თაროებზე
კედლებზე მცოცავი ხეები ნამდვილად ელეგანტურად ჟღერს, თუმცა მსგავსი მიდგომა დიდ ხარჯებთანაც არის დაკავშირებული და ამას გარდა, ძირითადად, დიდი ზომის სახლებში გამოიყენება. ასე რომ, ამ ტექნიკის მშვენიერი ჩანაცვლება მცენარეებით გაფორმებული თაროების შექმნით შეგიძლიათ, რაც დაახლოებით მსგავს იერსახეს მოგცემთ.
შეარჩიეთ თაროს დიზაინი, ეცადეთ აქცენტი ე.წ. “დედამიწის” ფერებზე, მაგალითად, ყავისფერზე გააკეთოთ, შემდეგ კი მათ შორის სხვადასხვა ჯიშის მცოცავი მცენარეები მოათავსეთ, მაგალითად, გვიმრა ან რაიმე სხვა ისეთი მცენარე, რომელიც შედარებით პატარა ზომის იზრდება.
დაბალი მცენარეები მაღალ ქოთანში მოათავსეთ
ქოთნები ინტერიერში დამატებით სტილს ქმნის. მრავალფეროვანი დიზაინის, ფერებისა და ზომების წყალობით, მათ შეუძლიათ მცენარეების სრულად გარდაქმნა, ახალი შეგრძნებების მინიჭება და კონკრეტულ ფერებთან შეხამება. მაღალი ქოთანი დაგეხმარებათ შედარებით დაბალი მცენარეების გამოკვეთაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თქვენი მცენარე ზრდის ეტაპზეა და ჯერ კიდევ არ აქვს მკაფიოდ გადგმული ფესვები.
ამ მარტივი რჩევების გამოყენებით თქვენ შეძლებთ, რომ სახლში პატარა, ელეგანტური და ჯანსაღი გარეემო შეიქმნათ, რაც თქვენს საცხოვრებელს დახვეწილი სტილითა და სუფთა ჰაერით უზრუნველყოფს.