in

3 გამორჩეული ქართული არქიტექტურული ობიექტი — ლევან კალანდარიშვილის ხედვა

Alliance Group
Alliance Group

არქიტექტორ — ლევან კალანდარიშვილის საკმაოდ საინტერესო და მრავლისმომცველ ინტერვიუს ჩვენი მკითხველი უკვე  გაეცნო. მისი მრავალმხრივი ცხოვრებისეული გამოცდილება და არქიტექტურული ხედვა ამ სფეროთი დაინტერესებული (და არა მარტო) ადამიანებისთვის ნამდვილად ღირებული და დამაფიქრებელია. დღევანდელ სტატიაში იმ ნაგებობებს გაგაცნობთ, რომლებიც ლევან კალანდარიშვილისთვის გამორჩეული არქიტექტორული ღირებულების მატარებელია.

პარლამენტის შენობა

ლევან კალანდარიშვილი ყოფილი “მთავრობის სასახლის”, დღევანდელი პარლამენტის შენობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც პროპორციულობის დაცვით, დახვეწილობითა, რელიეფთან ჰარმონიული კავშირით გამოირჩევა და ქართული ელემენტებით ხასიათდება.

საინტერესოა, რომ წლების წინ, აღნიშნული ნაგებობის ადგილას სამხედრო ტაძარი იდგა, თუმცა საბჭოთა მმართველობის პერიოდში, 1930 წელს ტაძრის დემონტაჟი განხორციელდა. მის ადგილას კი საქართველოს სსრ მთავრობის სასახლის აშენება გადაწყდა. ომამდე აშენებული ნაგებობის არქიტექტურული პროექტი ვიქტორ კოკორინსა და გიორგი ლეჟავას ეკუთვნით. ომის შემდგომ, მთავარი ფასადის შემუშავებისას მათ თანაავტორად, არქიტექტორი ვლადიმერ ნასარიძე გვევლინება. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის შენობის (ყოფილი მთავრობის სახლი) მოსაპირკეთებლად ადგილობრივი საშენი მასალა – ბოლნისის ტუფი, კურსების გრანიტი და ალგეთის ქვაა გამოყენებული, რაც შენობას სახასიათო ესთეტიკურ მიმზიდველობას სძენს.

„იმელის“ შენობა

ლევან კალანდარიშვილი გამოყოფს რუსთაველის გამზირზე არსებულ საბჭოთა არქიტექტურის ერთ-ერთ საინტერესო მაგალითს, „იმელის“ შენობას, სადაც  დღეს სასტუმრო „ბილტმორ თბილისია“ განთავსებული. ნაგებობა ე.წ. “სტალინური ამპირის” სტილშია აგებული და საინტერესო ორსახოვანი კონცეფციით გამოირჩევა.

“აქ მთავარი ფასადი იმ დროის არქიტექტორებისთვის სავალდებულო მითითებას — „ფორმით ეროვნული და შინაარსით სოციალისტური“ მიჰყვება, რომელიც საბჭოთა იდეოლოგიური დატვირთვის მატარებელი სკულპტურული კომპოზიციებითაა გაძლიერებული. ხოლო გვერდითი და უკანა ფასადის არქიტექტურაში აშკარად შეიმჩნევა არქიტექტორის მიერ ახლად გადატანილი “კონსტრუქტივისტული სენი”, – ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

აღსანიშნავია, რომ ობიექტის მშენებლობა 1934 წელს, არქიტექტორ ალექსეი შჩუსევის პროექტის მიხედვით დაიწყო. თავდაპირველად, შენობა სტალინის ინსტიტუტის სახელით შენდებოდა, თუმცა მშენებლობის მიმდინარეობისას ავტონომიური დაწესებულების ნაცვლად, მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალად გადაკეთდა. აღსანიშნავია, რომ ეს შენობა იყო კავკასიაში პირველი საზოგადოებრივი ნაგებობა, რომელშიც ახალი სამშენებლო მასალა – არმირებული პემზობეტონი გამოიყენეს და ამით ადგილობრივი მასალა – აგური და ცემენტი ჩაანაცვლეს. ფასადი კი ადგილობრივი მასალით – ბოლნური ტუფით მოაპირკეთეს. საინტერესოა, რომ მოგვიანებით შენობაში საქართველოს პარლამენტი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოც იყო განთავსებული.

თბილისის სპორტის სასახლე 

ლევან  კალანდარიშვილი განსაკუთრებულად მიიჩნევს სპორტის სასახლის არქიტექტურას, რომელიც მისი აზრით, არქიტექტორისა და კონსტრუქტორის ნააზრევის საუკეთესო სინთეზია. სპორტის სასახლის მშენებლობა 1956 წელს დაიწყო, არქიტექტორების – იური კასრაძისა და ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის პროექტის მიხედვით და 1961 წელს დასრულდა. შენობის გუმბათის უნიკალური კონსტრუქციის ავტორი კი  ინჟინერი დავით ქაჯაიაა.

სასახლე უნდა ყოფილიყო სპორტსაზოგადოება “სპარტაკის” სადემონსტრაციო დარბაზი, სადაც კალათბურთის, ფრენბურთის, ტანვარჯიშის, ჩოგბურთის, კრივის, ფარიკაობისა და სპორტის სხვა სახეობის შეჯიბრებები ჩატარდებოდა. ნაგებობის ფასადი ეკლარის ღია ფერის ქვითაა მოპირკეთებული, გუმბათი შიდა პერიმეტრზე განლაგებულ მზიდ კედლებს უჭირავს, ხოლო თაღებით ნახევრად ღია გალერეებია შემოსაზღვრული, რომლებიც ინტერიერსა და ექსტერიერს შორის გარდამავალ სივრცეს ქმნის.

ფოტო – საქართველოს ეროვნული არქივი

არ შემიძლია, არ ვთქვა ორი სიტყვა სპორტის სასახლის არქიტექტურაზე. მით უმეტეს, რომ ის ჩემი პედაგოგის, კონსტრუქტორ დავით ქაჯაიასა და არქიტექტორების, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილისა და იური კასრაძის ნაყოფიერი თანამშრომლობა-ურთიერთგაგების საუკეთესო ნიმუშია. ეს არის პასუხი ბეტონის უდიერად მოხსენების მსურველთათვის და იმის პრაქტიკული მაგალითი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არქიტექტორისთვის და კონსტრუქტორისთვის თანამედროვე მასალის შესაძლებლობებისა (ამ შემთხვევაში პლასტიკის) და გამოყენების მიზნობრიობის სწორი გაგება. ნუ დაგვავიწყდება, რომ შენობა იმ დროსაა აშენებული (1960 წელს), როცა სამშენებლო ინდუსტრიის განვითარების დონე ასეთი თამამი საინჟინრო გადაწყვეტილებების მისაღებად მზად არ იყო. ეს არქიტექტორისა და კონსტრუქტორის ნააზრევის საუკეთესო სინთეზი. ნაგებობა ქრისტიანული ხუროთმოძღვრებისა და საინჟინრო ხელოვნების მწვერვალის, აია-სოფიას გუმბათის თანამედროვე არქიტექტურულ ენაზე თავისუფალი თარგმნის იშვიათი მაგალითია“, — ლევან კალანდარიშვილი.

ავტორი: მეკო მეტრეველი

7 ადგილი თბილისში, სადაც საწოლის ტუმბოს შეიძენთ

16 მარტს წინანდლის მამული ბრიტანელი ლანდშაფტის არქიტექტორს, ენდი სტურჯენს უმასპინძლებს