in

ჩრდილოვანი პროფილი — მონტაჟის სპეციფიკა და ღირებულება ქართულ ბაზარზე

ჩრდილოვანი პროფილი თანამედროვე მოსაპირკეთებელი მასალაა, რომელიც პლინტუსებისა და კარნიზების ნაცვლად გამოიყენება და ინტერიერში ერთიან, მოცულობით, მინიმალისტურ და დახვეწილ ეფექტს ქმნის.

თანამედროვე  დიზაინში მას აქტიურად მიმართავენ, რადგან სივრცეს განსხვავებულ, ორიგინალურ და ჰარმონიულ იერს სძენს. ჩრდილოვანი პროფილების მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის უნივერსალური პროდუქტია და მისი განთავსება შესაძლებელია როგორც ჭერსა და იატაკზე, ასევე კედელზე.  პროდუქტის მონტაჟი კი შესაძლებელია ნებისმიერი მასალის ზედაპირზე — ხეზე, ქვაზე, პანელებზე, შეღებილ კედელსა თუ MDF-ზე. ამასთანავე, პროფილები საკმაოდ მყარი და მტკიცეა, რაც მის ხანგრძლივ გამოყენებას უზრუნველყოფს, რადგან ლითონის ზედაპირი საგანგებოდ მუშავდება და  კოროზიისა და ვიზუალური დეფექტებისგან დამცავი საფარით იფარება.

თანამედროვე ჩრდილოვან პროფილში შესაძლებელია LED განათების მოთავსებაც, რაც ინტერიერს განსაკუთრებულ მიმზიდველობას მატებს და სივრცის მოცულობას ზრდის. ამ მახასიათებლების გათვალისწინებით, ჩრდილოვანი პროფილი ბაზარზე ერთ-ერთ მოთხოვნად პროდუქტად ითვლება და მომხმარებელთა დიდ დაინტერესებას იმსახურებს.

მონტაჟის სპეციფიკა

ჩრდილოვანი პროფილის მონტაჟი იატაკსა და ჭერზე განსხვავებულად მიმდინარეობს. მაგალითად, ჭერისათვის განკუთვნილი პროფილი საკმაოდ მარტივი დასამაგრებელია, რადგან ის ბაზარზე კარგად ნაცნობ, სტანდარტულ პროფილს ანაცვლებს, რომელზეც შემდეგ თაბაშირმუყაო მონტაჟდება, ამიტომ დამატებით ცოდნასა და რთულ სამუშაოებს არ საჭიროებს. იატაკთან მიმართებაში კი აუცილებელია გარკვეული ეტაპების შესრულება, რაც დიდ სიფრთხილესა და გამოცდილი სპეციალისტის ჩართულობას მოითხოვს.

იატაკისთვის განკუთვნილი პროფილის ინსტალაციისას უნდა მოხდეს კედლის გამოტეხა, მისი საგანგებოდ დამუშავება, პროფილის ჩასმა და სივრცის ამოვსება. კედლის ნახვრეტისათვის საჭირო ზომები კი იატაკის ზედაპირის ტიპზეა დამოკიდებული.

პროფილის მონტაჟისთვის იატაკზე, რომელსაც გაფართოების უნარი აქვს (როგორიცაა პარკეტი, ლამინატი, MDF), აუცილებელია შემდეგი სამუშაოების შესრულება:

1. იატაკის მოჭიმვა.

2. ბლოკიანი კედლის გამოტეხა, რომლის სიღრმე 2,5 სმ. სიმაღლე კი 10 სმ.-ია.

3. ზემოთ არსებული, დარჩენილი კედლის გალესვა და სამღებრო სამუშაოებისთვის მომზადება

4. იატაკის დაგება, გამოტეხილი სივრცის ბათქაშით გასწორება და იატაკის მუყაოთი ან დამცავი ფარით დაფარვა.

5. გამოტეხილ ნაწილში ჩრდილოვანი პროფილის მონტაჟი, პროფილსა და დამუშავებულ კედელს შორის არსებული სივრცის ბათქაშით ამოვსება და გალესვა.

6. კედლის ღებვა

ისეთი იატაკის საფარის შემთხვევაში, რომელსაც გაფართოების უნარი არ გააჩნია (შესაბამისად, არ საჭიროებს დამატებით სივრცეს, რათა მოძრაობისას იატაკის ზედაპირი არ დაზიანდეს) და ფილებით არის მოპირკეთებული, ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა განსხვავებულია კედელზე გამოყვანილი ნახვრეტის ზომები. ამ შემთხვევაში სიღრმე 2 სმ.-ს, სიმაღლე კი 8 სმ.-ს შეადგენს.

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ჩრდილოვანი პროფილის ინტერიერში ინსტალაცია რემონტამდე დაიგეგმოს, რადგან რემონტის მიმდინარეობისას მსგავსი სამუშაოების შესრულებამ შესაძლოა დამატებითი ხარჯები და ხანგრძლივი სამუშაოები განაპირობოს. პროფილის მონტაჟისას ყველაზე რთული კედლის გამოტეხის პროცესია, რადგან ამ დროს საჭიროა სპეციალური ლაზერი, კედლის გამოჭრის აპარატი და გამოჭრილი ნაწილის სრული სიზუსტით დამუშავება. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ კედლის დამუშავება ხდება მხოლოდ მოჟიმული იატაკის შემთხვევაში, რის შემდგომაც ხდება იატაკის დაგება და პროფილის სასურველ ადგილზე მოთავსება. ეს ყოველივე თანმიმდევრულ სამუშაოებს მოითხოვს, შესაბამისად, ჩრდილოვანი პროფილების ინტერიერში გამოყენება რემონტის მსვლელობის დროს არ არის რეკომენდებული.

ჩრდილოვანი პროფილის ტიპები და ღირებულება ქართულ ბაზარზე

ბაზარზე განარჩევენ 6 ტიპის ჩრდილოვან პროფილს, რომლებიც ერთმანეთისგან ფუნქციითა და ვიზუალური მახასიათებლებით განსხვავდება.

ტიპ 1 პროფილი — იატაკზე მონტაჟდება და განკუთვნილია ბლოკიანი კედლისთვის ან თაბაშირმუყაოსთვის მასში LED განათება თავსდება და განათებისთვის განკუთვნილ სპეციალურ დიფუზორს საჭიროებს, რომელიც LED ლენტს ედგმება და განათებას აფრქვევს. პროფილის სიგრძე 2,5 მეტრია, სიმაღლე 1,5 სმ, სიღრმე კი 1,5 სმ. ის შავი ფერისაა და ანოდირებულია (ალუმინი დამატებითი ზედაპირით მუშავდება, რომელიც მას კოროზიისგან, დაზიანებისა და გაფუჭებისგან იცავს), რაც მის მედეგობას უზრუნველყოფს. პროდუქტის 1 მეტრის ღირებულება კი 25 ლარს შეადგენს.

ტიპ 2 პროფილი — ასევე იატაკისთვისაა განკუთვნილი და სველ წერტილებში, ფილებსა და პანელებზე გამოიყენება. აღნიშნულ მოდელზე LED  განათების მონტაჟი არ ხდება. მისი სიგრძე 2, 5 მეტრს შეადგენს, სიმაღლე 1,5/2 სმ.-ია, ხოლო სიღრმე 1,5 სმ.-ი. პროფილის 1 მეტრის ღირებულება კი 23 ლარია.

ტიპ 3 პროფილი —  ჭერზე მონტაჟდება და მისი სიგრძე ასევე 2, 5 მეტრია. ის კედელს 1,5 სმ.-ით შორდება, ხოლო ჭერიდან 3 სმ.-ზეა ჩამოსული. პროფილზე მონტაჟდება LED განათება და კედელზე 45 გრადუსიან ჩამონათებას იძლევა. ეს გრადუსი იმისთვისაა გათვალისწინებული, რომ თუკი კედელზე რაიმე ნაკლოვანებაა, ის იფარება და თვალისათვის შეუმჩნეველი ხდება. აღნიშნულ მოდელს აუცილებლად სჭირდება განათების დიფუზორი, რათა LED განათება გააფრქვიოს და ლამაზი ეფექტი შექმნას. პროფილი შავადაა შეღებილი, ანოდირებულია და 1 მეტრის ღირებულება 29 ლარს შეადგენს.

ტიპ 4 პროფილი — მსგავსად ტიპ 3-ისა, ეს მოდელიც ჭერისთვისაა განკუთვნილი. აქვს განათების ნიშა, კედელს შორდება 2,5 სმ.-ით, ჭერიდან 4, 5 სმ.-ზეა ჩამოსული, ხოლო სიგრძეში 2,5 მეტრია. პროფილი შავია ფერისაა და ანოდირებულია. მას არ სჭირდება განათების დიფუზორი, რადგან ამ შემთხვევაში სინათლის წყარო არ ჩანს. LED ლენტი ჩამალულია პროფილში, ხდება სინათლის ორმაგი არეკვლა და ჩამონათება. აღნიშნული მოდელის ღირებულება, 1 მეტრის შემთხვევაში, 45 ლარია.

ტიპ 5 და ტიპ 6 დეკორატიული პროფილებია და კედლისთვისაა განკუთვნილი.

ტიპ 5 პროფილი — 3 მმ-იან გამყოფს ქმნის, რომელიც  ჩრდილის ეფექტს უზრუნველყოფს კედელსა და ჭერზე. მისი გამოყენება რეკომენდებულია მაშინ, როდესაც გსურთ კედლისა და ჭერის დეკორატიული გაყოფა; იმავე სიბრტყეში მდებარე ორი მასალის გაყოფა; მშრალი და სველი ზონების გაყოფა; პანელების იმიტირება. მისი სიგრძე 3 მეტრია, ხოლო 1 მეტრის ღირებულება 14 ლარს შეადგენს.

ტიპ 6 პროფილი — ქმნის 10 მმ-იან გამყოფს, რომელზეც LED ლენტი მონტაჟდება და კედელსა თუ ჭერზე ხაზოვან ნათებას ქმნის. შეღებილია შავად, არის ანოდირებული და საჭიროებს განათების დიფუზორს. მისი სიგრძეც 3 მეტრს შეადგენს, 1 მეტრის ღირებულება კი 17 ლარს უტოლდება.

რაც შეეხება ჩრდილოვანი პროფილების მონტაჟის საფასურს, ექსპერტები გვირჩევენ, რომ ეს სამუშაო რემონტზე მომუშავე ადგილობრივმა ხელოსანმა ( მღებავმა ან ქვის სპეციალისტმა) შეასრულოს, რაც უფრო ბიუჯეტური და სწრაფი გზაა. ასეთ შემთხვევაში კი მონტაჟის საფასური, 1 მეტრის გათვალისწინებით, 10-15 ლარია. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ადგილზე დამატებითი ხელოსნის დაქირავება ხდება, მხოლოდ პროფილის ინსტალაცია, 1 მეტრის გათვალისწინებით, 20  ლარს შეადგენს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

“სად შევისწავლი არქიტექტურას?” – რატომ არ უნდა დასვათ ეს კითხვა თუ მართლა არქიტექტორობა გსურთ

წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა – 5 კომპანია, რომელიც ამ მომსახურებას გაგიწევთ