ნილსი და კაისა სტრინინგები, არქიტექტორები სტოკჰოლმიდან, აპროექტებდნენ სკამებსა და სხვადასხვა სახის ავეჯს, თუმცა განსაკუთრებით პოპულარულები მას შემდეგ გახდნენ, რაც თაროების სისტემა შექმნეს. დღეს String Furniture მოიაზრება როგორც სკანდინავიური ავეჯის საერთაშორისო ბრენდი, რომელიც სწორედ ამ უნიკალური თაროებით გახდა ცნობილი.
ნილსი 30 წლის იყო, როდესაც მისმა მეუღლემ ჭურჭლის გამშრალება სთხოვა, რა დროსაც მიხვდა, რომ სტანდარტული ქსოვილები ჭურჭელზე ლაქებს ტოვებდა და გადაწყვიტა პლასტმასის თაროს დიზაინი შექმნა, რომელიც გაუძლებდა ნესტს და წყლის წვეთების მოხვედრის შემთხვევაში არ დაიჟანგებოდა.
სამი წლის შემდეგ სტრინინგმა მონაწილეობა მიიღო Bonnier-ის კონკურსში, სადაც ფოლადის მავთულებისგან შექმნილი თაროს ესკიზი წარადგინა და მალევე საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა. ამ დროს Bonnier-ის საჯარო ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ შვედეთის სახლების უმეტესობაში არ იყო შესაბამისი თაროების სისტემა, რაც წიგნების ყიდვის პროცესს საგრძნობლად უშლიდა ხელს, სწორედ ამიტომ 1949 წელს გამოაცხადეს კონკურსი, სადაც დიზაინერებს თაროების მყარი და კომფორტული სისტემის შექმნა სთხოვეს.
1950 წლიდან დიზაინერის ცხოვრებაში გლობალური წარმატების ეპოქა დაიწყო. 1954 წელს Triennale Di Milano-ს ღონისძიებაზე ოქროს მედლით დააჯილდოვეს, ხოლო მოგვიანებით, შვედეთში, H55 გამოფენაზე გამოჩნდა, რომელიც იმ დროს თითქმის მთელი მსოფლიოს ყურადღებას იქცევდა. ამ გამოფენას გაყიდვების გლობალური ზრდა მოჰყვა და ბრენდის წლიური ბრუნვა 80000-დან 26 მილიონ ფუნტამდე გაიზარდა.
1974 წელს თაროების წარმოება შეწყდა და ნილსის ბრენდის გაყიდვებიც შემცირდა, თუმცა 2006 წელს სტოკჰოლმის ავეჯის ბაზრობაზე ის პირადად ხელმძღვანელობდა String Furniture-ის დაბრუნების პროცესს. აქედან დაიწყო ბრენდის ხელახალი აღორძინება. ამ მოვლენიდან სამი თვის შემდეგ ნილსი გარდაიცვალა, თუმცა მის მიერ შექმნილი ბრენდი დღემდე ისეთივე გავლენიანია, როგორიც მის სიცოცხლეში.
დღესდღეობით ბრენდი თაროების სისტემის გარდა აწარმოებს კომოდებს, იატაკის პანელებსა და სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ავეჯს.